პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოვლენები, რომლებიც ისტორიაში შევიდა, როგორც „სალემის ჯადოქრებზე ნადირობა“, 300-ზე მეტი წლის წინ მოხდა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საქმე.
უცნობი დაავადება
1692 წლის გაზაფხულის პირველ დღეს, პატარა ქალაქ სალემში, შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთში, ადგილობრივი პასტორის, სამუელ პარისის ქალიშვილი და დისშვილი ავად გახდნენ: ცხრა წლის ელიზაბეთი და თერთმეტი წლის აბიგაილ უილიამსები. გოგონები ისტერიკაში იყვნენ, იატაკზე ხოხავდნენ, უცნაურ და საშიშ ხმებს გამოსცემდნენ, ჰქონდათ ჰალუცინაციები, ისროდნენ ნივთებს და იტანჯებოდნენ ძლიერი სიცხით.
უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ცხოვრობდნენ ძალიან პატარა, ინგლისურ დასახლებაში, მდინარის ნაპირზე, რომელიც გარშემორტყმული იყო ყველა მხრიდან საფრთხის შემცველი ხშირი ტყეებით. არაერთხელ, კოლონისტებს მოუწიათ მოგერიებინათ ინდიელების თავდასხმები, რომლებმაც გადაწვეს სახლები, მოკლეს ან ტყვედ წაიყვანეს ბრიტანელები, მაგრამ ისინი არ იყვნენ ერთადერთი პრობლემა ინგლისელებისთვის. კლიმატი, მძიმე დამქანცველი სამუშაო, უცნობი დაავადებები და ცვალებადი ამინდი – ყველაფერი მათ წინააღმდეგ მოქმედებდა.
ექიმებმა ვერ დაადგინეს ზუსტი დიაგნოზი და ავადმყოფობის მიზეზი, გოგონების ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ კიდევ რამდენიმე ბავშვს დაეწყო მსგავსი სიმპტომები. ყველამ უბრალოდ, მხრები აიჩეჩა და ქალაქი სალემი ნამდვილმა პანიკამ მოიცვა. გადაწყდა, რომ გოგონები „ეშმაკმა შეიპყრო“. როდესაც ჰკითხეს, ვინ მოაჯადოვა ბავშვები, მათ რამდენიმე ადამიანი დაასახელეს: სარა ოსბორნი, სარა გუდი და ტიტუბა. ეს ქალები ქალაქში უცნაურად მიიჩნეოდნენ. ერთი არ ესწრებოდა საეკლესიო მსახურებას, მეორე იყო ქმრის გარეშე, მესამე იყო აფროამერიკელი მსახური.
რატომ ეგონათ ისინი ჯადოქრები?
ჯადოქრობის შეთქმულების ჩრდილი დაეცა არა მხოლოდ პატიმრობაში მყოფ ქალებს, არამედ მათ ახლობლებსაც და დაპატიმრებები მასიური გახდა. თითქმის ყველა მსჯავრდადებული ქალი იყო, მოხუციდან დაწყებული, ბავშვებით დამთავრებული, რომელთა შორის იყო სარა გუდის ოთხი წლის ქალიშვილიც, პატარა დოროთი. ბავშვს დაჰპირდნენ, რომ დედის ნახვის უფლებას მისცემდნენ, თუ ის აღიარებდა, რომ ასევე ჯადოქარი იყო. ყველა ეჭვმიტანილი დაიკითხა და გამოიკვეთა „ეშმაკის კვალი“. ქალებს აშიშვლებდნენ და ეძებდნენ მეჭეჭებს ან უცნაური ფორმის, თანდაყოლილ ნიშანს.
