როგორ დავიხსნათ თავი ბანკების „შავი სიიდან“

სესხი

2023 წელს ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 7%-ით შემცირდა.

„ე.წ. შავი სია, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე ცნობილია, არ არსებობს, მაგრამ არსებობს საკრედიტო ჩანაწერი და როდესაც ვადაგადაცილებული სესხი ფიქსირდება, თუნდაც ერთი დღის, იგი ავტომატურად ეგზავნება კრედიტინფოს და ბაზაში ისახება“, - ამბობს  „კრედიტინფოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ლაშა ბაღათურია.

ლაშა ბაღათურია ასევე განმარტავს, თუ რის შემდეგ ხდება ვადაგასული სესხების ბაზიდან ინფორმაციის წაშლა: „ეს ჩანაწერი მანამ რჩება, სანამ მსესხებელი არ დაფარავს ვადაგადაცილებას. ბაზიდან ვადაგადაცილების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ იშლება, რაც მსესხებელი სესხს სრულად დაფარავს და დაფარვიდან 5 წელი გავა.“

ამასთან, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 2023 წელს, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 7%-ით შემცირდა და სიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი, სამომხმარებლო სესხები მოხვდნენ.

„2023 წელს ეს მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ვადაგადაცილებული სესხების სიაში, რაოდენობრივად, ყველაზე მეტად ხვდებოდნენ სამომხმარებლო სესხები, მაგრამ თუ თანხების მოცულობით შევხედავთ, ამ კუთხით, ბიზნეს სესხები ლიდერობენ, თავისთავად, რადგან ისინი კორპორატიულ სესხებში შედიან“, - აღნიშნა ლაშა ბაღათურიამ.

ცნობისთვის, საქართველოში მსესხებლების 10,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 201 047 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 383 830 -ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 042 932 474 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.

საერთო ჯამში, დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 928 641 ადამიანს აქვს, ჯამში 44 104 324 482 ლარის მოცულობის.

წყარო: