სულისშემძვრელი ისტორიის ბედნიერი დასასრული - როგორ ცხოვრობს დღეს გოგო, რომელიც ქართველმა ქირურგმა გადაარჩინა

eqimi

ბევრ თქვენგანს ემახსოვრება, ქართველი ექიმისა და ლიტველი გოგონას ამბავი, რომელმაც 37 წლის წინ საბჭოთა კავშირი შეძრა.

მაშინ მთელი საბჭოთა კავშირი ლაპარაკობდა 30 წლის ქართველი ქირურგის, რამაზ დათიაშვილის მიერ ჩატარებულ უნიკალურ ოპერაციაზე და მის მიერ გადარჩენილ, ლიტველ გოგონაზე.

37 წლის წინ, სამი წლის რასა პრასცევიციუტეს ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. გოგონას მამამ, კომბაინის ბასრი ცელით, შემთხვევით, ორივე ფეხის ტერფი მოაჭრა.

გოგონა სასწაულით გადაარჩინეს – 12 საათში ლიტვის კოლექტიური მეურნეობიდან მოსკოვში წაიყვანეს, სადაც მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა.

რასა ახლა 40 წლისაა და ამ ამბავს, მხოლოდ ნაწიბურები ახსენებს.

“მა­შინ ყვე­ლა­ზე მო­სა­წყე­ნი, „რუხი“ ცხოვ­რე­ბა გვქონ­და, ამი­ტომ ხალ­ხს ძა­ლი­ან უნ­დო­და კარ­გი ის­ტო­რი­ის მოს­მე­ნა და მათ ეს ის­ტო­რია მო­ის­მი­ნეს”, – იხსენებს ქართველი ქირურგი ერთ-ერთ ინტერვიუში.

საბჭოთა ლიტვაში ერთი პატარა გოგონა რასა ცხოვრობდა. რასას მამა ჩვეულებრივი ტრაქტორისტი იყო, რომელიც კომბაინზე მუშაობდა.1983 წლის 17 ივლისი რასასთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ყანაში მოთამაშე გოგონას, მამამ, კომბაინის ბასრი ცელით, შემთხვევით, ორივე ფეხის ტერფი მოაჭრა. სამი წლის გოგონას, უეჭველი დაღუპვა ელოდა სისხლის დაკარგვისა და ტრავმული შოკისაგან.

სოფელში არც ტელეფონი იყო და არც სასწრაფო დახმარების სადგური… მაგრამ იმის წყალობით, რომ მთელი ლიტვა და მოსკოვი ფეხზე დადგა ბავშვის გადასარჩენად, მოხდა სასწაული – 12 საათის შემდეგ პატარა გოგონა მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს საოპერაციო მაგიდაზე იწვა.

თვითმფრინავი იმ ავბედით ღამეს საგანგებო რეისს ასრულებდა: დისპეჩერებმა იცოდნენ, რომ მის ბორტზე ფეხებმოჭრილი სამი წლის გოგონა იმყოფებოდა, ამიტომ გულმოდგინედ ცდილობდნენ საჰაერო კორიდორი გაეთავისუფლებინათ.

პატარა რასა მოთმინებით ელოდა შველას, მის გვერდით სავარძელში კი გაყინული თევზით სავსე ყუთში მოჭრილი ფეხის ტერფები ეწყო.

მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავს უკვე ელოდა „სასწრაფო დახმარების” მანქანა, ხოლო ბავშვთა ქირურგიული განყოფილების მისაღებში ახალგაზრდა ქირურგი რამაზ დათიაშვილი მოუთმენლად ელოდა პაწაწინა პაციენტის მოსვლას.

შემდგომში ქირურგი იხსენებდა: „ხელმძღვანელობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ ოპერაციის ჩატარების: ასეთი ოპერაციის პრეცედენტი საბჭოთა კავშირში არ არსებობდა.

ცუდი რამ რომ მომხდარიყო, კარგი დღე არ მელოდა, ტრაგედიის მომენტიდან უკვე 12 საათი იყო გასული, მაგრამ მე გადავწყვიტე გამერისკა”.

და აი, პატარა რასა საოპერაციო მაგიდაზეა, დათიაშვილი ფეხებს ითხოვს: – სადაა ფეხები?- ყვირის ის…ყუთიდან ამოღებულ პაწაწინა ფეხის ტერფებს, გამდნარი თევზი ამოყვა და საოპერაციო ოთახის იატაკზე დავარდა…

“ოპერაცია ერთი ამოსუნთქვით ჩატარდა – ერთიმეორის მიყოლებით ვაკერებდი ერთმანეთს თითოეულ ძარღვს, თითოეულ მყესს, არტერიებს, ნერვებს, კუნთებს”,- იხსენებს ქირურგი.

ოთხი დაძაბული საათის შემდეგ რამაზს მარტო მოუხდა ოპერაციის გაგრძელება, მისმა თანაშემწეებმა ვერ გაუძლეს ასეთ ნერვულ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას. ის მარტო განაგრძობდა კერვას-კიდევ ერთი მყესი, ნერვი და… ოპერაციაც დასრულდა.

