როგორი ამინდი იქნება 11 ოქტომბრამდე საქართველოში
1728408212
საბჭოთა კავშირში დახვრეტის მუხლი მოქმედი იყო და სიკვდილით სჯიდნენ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. თუმცა, ქალების განაჩენი სისრულეში მხოლოდ სამჯერ მოიყვანეს და ერთ-ერთი ქალი, ვინც დახვრიტეს, ციხის ჯალათი გახლდათ.
ორმოცი წლის წინ, სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს ჯალათ ქალს, რომელსაც ტონკა პულემიოტჩიცას ეძახდნენ.
მისი მსხვერპლთა რაოდენობა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 2 ათასამდე ადამიანია, რამაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ქალი მკვლელის სახელი დაუმკვიდრა.
ანტონინა გინზბურგი (მაკაროვა) გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯალათი-კოლაბორანიოსტი, რომელიც მოქმედებდა დიდი სამამულო ომის დროს, საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მისი ცხოვრება ისეთი მითიურია, რაც საკმაოდ რთულია იმის გაგება, თუ ვინ იყო სინამდვილეში ტონკა.
ანტონინა მაკაროვას დაბადების თარიღი და ადგილი კი სადავოა. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, იგი დაიბადა 1920 წლის 1 მარტს, სმოლენსკის პროვინციის სოფელ მალაია ვოლკოვკაში.
ანტონინას ნამდვილი გვარი პანფილოვა იყო. როდესაც ის სკოლაში შევიდა, სავარაუდოდ, მისი მამის – მაკარის სახელი გვარად ჩაუწერეს და ასე შერჩა მაკაროვა.
1930-იან წლებში ანტონინა მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. 1941 წლის აგვისტოში იგი კომკავშირული საგზურით სამხედრო კომისარიატში გაგზავნეს. მისი ერთ-ერთი პირველი სამსახური სამხედრო ნაწილის ბუფეტი იყო, საიდანაც გადაიყვანეს სამედიცინო ოფიცრის თანამდებობაზე, ქვეით პოლკში.
ვიაზემსკის ოპერაციის დროს მაკაროვა ტყვედ ჩავარდა, სადაც შეხვდა ჯარისკაც ფედჩუკს. მათ შორის ინტიმური ურთიერთობა განვითარდა.
ანტონინა მიხვდა, რომ გერმანელების მხარეს გადასული ადამიანები გაცილებით კომფორტულად ცხოვრობდნენ და შეყვარებულთან ერთად გაქცევა გადაწყვიტა. ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს კიდეც, ტყვეთა ბანაკიდან გაიპარნენ და ბრაზოვის რაიონის სოფელ კრასნი კოლოდეცში გაემგზავრნენ.
მშობლიურ სოფელში მისვლის შემდეგ ფედჩუკმა ქალი მიატოვა და ოჯახში დაბრუნდა.
მაკაროვა გარკვეული დროით ცხოვრობდა მოხუც ქალთან, სახელად ნიურა. კრასნი კალოდეცი სოფელ ლოკოტის გვერდით მდებარეობდა, სადაც კოლაბორისტული რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი იყო განთავსებული.
ვიღაცამ ანტონინა წარუდგინა გერმენელების დაქვემდებარებაში არსებული ლოკოტსკის პოლიციის უფროსის მოადგილეს, გრიგორი ივანოვ-ივანინს. მან 1941 წლის დეკემბერში მაკაროვა სამსახურში წაიყვანა და საყვარლადაც დაისვა.
ანტონინა მონაწილეობდა რამდენიმე სადამსჯელო ოპერაციაში. ერთ-ერთი მათგანის დროს, ანტონინამ შემთხვევით კინაღამ პოლიციის უფროსს – შეყვარებულის ნათესავს ესროლა, რის შემდეგაც იგი სამუშაოდ ციხეში გადაიყვანეს.
მაკაროვა დაცვის იმ თანამშრომელთა შორის იყო, რომლისგანაც შეიქმნა ჯალათთა რაზმი და აღასრულებდა საოკუპაციო ხელისუფლების მიერ დადგენილ სასჯელს.
ანტონინას მისცეს ავტომატი და ტყვიამფრქვევი. მონაწილეობდა საბჭოთა პარტიზანებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილით დასჯაში და მალევე მიიღო მეტსახელი ტონკა პულემიოტჩიცა.
ანტონინას მხოლოდ პირველად გაუჭირდა კაცის მოკვლა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გერმანელებმა პირველი დახვრეტის დროს სითამამისთვის ანტონინას არაყი დაალევინეს, თუმცა შემდგომ სასმელი აღარ დასჭირვებია.
ომის შემდეგ მაკაროვა გათხოვდა და ქმრის გვარი – გინზბურგი აიღო.იგი კარგა ხანი იმალებოდა ჯერ ბელორუსიაში, შემდეგ კი რუსეთში – ბრიანსკში და განაგრძობდა ცხოვრებას, როგორც რიგითი სანიმუშო საბჭოთა მოქალაქე. სუკმა მის კვალს 1976 წელს მიაგნო.
ორწლიანი დაკვირვების, თვალთვალისა და მასალების შეგროვების შემდეგ ანტონინა მაკაროვა დააკავეს. 1978 წლის 20 ნოემბერს ბრიანსკის სასამართლომ მას სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა, განაჩენი 1979 წლის 11 აგვისტოს აღსრულდა.