სექტანტებმა 10 წლის გოგონა შიმშილით მოკლეს, დედა კი ამტკიცებდა, რომ გარდაცვალება კანფეტმა გამოიწვია

სექტანტი

ისტორია, რომელიც 10 წლის გოგონას ეხება ნოვოსიბირსკის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 

ოჯახი ერთი შეხედვით შესანიშნავად ცხოვრობდა. 3 შვილის დედა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბავშვებს უვლიდა და მეზობლებსაც მათი ოჯახი სამაგალითოდ მიაჩნდათ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, რეალობა სულ სხვანაირი ყოფილა. 

ქმრის სიკვდილი ქალმა განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვა. ცხოვრების გაგრძელება გაურთულდა და ხსნა და ნუგეში რელიგიაში იპოვა. მალე იოგასაც მიმართა, მანტრებითა და ინდუისტური თემებით დაინტერესდა. თუმცა, კლასიკურ ინდუიზმთან იმას, რასაც ქალი აკეთებდა, საერთო არაფერი ჰქონდა. სავარაუდოდ, ის სექტანტთა ერთ-ერთ ჯგუფს შეუერთდა. 

ერთ დღეს ბავშვების სახლში უცნაური წყვილი გამოჩნდა. სავარაუდოდ, ისინი იმ სექტიდან იყვნენ, რომელშიც ქალი გაწევრიანდა. მრავალშვილიანი დედა სახლიდან გაემგზავრა. მან ბავშვები ახალ მეგობრებს - ოლეგ და ანა გოლდინებს დაუტოვა. 

ვიდრე დიასახლისი სახლში არ იყო, ოლეგმა და ანამ მიიჩნიეს, რომ 10 წლის ბავშვი ბნელი ძალებით იყო შეპყრობილი და მიზნად დაისახეს, რომ ბავშვი ამ ძალებისგან უნდა გათავისუფლებულიყო. ბავშვი, ფაქტობრივად, შიმშილობდა. ქუჩაში არ უშვებდნენ და მასზე ფიზიკურადაც ძალადობდნენ. 

ფოტოზე: ერთ-ერთი სექტანტი

გოგონას უფროსი ძმა და უმცროსი და ოთახებში იმალებოდნენ და ცდილობდნენ წყვილის ყურადღება ზედმეტად არ მიექციათ.

როდესაც ბავშვის დედა სახლში დაბრუნდა, მისი შვილი უკვე სიკვდილის პირას იყო. დედამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა გოგონას გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ქალი საკუთარ მეგობრებს მაინც იცავდა და ამბობდა, რომ ბავშვმა ბევრი კანფეტი ჭამა, მოიწამლა და სწორედ ამან გამოიწვია მისი გარდაცვალება. შემთხვევა ივნისის შუა რიცხვებში მოხდა. დედამ ბავშვები სექტანტ მეგობრებთან 14-17 ივნისის პერიოდში დატოვა.

გოლდინები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ არავინ მოუკლავთ. თუმცა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი სექტანტები არიან და ერთ-ერთი რიტუალის ჩატარებამ 10 წლის გოგონას გარდაცვალება გამოიწვია. განწმენდის რიტუალში, სავარაუდოდ, ბავშვის ჭინჭრით ცემაც შედიოდა.

გოლდინების ბედს ახლა სასამართლო გადაწყვეტს. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. რაც შეეხება ბავშვის დედას, ვიდრე მეურვეობის საკითხები გაირკვევა, სოციალური სამსახური მისი და მისი შვილების მდგომარეობით ყოველდღიურად ინტერესდება.