9-საათიანი დაძაბული ოპერაციის შემდეგ, როცა ახალგაზრდა ქირურგი უკანასკნელ ნაკერებს ადებდა, პაწაწინა ფეხები მის ხელში გათბა და მაშინ რამაზ დათიაშვილი მიხვდა, რომ მან გაიმარჯვა.

ბევრ თქვენგანს ემახსოვრება, თუ როგორ თანაუგრძნობდა პატარა რასას, მაშინ მთელი საბჭოთა კავშირი. ამბობენ, რომ როცა გოგონამ პირველი ნაბიჯები გადადგა, ქირურგი რამაზ დათიაშვილი სიხარულისაგან ატირდა.

რასა ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში ქალაქ ტროიდორფში. ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი. არასდროს ავიწყდება ახალგაზრდა ქირურგი, რომელმაც ის სიკვდილისაგან, ან უკიდურეს შემთხვევაში, სამუდამო ინვალიდობისაგან იხსნა.

ქართველი ქირურგი, რომელმაც, მართლაც რომ სასწაული მოახდინა, საბჭოთა კავშირის დანგრევისთანავე, საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.

37 წლის შემდეგ, სააგენტო „proexpress“-თან ინტერვიუში, რასა უბედური შემთხვევის დეტალებს იხსენებს და პირად ცხოვრებაზე საუბრობს.

როგორც თავად იხსენებს, 2008 წელს, ერთ–ერთ დისკოთეკაზე, რასა მომავალ მეუღლეს ეფრემ სეტს შეხვდა. თავდაპირველად, შეყვარებულს მოუყვა მისი წარსულის შესახებ. იგი ცდილობდა ნაწიბურების დამალვას.

„მკითხა, ავარიაში მოყევიო? – ვუთხარი არა-მეთქი“.

რასას და ეფრემს შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ, ქალიშვილი ილიანა შეეძინათ. ბავშვობაში მიღებული ტრავმის მიუხედავად, გოგონა თავს, აბსოლუტურად, ჯანმრთელ ადამიანს უწოდებს. ის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს.

„თუ მთელი დღე ფეხზე ვდგავარ, საღამოს მაწუხებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ნორმალურია. ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება ეს დაემართოს, ამიტომ ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო.

სირბილიც კი შემიძლია. ასე რომ, არანაირი შეზღუდვა არ მაქვს, მე ჯანმრთელი ადამიანი ვარ”, – ამბობს გოგონა. რასას ბავშვობისა და ტრაგედიის შესახებ, თითქმის არაფერი ახსოვს.

„ყველაფერი წაშლილია, საერთოდ არაფერი მახსოვს საავადმყოფოს, ლიტვის სანატორიუმისა და ბებია კატიას გარდა, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი.

სამაგიეროდ, კარგად მახსოვს ჩემი ექიმი, რამაზ დათიაშვილი. ჩვენ კვლავ ვუკავშირდებით ერთმანეთს. ადრე მითხრა, რომ ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით და ერთად ვიცეკვებთ”, – ამბობს რასა.

დათაშვილი ამჟამად, მიკროქირურგის, ნიუ ჯერსის რატგერსის უნივერსიტეტის პლასტიკური ქირურგიის განყოფილების ქირურგიის პროფესორია. იგი 1991 წელს აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, ემიგრაციის მიზეზები, ამ ეტაპზე უცნობია.

ამასთან, მისმა ნაცნობებმა, რომლებიც ვინაობას არ ასეხელებენ, ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს შური, რომელიც ქირურგის მიმართ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან ოპერაცია ჩაატარა.

„მას სურდა, რომ კარგად შეესრულებინა თავისი საქმე, მაგრამ იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა”.

რასას არასდროს ავიწყდება ქართველი ექიმი და ამბობს, რომ ამ ადამიანს, „ოქროს ხელები“ აქვს. იგი ასევე მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ საშინელ დღეებში დაეხმარა. თუმცა, მისი აზრით, ასეთი სცენარის განმეორება, უბრალოდ შეუძლებელია.

ამბობს, რომ მშობლიური რესპუბლიკისგან განსხვავებით, გერმანიაში მისი ისტორიის შესახებ, არავინ იცის.

”როდესაც ლიტვაში ჩავდივარ, ხშირად ავტობუსის გაჩერებასთან მოდიან და მეუბნებიან, ჩვენ გცნობთ თქვენ. კმაყოფილი ვარ, ყურადღებისთვის. გერმანიაში კი, არავინ მიცნობს და ამიტომ, ჩემი წარსულის დამალვა შემიძლია.

ზოგჯერ, როცა ჩემ ნაწიბურებს ხედავენ, ზურგს უკან ჩურჩულებენ: – „შეხედეთ! ეს რა არის, რისგან დაემართაო”. ჩემმა ქმარმა მითხრა, ასეთ შემთხვაში, მე ვიტყოდი, რომ ნიანგმა მიკბინაო, ”- იცინის რასა.