ნებისმიერი რამ შეიძლება გამხდარიყო ჯადოქრობის ბრალდების საფუძველი: შემთხვევით წამოსროლილი სიტყვა ან ზედმეტად პროვოკაციული ჩაცმულობა. ზოგიერთი ქალი გარდაიცვალა სალემის ციხეში, სასამართლო პროცესამდე, ცუდი საკვების, სიცივისა და ნესტის გამო. ბევრი მათგანი წარდგა „ჯადოქრების სასამართლო პროცესზე“.
სალემის პროცესი
1692 წლის მაისში, ახალი ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი სასამართლო პროცესი დაიწყო სალემში. ბრალდებული ქალები მოუწოდებდნენ, გონიერებისთვის მოეხმოთ და არ დაეჯერებინათ ბავშვების ნათქვამი. როცა დაავადებულმა გოგონებმა გაიგეს, რომ ცილისწამებაში ადანაშაულებდნენ, კიდევ უფრო დაიწყეს მანჭვა. მათ შეშინებულმა მიუთითეს თითით სადღაც, ქალების ზურგს უკან და სასამართლო დაარწმუნეს, რომ იქ ხედავდნენ მამაკაცს, რომელიც ჯადოქრებს ყურში ეჩურჩულებოდა. სასამართლმ 19 ადამიანს მიუსაჯა ჩამოხრჩობა, 175-დან 200-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ქვებით ჩაქოლეს, ხუთზე მეტი ციხეში გარდაიცვალა.
1693 წლის მაისში შტატის გუბერნატორმა შეიწყალა დარჩენილი ბრალდებულები. ოთხი წლის შემდეგ კი სასამართლომ აღიარა, რომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთმა მოსამართლემ და რამდენიმე ნაფიცმა მსაჯულმა საჯაროდ მოინანიეს და 1702 წელს სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ გამოცხადდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ყველა მსხვერპლს კანონიერად დაუბრუნდა სამოქალაქო უფლებები, დაღუპულთა სახელის რეაბილიტაცია მოხდა და სალემის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს მნიშვნელოვანი ფულადი კომპენსაცია გადაუხადეს. სალემს დაარქვეს დანვერსი 1752 წელს. 1992 წელს სალემის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი აღმართეს.
რა მოხდა სინამდვილეში?არსებობს მრავალი ვერსია იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მასობრივი ფსიქოზი. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, დამნაშავე იყო სოკო, რომელიც ჭვავზე იზრდება. ის იწვევს კრუნჩხვებსა და ჰალუცინაციებს. სხვა ვერსიით, ბავშვები დაავადდნენ ენცეფალიტის განსაკუთრებული ფორმით - „ლეთარგიული ენცეფალიტით“, რომლის სიმპტომებიც სალემის საქმეში აღწერილი სიმპტომების მსგავსია. ასევე ვარაუდობენ, რომ გოგონებს აწუხებდათ ჰანტინგტონის დაავადება (თანდაყოლილი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც თან ახლავს უნებლიე მოძრაობები და ფსიქიკური აშლილობის განვითარება).ასევე, ბევრი მეცნიერი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, შეთანხმება არსებობდა ცხოვრებით დაღლილ გოგონებს შორის, რომლებიც მკაცრი პურიტანული კანონებით იზრდებოდნენ - ანუ ამ გზით მათ უბრალოდ გადაწყვიტეს გართობა. ასეა თუ ისე, არ არსებობს ცალსახა პასუხი კითხვაზე, თუ რა დაემართათ სალემის მცხოვრებლებს 1692 წელს. მას შემდეგ, რაც ჯადოქრების სასამართლო პროცესი ოფიციალურად გამოცხადდა არასწორად, ელიზაბეტ პარისი და აბიგაილ უილიამსი საზოგადოებამ გარიყა. თანაქალაქელები ზიზღით იხსენებდნენ მათ, ზოგიც ხელისუფლებას მოუწოდებდა, სიკვდილით დაესჯათ ისინი, მაგრამ ეს არ მოხდა. ელიზაბეთი დაქორწინდა და აბიგაილის კვალი დაიკარგა 1694 წელს.