„სასწაული მოხდა, ივლისის მცხუნვარე მზეში, მამა ანდრიას სხეული უხრწნელი დარჩა, ის ცოცხალივით ესვენა...“ - 27 წლის ბერის ისტორია, რომელიც აფხაზეთში დაიღუპა

ანდრია ყურაშვილი

პაატა ყურაშვილი დაიბადა 1966 წლის 3 აპრილს, ქ. ბაღდადში, ელგუჯა და ლამარა ყურაშვილების მრავალშვილიან ოჯახში. ის იყო ოჯახის მეოთხე შვილი და პირველი ვაჟიშვილი. 8-წლიანი სასკოლო განათლების მიღების შემდეგ გამოვიდა სკოლიდან და მუშაობა დაიწყო მავთულბადის საამქროში, პარალელურად სწავლა განაგრძო პროფტექნიკურ სასწავლებელში. 1984-1986 წლებში უნგრეთში გაიარა საბჭოთა ჯარის სამსახური. ჯარიდან დაბრუნებული ის რამდენიმე ხანში ოჯახის თანადგომის მიზნით სამუშაოდ გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც ერთ წელიწადში დაბრუნდა.

საქართველოში მისი დაბრუნება დაემთხვა ეროვნული მოძრაობის აღმავლობის ხანას. პაატამ გამოავლინა დიდი ინტერესი ქრისტიანული სარწმუნოებისადმი, მოინათლა მართლმადიდებლური წესით, მოხდა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება და იპოვა საკუთარი მოწოდება. სულ მალე მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი ცხოვრება ღვთის სამსახურს მიუძღვნას.

ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, პაატამ დატოვა მშობლიური სახლი და დაადგა სასულიერო გზას. ის დამკვიდრდა აჭარაში, სხალთის წმინდა ანდრია მოციქულის მონასტერში. 1992 წლის 3 აპრილს, დაბადების დღეზე, პაატა ყურაშვილი ბერად აღკვეცეს და ანდრია უწოდეს. ხოლო იმავე წლის აგვისტოში მღვდელ მონაზვნად აკურთხეს და სხალთის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. აქ მამა ანდრია შეხვდა არქიმანდრიტ დანიელს (შემდგომში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი) და მისი სულიერი ხელმძღვანელობით განაგრძო მოღვაწეობა. მამა ანდრია ასკეტურად ცხოვრობდა, ის მუდამ ღმერთზე ფიქრობდა, მას სურდა თავისი ბერული ღვაწლით დიდი წმინდა მამების ტოლი და ღირსი გამხდარიყო.

ამასობაში აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. მამა ანდრიას მოძღვარი არქიმანდრიტი დანიელი ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავრად დანიშნეს და ის სოხუმში გაემგზავრა. მამა ანდრიას უნდოდა, რომ თავის მოძღვართან ახლოს ყოფილიყო, ამიტომ მან თხოვნით მიმართა მეუფე დანიელს, რომ იგი სოხუმში გადაეყვანა. 1993 წლის თებერვალში მამა ანდრია უკვე სოხუმშია, ხოლო სულ მალე მას კამანის წმინდა იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვრობა დაავალეს.

აფხაზები ვერ ახერხებდნენ პირდაპირი გზით სოხუმში შესვლას, რადგან გუმისთა საფუძვლიანად იყო გამაგრებული, ამიტომ ისინი ცდილობდნენ შემოვლითი გზით აეღოთ კამანი და მოეხდინათ ქალაქზე შტურმი. ამისათვის მათ, ეშერიდან კამანამდე 15-20 დღის განმავლობაში, გზაც კი გაიყვანეს, რათა მიუვალ ადგილებში სამხედრო ტექნიკა თავისუფლად გაეტარებინათ, მაგრამ მაშინ კამანელთა გაფრთხილების მიუხედავად, ქართულ მხარეს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. კამანი ძირითადად სვანებით დასახლებული ტერიტორია იყო. სოფლის მკვიდრმა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით მტრის ოთხი შემოტევა მოიგერია, ყველამ კარგად იცოდა, რომ კამანის დაცემა სოხუმის დაცემას ნიშნავდა.

მამა ანდრიას კამანში, როცა ის ეკლესიის მოძღვრად დანიშნეს, მძიმე ვითარება დახვდა. უნდა ითქვას, რომ მამა ანდრიას გამოჩენას კამანში დიდი სიხარულით შეხვდა იური ანუა და მისი ოჯახი, ის ანუებმა ღვთის მიერ მოვლენილ ნუგეშად მიიღეს, მამა ანდრია დაუღალავად ასრულებდა ღვთისმსახურების წესს, ამხნევებდა მეომრებს და იმედს უსახავდა სასოწარკვეთილ ადამიანებს. მტერი არ ცხრებოდა და კამანის ასაღებად ახალი ძალებით ემზადებოდა. ქართულ მხარეს კი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად, სამხედრო შენაერთები გაჰყავდა. სოხუმის შტაბმა ყურად არ იღო კამანელთა თხოვნა სამხედრო ძალებით დახმარების შესახებ, მხოლოდ ცრუ დაპირებით შემოიფარგლა. იმის ნაცვლად, რომ კამანი გამაგრებულიყო, იგი ქართულმა შენაერთებმა მიატოვეს.

1993 წლის 5 ივლისს მოხდა ის, რისი წარმოდგენაც მაშინ, ალბათ, არავის შეეძლო. აფხაზებმა კამანი ალყაში მოაქციეს. მდგომარეობა უკიდურესად გართულდა და მტრის 1 500-კაციანი, კბილებამდე შეიარაღებული ბოევიკის პირისპირ 35 კამანელი მარტო აღმოჩნდა. დახმარება კი არსაიდან იყო. უდიდესი საფრთხის მიუხედავად, მამა ანდრიამ არ მიატოვა ეკლესია და მრევლი, მან ამ ნაბიჯით მაგალითი მისცა, გაამხნევა და დაარწმუნა იური ანუა, თავის ოჯახთან ერთად, კამანში დარჩენილიყო.

ბოლო წუთებში მამა ანდრია საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა და მრევლს მოუწოდებდა ღირსებითა და მორჩილებით მიეღოთ ღვთის მიერ მოვლენილი მძიმე განსაცდელი. მამა ანდრიამ ღამის 3 საათზე ეკლესიაში მყოფი მრევლი აზიარა, ხოლო დილის 5-ის ნახევარზე მტერმა სოფელი აიღო და ეკლესიის კარს შეუტია.

მამა ანდრიას ლოცვა-კურთხევით იური ანუამ მტერს კარი გაუღო. გამხეცებულმა ბოევიკებმა იური ანუა კონდახების ცემით გაიყვანეს და წამების შემდეგ დახვრიტეს. მერე ნარკოტიკებით გაბრუებულმა ბოევიკებმა მამა ანდრიაც გაიყვანეს, ცდილობდნენ, მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ და დაეჩოქებინათ, მამა ანდრიას კი თავი ღირსეულად და ვაჟკაცურად ეჭირა, იგი საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მაშინ ერთ-ერთმა ბოევიკმა მას ჰკითხა, თუ ვისი მიწა იყო ეს, — ქართველების თუ აფხაზების, უნდოდა მორალურად გაეტეხა ახალგაზრდა მღვდელი, მაგრამ მამა ანდრიამ მშვიდი ღიმილით უპასუხა: ეს ღვთის მიწაა.

სწორედ მაშინ, სულიერად დამარცხებულმა მტერმა ვერ გაუძლო მღვდელ-მონაზონის სულის სიდიადეს და ვერაგულად ესროლა უკნიდან თავში. სასწაული მოხდა, ივლისის მცხუნვარე მზეში მამა ანდრიას სხეული უხრწნელი დარჩა, გვამს ჭრილობიდან სისხლი სდიოდა და ის ცოცხალივით ესვენა. ამ სასწაულმა აფხაზებზეც იმოქმედა. 19 წლის აფხაზმა ბიჭმა დაური ზუხბამ გადაწყვიტა, თავი დაენებებინა ამ უსამართლო ომისათვის, რომელმაც უცოდველი და უდანაშაულო ღვთისმსახურიც არ დაინდო. რამდენიმე დღის შემდეგ მამა ანდრიას მკველელი ნაღმზე აფეთქდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ როდესაც კამანის დაცემის შემდეგ მოკლულთა გვამების გაცვლაზე დაიწყო მოლაპარაკებები და ჯერი მიდგა მამა ანდრიას ცხედარზე, აფხაზურმა მხარემ მის გადმოცემაზე უარი განაცხადა, პასუხი ასეთი იყო: მღვდელი ჩვენი მიცვალებულია, ჩვენ პატივით დავკრძალეთ იგი და რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს იყო დაუვიწყარი მომენტი, არასდროს გამეორდება...“ - რას იხსენებს გიორგი დიასამიძე

დაღუპულებიდან რომელს ეკუთვნოდა ნაშთები, რომელიც ბატისკაფის ნამსხვრევებში იპოვეს