სტაფილო, კვერცხი და ყავა - რა მსგავსებაა მათსა და ადამიანთა ტიპებს შორის

agg

ამგვარი სიბრძნეები ბევრ რამეს გვასწავლის და გვაფიქრებს ჭეშმარიტებაზე. აბა, აქამდე დაფიქრებულხართ, რა საერთო და განსხვავება შეიძლება ვიპოვოთ მოხარშულ სტაფილოს, კვერცხს და ყავას შორის? 

აბა, მიჰყევით.

ერთხელ მოსწავლემ მოხუც მასწავლებელს თავისი პრობლემებისა და რთული ცხოვრების შესახებ შესჩივლა და დახმარება სთხოვა. მასწავლებელმა ყურადღებით მოუსმინა მოსწავლეს, შემდეგ კი პასუხის ნაცვლად სამი წყლით სავსე ქვაბი შემოდგა ცეცხლზე.

ერთ ქვაბში სტაფილო ჩადო, მეორეში კვერცხი, მესამეში კი ყავა ჩაყარა. ცოტა ხანში ბრძენმა ქვაბებს სახურავები მოხადა, პირველი ორი ქვაბიდან ამოიღო სტაფილო და კვერცხი, მესამე ქვაბიდან ყავა ფინჯანში დაასხა და მოსწავლეს მიუბრუნდა:

- რა შეიცვალა?

- კვერცხი და სტაფილო მოიხარშა, ყავა კი წყალში გაიხსნა – უპასუხა მოსწავლემ.

- არა, ეს სიტუაციის ძალზე ზედაპირული ჭვრეტაა, სწორედ ასე უდგება ადამიანების უმრავლესობა ცხოვრებას, რის გამოც ვერასოდეს ხდებიან ბედნიერები – გულისტკივილით ჩაილაპარაკა ოსტატმა.

რამდენიმე წამში კი განაგრძო: წყალი – ეს ჩვენი ცხოვრებაა, ცეცხლი არასასიამოვნო გარემოებები და ცვლილებებია, ხოლო სტაფილო, კვერცხი და ყავა კი ადამიანთა ტიპებია.
დააკვირდი – მკვრივი სტაფილო წყლის ადუღების შემდეგ დარბილდა. ასეა ამ ტიპის ადამიანიც, ის მხოლოდ ჩვეულებრივ და უსაფრთხო სიტუაციებში არის "მაგარი", რთულ პირობებში ის რბილდება და კარგავს სიმყარეს. ასეთი ადამიანი ადვილად ნებდება ცხოვრებას.


სათუთი და სუსტი კვერცხი პირიქით გამაგრდა. ამ ტიპის ადამიანი თავიდან საკმაოდ სუსტი და რბილია, თუმცა რთულ პირობებში ის მყარი და სტაბილური ხდება და ადვილად არ ნებდება ცხოვრებას.
თუ გარეგნულად შევხედავთ ორივეს, თითქოს არაფერი შეცვლილა, ისინი ისევ ისე გამოიყურებიან როგორ მოხარშვამდე, უბრალოდ მათ ძლიერი ზემოქმედების, სტრესისა და წნეხის გამო [ადუღებულ წყალში ხარშვა] სტრუქტურა შეიცვალეს.

აქვე მინდა იმასაც დაუკვირდე, რომ ეს ზემოქმედება ორივესთვის ერთნაირი იყო, მაგრამ მკვრივი სტაფილო დარბილდა, სუსტი კვერცხი კი გამაგრდა.

სწორედ ასევე ხდება ადამიანებშიც, გარეგნულად ძლიერი ადამიანები, რომლებიც ასეთ ნიღაბს ირგებენ, პირველი დარტყმისთანავე ტყდებიან და ნებდებიან, სუსტები კი, პირიქით ძლიერდებიან.

- გასაგებია, ოსტატო, მაგრამ ყავა რა შუაშია აქ? – გაიკვირვა მოსწავლემ.

- ოოო! ეს ყველაზე საინტერესოა. ყავა გაიხსნა მისთვის არაკომფორტულ გარემოში და შეცვალა ის. მან უფერული და უგემური ადუღებული წყალი უგემრიელეს არომატულ სასმელად აქცია.
ცხოვრებაშიც ასეა – არიან განსაკუთრებული ადამიანები, უბრალოდ მათი რაოდენობა ძალზე მწირია. ამ ადამიანებს არ აშინებთ პრობლემები, სირთულეები და სოციალური წნეხი. ისინი თავად ქმნიან ამინდს გარშემო. ანუ ასეთ ადამიანს მიუხედავად რთული გარემო-პირობებისა და დიდი პრობლემებისა, შეუძლია თამამად მიიღოს ცხოვრებისეული პრობლემა და საკუთარი რთული ყოფა უკეთესობისაკენ შეცვალოს.