„სახლიდან პურის ნატეხებს ვიპარავდი და მასთან მიმქონდა...“ - მედეა ლორთქიფანიძის საიდუმლოდ მონათვლა და საძულველი ნათესავი „ილიჩი“

მედეა ლორთქიფანიძე

ხელოვანების ოჯახში გაიზარდა, მკაცრი მშობლებისა და ბებიების წყალობით მსახიობობაზე სიტყვა არ დასცდენია.

პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა საცხოვრებლად. სწორედ აქ აიხდინა ოცნება და მუშაობა სასოფლო ინსტიტუტის „სახალხო თეატრში“ დაიწყო. ნანობს, რომ თეატრალურში არ ჩააბარა, თუმცა ბედნიერია, რომ დღეს ქუჩაში ცნობენ, ეფერებიან, თბილი სიტყვებით ანებივრებენ.

დღეს მედეა ლორთქიფანიძის ცხოვრების გზას გავუყევით და მისი ცხოვრებიდან ძალიან ბევრი აქამდე უცნობი დეტალი შევიტყვეთ. ასე რომ, წინ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გელით.

                                                               

                                                      ცხენოსანი პოლონელი ბებია

 

– 1938 წელს დავიბადე, ფოთში, ხელოვნების მუშაკთა ოჯახში. საკმაოდ მოხუცი ვარ, მაგრამ თავს მაინც ახალგაზრდად ვგრძნობ. ხომ იცით, გული არ ბერდება. მამაჩემი, თეიმურაზ ლორთქიფანიძე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, დედა, თამარა პაკლოვსკაია – მსახიობი. დედა პოლონელი იყო, მაგრამ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. ახლა გიამბობთ, როგორ მოხვდა დედა საქართველოში. ბებია რომ გიმნაზიაში სწავლობდა, გორში ცხოვრობდნენ. ზედა სართულზე ისინი ცხოვრობდნენ და ქვედა სართულზე – სტალინის დედა თავის ქმართან ერთად. დიდი მიწისძვრის შემდეგ, გორში, ბებიაჩემმა, სხვა ნივთებთან ერთად, თავისი ქალიშვილობის ფოტოებიც დაკარგა. ბებიაჩემის დის ქმარი სკოლის დირექტორი იყო, ცოლი -მასწავლებელი. მათთან სტუმრად წასულა ბებია, რომელიც ცხენოსანი იყო. ბაბუაჩემს თურმე ძალიან უყვარდა მოგზაურობა, არ ვიცი პოლიტიკოსი იყო, მოგზავნილი, თუ ვინ, მაგრამ საკუთარი სალონ-ვაგონით დადიოდა ყველა ქვეყანაში. საქართველოშიც ჩამოვიდა და როგორც საპატიო სტუმარი, სკოლის დირექტორს მიუყვანეს სახლში. ამ დროს ბებიაჩემმა ცხენი შემოაგელვა და დაადგა თვალი პეტრემ. ბებიაჩემს უთქვამს, შენ, რამდენ ქალაქშიც დადიხარ, ყველგან ცოლს თხოულობ ალბათო და უარით გაისტუმრა. ჩავიდა პეტრე პოლონეთში და იქიდან წერილებსა და ლექსებს სწერდა ბებიაჩემს. ვერ გაძლო და ისევ დაბრუნდა საქართველოში. შეუჩნდნენ ბებიაჩემს ახლობლები, კარგი კაცია, ერთი წელია უყვარხარო და გაჰყვა ბებია პეტრეს. ახლა ერთად დაიწყეს მოგზაურობა. მოიარეს საფრანგეთი, სპარსეთი. მეც ძალიან მიყვარს მოგზაურობა, თითქმის მთელი ევროპა შემოვლილი მაქვს, ინდოეთშიც ვიყავი, რუსეთის ყველა ქალაქში ვარ ნამყოფი. საქართველოში რომ დაბრუნდა, ბებია ფეხმძიმედ იყო. აქ იმშობიარა. მის მერე ბაბუა გაქრა. დაიჭირეს, მოკლეს თუ რა ბედი ეწია, არავინ იცის. ასე მოხვდა დედა თბილისში.

– ბებიის დარიგებებიდან რა გახსოვთ ყველაზე კარგად?

– მხრებში გაიშალეო, მეტყოდა ხოლმე. მოკუზული ჯდომა, ამხელა ქალი ვარ და დღესაც არ შემიძლია, მისი წყალობით სულ გაჭიმული დავდივარ და ვზივარ…

 

                                     ნათლობა ჩუმად და საძულველი ნათესავი „ილიჩი“

 

