1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
1953 წლის 14 ივნისს, წალენჯიხაში, რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას მშობლიური სოფლის, ობუჯის თავზე კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომლითაც მისი მეუღლე, ქართული კინოს ლეგენდა ნატო ვაჩნაძე მგზავრობდა. მსახიობის დამწვარი სხეული მისმა დამ, კირამ საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო.
ეს იყო საქართველოში აქამდე მომხდარი ყველაზე მსხვილი საავიაციო კატასტროფა.
იმ დღეს, 49 წლის ნატო ვაჩნაძე მოსკოვიდან თბილისში მოფრინავდა. 14 ივნისი მისი დაბადების დღე იყო და უნდოდა, თბილისში ყოფილიყო, თავის უმცროს შვილთან.
დოკუმენტების თანახმად, ბორტზე 10 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, ანუ მხოლოდ 16 ადამიანი. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ბორტზე კიდევ ორი უბილეთო მგზავრი იმყოფებოდა: საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ფლოტის საქართველოს ტერიტორიული სამმართველოს მთავარი ინჟინრის რვა წლის ქალიშვილი, რომელიც მოსკოვში ჩასვეს, ხოლო მეორე როსტოვში დაჯდომის შემდეგ აიყვანეს Ли-2-ის პილოტი .
ექსპერტიზის დასკვნა
დიდი ალბათობით, თვითმფრინავს მეხი დაეცა, რის შემდეგაც ნაწილობრივ ეკიპაჟი დაზიანდა, თვითმფრინავი უკონტროლო გახდა, ან პიკირებაში შევიდა, თუმცა ვარდნის პროცესში ეკიპაჟმა გონზე მოსვლა მოახერხა და შეეცადა, თავიდან აეცილებინა მიწასთან შეჯახება, რა დროსაც 300 მეტრის სიმაღლეზე შეძლეს შტურვალის კონტროლი, აიძულეს ხომალდს ცხვირი აეწია, ამ მანევრის დროს მოხდა გადატვირთვა, რომელმაც კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა, რის შემდეგაც თვითმფრინავს ორივე ფრთის კონსოლი მოსძვრა, ფრთების მნიშვნელოვანი ნაწილების დაკარგვის შემდეგ, თვითმფრინავმა ფრენა ვეღარ გააგრძელა, ამიტომ ფუზელაჟი მომუშავე ძრავებით ვერტიკალურად დაენარცხა მიწაზე, იგი დაიშალა და დაიწვა. ფრთების ცალკეული ნაწილები კატასტრორფის ადგილიდან 50 და 120 მეტრის დაშორებით ეყარა.
ქართველი მეგა ვარსკვლავის დაღუპვის დღეს იხსენებს მისი ძმის შვილი კირა ანდრონიკაშვილი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ბავშვი იყო, თუმცა მისივე თქმით, მაშინ განვითარებული მოვლენები კარგად ახსოვს.
კირა ანდრონიკაშვილი:
პირველ ივნისს, მამას დაბადების დღეზე, ვერ მოახერხა მოსვლა და მეორე დღეს მოვიდა. ჩვენი ოჯახი იმ დროს, ვერაზე (51 -ე სკოლასთან, ვერის პარკის წინ) ცხოვრობდა.
მეზობლის ხმა შემომესმა, - ნატო მოდის, ნატოო! ფანჯრიდან გავიხედე და ნატო დავინახე - იასამნის თაიგული ეჭირა ხელში, სასწაულად ლამაზი იყო. კიბეზე რომ ამოდიოდა, ყველა სართულზე კარი იღებოდა და ხალხი ეგებებოდა...
შემდეგი კადრი მახსოვს, სახლიდან რომ გადიოდა. კარებთან მოტრიალდა და გვითხრა, ხვალ მოსკოვში მივფრინავ, მაგრამ ჩემ დაბადების დღეზე, აუცილებლად თქვენთან ვიქნებიო.
ტელეფონი არ გვქონდა და მისი ჩამოსვლის წინა დღეს, მეზობლისგან დავურეკეთ კირას. გვითხრა, რომ ბილეთი ვერ იშოვა და, სავარაუდოდ, ვერ გამოფრინდებაო.
როგორც შემდეგ გაირკვა, ნატოს აეროპორტში, მამას ახლობელი კაცი შეხვდა, რომელმაც გაიგო, რომ ვერ მოფრინავდა და საკუთარი ბილეთი დაუთმო.
ნატოს კირასთან დაურეკავს და უთქვამს, მატარებლით ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ თვითმფრინავის ბილეთი ვიშოვე და მოვფრინავო.
კარგად მახსოვს ის დღე - ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ცას შევცქეროდი. სასწაული ჭექა-ქუხილი იყო, ცა იყო შავი! - ეს ყველაფერი მაშინებდა, რადგან ვიცოდი, რომ ის ცაში იყო.
კირა მამიდას აეროპორტში დაურეკავს, უთქვამთ, ისეთი საშინელი ამინდია, თვითმფრინავი აეროპორტში ვერ დაჯდა და სოხუმში გაფრინდაო.
სოხუმშიც ჭექა-ქუხილი ყოფილა და ვერც იქ მოახერხა პილოტმა თვითმფრინავის დასმა. ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდი, ვერაფერი გავარკვიეთ. ბოლოს გვითხრეს, რომ თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა და აფეთქდაო. სავარაუდოდ, თვითმფრინავს საწვავი გამოელიაო.
მამიდა კირა და ოჯახის წევრები, იმ დღესვე გაემგზავრნენ იმ ადგილას, სადაც თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
ეს მოხდა სამეგრელოში, სოფელ ობუჯთან, სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა. საშინელი ტრაგედია ტრიალებდა, ყველა საკუთარ მიცვალებულს ეძებდა. კირამ, ჯერ მამიდას თმა ამოიცნო და შემდეგ, მისი თითი, რომელზედაც ფირუზისთვლიანი ბეჭედი ეკეთა.
რომ შევიტყვე, მამიდა აღარ არის, ნერვიულობის გამო, სიცხემ ამიწია. ამიტომ, მის პანაშვიდებს არ დამასწრეს, მაგრამ დასაფლავებაზე ვიყავი. მახსოვს, უამრავი ხალხი, სახლის სახურავებზეც კი იდგნენ. ეს ყველაფერი, არქივის მასალებშია აღბეჭდილი.
რამდენიმე წლის წინ, გადაღებაზე, ზუსტად იმ სოფელში მოვხვდი, სადაც თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ერთ-ერთმა მცხოვრებმა, მოხუცმა კაცმა, რომელმაც არც კი იცოდა, რომ ნატოს ძმისშვილი ვიყავი, ის ტრაგიკული ისტორია გაიხსენა და მაჩვენა ადგილი, სადაც თვითმფრინავის აფეთქება მოხდა.
ამბობდა, კატასტროფისას, საშინელი კივილის ხმა ისმოდაო. იმ ადგილას, წარწერაც კი არის - „აქ დაიღუპა ნატო ვაჩნაძე“.