"საკუთარი ოჯახი მოკლა, რადგან მას ცოლის მხრიდან განქორწინება ემუქრებოდა" - რობერტ ფიშერის საქმე, რომელსაც პოლიცია 22 წლის შემდეგაც ეძებს

რობერტ ფიშერი

რობერტ უილიამ ფიშერი ამერიკელი ძებნილია, რომელსაც საკუთარი ოჯახის მკვლელობასა და საცხოვრებელი სახლის აფეთქებაში ედება ბრალი. ფიშერი აშშ-ს საზღვაო ფლოტში მსახურობდა, რის შემდეგაც მეხანძრედ, მოგვიანებით კი მედიკოსად მუშაობდა. ის 1987 წელს მერი კუპერზე დაქორწინდა, რომელთანაც  ორი შვილი, ბობი და ბრიტნი ეყოლა.

2001 წლის 10 აპრილის დილას ფიშერების სახლში აფეთქება მოხდა. საცხოვრებლის ნანგრევებში პოლიციამ რობერტის ოჯახის ცხედრები აღმოაჩინა. ექსპერტებმა მალევე დაასკვნეს, რომ კაცის ცოლი და ორი შვილი აფეთქებამდე დაიღუპნენ, რის გამოც ფიშერი სამი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილად  დასახელდა.

როგორც აღმოჩნდა, რობერტის ცოლსა და შვილებს ხანძრამდე ყელი გამოჭრეს.

დანაშაულიდან მალევე მერი ფიშერის მანქანა და ძაღლი არიზონას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იპოვეს, თუმცა, თავად ეჭვმიტანილი არსად ჩანდა.

2002 წლის 29 ივნისს კაცი FBI-ს ათ განსაკუთრებულ ძებნილთა სიას დაემატა. პოლიცია მიიჩნევს, რომ 2001 წელს მან ამერიკის ძებნილთა პროგრამაში ჩესტერიდან დარეკა.

ფიშერი 1961 წელს ნიუ-იორკში, უილიამ ფიშერისა და იან ჰოუელის ოჯახში დაიბადა. მას ორი და ჰყავს. რობერტის მშობლები 1976 წელს განქორწინდნენ, როდესაც ის 15 წლის იყო. მეგობრებისა და ახლობლების თქმით, მშობლების გაშორება მისთვის რთული აღმოჩნდა, რამაც მას ხანგრძლივი სტრესი დაუტოვა. მოგვიანებით, კაცმა მეგობარს განუცხადა, რომ მისი ცხოვრება სხვაგვარად განვითარდებოდა, დედამისს რომ ოჯახი არ დაეტოვებინა.

რობერტი მერი კუპერზე 1987 წელს დაქორწინდა. ამ დროს ის ქირურგიული კათეტერის ტექნიკოსად, რესპირატორულ თერაპევტად და მეხანძრედ მუშაობდა. როგორც ამბობდნენ, ის სასტიკი მამა იყო, რომელიც ზედმეტად აკონტროლებდა თავის შვილებს, თუმცა, კაცი ყოველთვის ცდილობდა ერთგული მამაკაცის იმიჯის შენარჩუნებას. მისმა დედამთილმა, ჯინი კუპერმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ რობერტი ოჯახთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას ერიდებოდა, რადგან მათი დაკარგვის შიში ჰქონდა.

ფიშერის დედის თქმით, თანაცხოვრების დროს ის უილიამ ფიშერს არასდროს ეწინააღმდეგებოდა. მან მსგავსი დინამიკა დაინახა რობერტისა და მერის ქორწინების ადრეულ ეტაპზე და ამასთან დაკავშირებით რძალსაც ესაუბრა. ფიშერის მეგობრის თქმით, რობერტის ოჯახი მისი ბავშვობის ოჯახს ძალიან ჰგავდა.

კაცი სკოტსდეილერის ბაპტისტური ეკლესიის აქტიური წევრი იყო, თუმცა, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე მან სიარული შეწყვიტა.

ფიშერმა მეგობრებს მეძავთან ურთიერთობის შესახებ უამბო, რის შემდეგაც მას საშარდე გზების ინფექცია დაემართა. მას ეშინოდა, მერი ამის შესახებ გაიგებდა. მან ისიც თქვა, რომ მომხდარის შემდეგ რწმენასა და ოჯახის მიმართ ერთგულებას გააძლიერებდა, რადგან ოჯახის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. ფსიქოლოგების თქმით, ადამიანების დაკარგვის შიში მშობლების განქორწინების შედეგად მიღებული სტრესიდან გამომდინარეობდა.

მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე, მერი ფიშერმა მეგობრებს განუცხადა, რომ ქმართან განქორწინებას აპირებდა. ოჯახის მეზობლის თქმით კი 9 აპრილს, სახლის აფეთქებამდე 10 საათით ადრე წყვილს ხმამაღალი კამათი მოუვიდა.

9 აპრილის ღამეს, რობერტმა ბანკომატიდან 260-280 დოლარის ოდენობის თანხა გამოიტანა.

2001 წლის 10 აპრილის დილას, სახლის აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, მერი ფიშერს თავში ესროლეს, ბობისა და ბრიტნის კი ყელი გამოჭრეს.

ბუნებრივი აირის აფეთქება მისაღებ ოთახში მოხდა, რის შემდეგაც ხანძარმა სახლი მთლიანად გადაწვა.

მეხანძრეებმა სახლის ნარჩენებში საწოლში მწოლიარე ქალისა და ორი ბავშვის დამწვარი ცხედრები იპოვეს. გამომძიებლებმა მიიჩნიეს, რომ ოჯახი რობერტ ფიშერმა მოკლა, რადგან მას ცოლის მხრიდან განქორწინება ემუქრებოდა. მიუხედავად ოჯახური სირთულეებისა, კაცი ფიქრობდა, რომ მისი ქორწინება არასდროს დასრულდებოდა.

20 აპრილს ფიშერის ადგილსამყოფლის ბოლო მტკიცებულება გამოჩნდა, როდესაც პოლიციამ მერი ფიშერის მანქანა და ოჯახის ძაღლი ტონტოს ტყეში აღმოაჩინა.

2002 წლის 29 ივნისს FBI-მ ის განსაკუთრებულ ძებნილთა სიის წევრად გამოაცხადა და მის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელს 100 000 დოლარის ოდენობით ჯილდო დაუწესა.

რობერტის ადგილსამყოფლის შესახებ არაერთი თეორია გავრცელდა. უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ მან სავარაუდოდ თავი მოიკლა ან გარდაიცვალა. მეორე მხარე კი ამტკიცებს, რომ ის გადარჩა და შესაძლოა შეცვლილი იდენტობით ახალი ცხოვრება დაიწყო. შესაძლებელია ის ტერიტორიიდან ავტოსტოპით ან თანამზრახველის დახმარებით გაიქცა. დეტექტივი ჯონ ჰაინზელმანის ვარაუდით, ის შეიძლება პატარა ქალაქში ცხოვრობდეს და ხელოსნად მუშაობდეს ან პირიქით, დიდ ქალაქში ცხოვრობდეს და მოსახლეობას ერწყმოდეს. ასევე ფიქრობენ, რომ რობერტმა აშშ დატოვა და სხვა ქვეყანაში აგრძელებს ცხოვრებას.

ასევე ნახეთ:

„თოვლი და წვიმა...“ - ხვალიდან საქართველოში ამინდი უარესდება

„ასმაგად შემიყვარდი...“ - ნინი ბადურაშვილი ბაბი კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებს და ვიდეოს აქვეყნებს

საყურადღებო ინფორმაცია პირადობის მოწმობების შესახებ