ნათესაობაში ძალიან ბევრი ხელოვნების მუშაკი მყავს. ჩემი ნათლია იყო მედეა ჯაფარიძე, მიშა კოსტავა. მაშინ ეკლესიაში ჩუმად დადიოდნენ. მეც ჩუმად მომნათლეს, სოფელში. სანამ მამას ქუთაისში გადმოიყვანდნენ, ფოთში ვიზრდებოდი. ჩემს სახლში იკრიბებოდნენ ხელოვნების მუშაკები. გული მწდება, რომ დაკარგულია კომპოზიტორი, გიორგი ჩუბინიშვილი, რომელმაც დაწერა სიმღერები: „თვალები რად გიციმციმებს“, „ქალო გნახე ფეხშიშველი“. ეკა მამალაძის გოგო მღერის ამ სიმღერას და არსად არ არის ნახსენები კომპოზიტორი. მთელი მისი შემოქმედება ჩემს სახლში იქმნებოდა. გიორგის ომის პერიოდში ფეხი მოაჭრეს, უსიამოვნება მოსვლია დასთან და ჩვენთან ჩამოვიდა. ბებიაჩემის ბიძაშვილი იყო. მაშინ ფორტეპიანოს „ფისგარმონია“ ჰქონდა ანუ ფეხის პედლის დახმარების გარეშე ვერ დაუკრავდი. ისე მეზიზღებოდა ეს კაცი, ფორტეპიანოს რომ მიუჯდებოდა, ტირილს ვიწყებდი, მე უნდა დავხმარებოდი ფეხით, რომ დაეკრა. ილიჩი იყო, ვერ ვამბობდი ამ სიტყვას, ეს „იჩ-იჩ-ილი“ როდის წავა აქედან-მეთქი, შევჩიჩინებდი დედაჩემს.

                                             დაბნეული მარილი და მამის სასჯელი

 

– განსაკუთრებული დარიგება გახსენდებათ მშობლების მხრიდან?

– ყველა მშობელი ერთსა და იმავეს გაიძახოდა მაშინ, ჩვენ დროს ასე არ იყოო. მგონი ახლაც ასეა. დედაჩემი რომ თეატრალურ სტუდიაში შევიდა, ბებიაჩემი ბრაზობდა, როგორ შეიძლება, ჩემ დროს პატიოსან ქალს თეატრალურზე ეფიქრაო. დედაჩემი ცეკვის გამო მეჩხუბებოდა, სწავლას მოუკელიო. ახლა მე ვეჩხუბები ჩემს შვილს, გამოდღლეზილი შარვლებით რომ დადიან, არ მომწონს.

– მამაზე რას მეტყვით?

– მამაჩემი ძალიან მკაცრი კაცი იყო. მაშინ 16 წლამდე ბავშვებს თეატრში არ უშვებდნენ. ერთხელ შევიპარე თეატრში. დამთავრდა სპექტაკლი. ვიფიქრე, მამამ არ მიმასწროს-მეთქი და გამოვიქეცი. ჩვენ სახლთან ახლოს იყო თეატრი. მაშინ მამა ქუთაისის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. ვხედავ ჩემ წინ მიდის მამაჩემი. რომ დავგაზე მეორე გზაზე, ფეხებს თავში ვიცემდი. მოკლე გზით ჩავხტი ეზოში. ზუსტად ამ ადგილას ტუალეტი იდგა. ზედ დავახტი. ვიღაც კაცი ყოფილა ტუალეტში. იქ წივილ-კივილი ატყდა… ვინ ვის ასწრებდა, ვერ გაიგებდით. გადავრჩი. მამამ ვერ გაიგო, რომ თეატრში ვიყავი… ძალიან ვცელქობდი, მაგრამ დასჯა არ იცოდნენ ჩემმა მშობლებმა, არასდროს გავულახივარ. ახლა ვფიქრობ, ჩემი შვილი ასე რომ მოქცეულიყო, არ ვიცი რას ვუზამდი. ფოთში რომ ვცხოვრობდი, მარილი არ იშოვებოდა, ზღვის წყალს ადუღებდნენ ჩემები, იმდენხანს ადუღებდნენ, სანამ მარილი არ დარჩებოდა, მერე ფენდნენ მზეზე და აშრობდნენ. მე, როგორც ეშმაკის ფეხი, ავედი და მარილი სულ ძირს გადმოვყარე, თან, თოვლი მოდის-მეთქი, ვყვიროდი. მამამ კარადაში ჩამკეტა. იქ რა გამაჩერებდა, უკანა კედელი გამოვიღე, კარადის თავზე ავფოფხდი, გადმოვხტი და გავედი ეზოში. მთელი ოჯახი მეძებდა. რამეს რომ დავაშავებდი, საწოლის ქვეშ ვიმალებოდი. მაშინ ზამბარებიანი საწოლები იყო. ერთხელ ამეხლართა ზამბარებში ეს ხვეული თმა, ძლივს გამომიყვანეს იქიდან. ჩემი თმაც შეეწირა ამ ამბავს. კარგა ხანს კუთხეში ვიდექი…

 

                   სახლიდან მოპარული პურის ნატეხები და მადლიერი გერმანელი ტყვე

 

– ფოთში, ჩემი სახლის გვერდით სამხედროების შენობა იყო, იქვე სარდაფში გერმანელი ტყვეები ჰყავდათ. ძალიან მეცოდებოდნენ ეს ადამიანები, განსაკუთრებით ერთი, სულ მოწყენილი იჯდა. ჩუმად მოვიპარავდი პურს სახლში, მივიდოდი ხოლმე ღობესთან და გადავუგდებდი. სულ მადლობას მიხდიდა ეს კაცი გერმანულად. ერთხელაც მივედი და იმანაც რაღაც გადმომიგდო. სულ გვაფრთხილებდნენ, ხელი არ მოკიდოთ გერმანელების და ამერიკელების მოწოდებულს არაფერსო (მთელ ფოთში ამერიკელები დადიოდნენ მაშინ). ვერ მოვითმინე, მაინტერესებდა რა იყო. მივედი, გავხსენი და რას ვხედავ, ცოცხისგან გაკეთებული თოჯინა. გახარებულმა, სახლში წამოვიღე, დიდხანს ვინახავდი სათუთად…

ერთხელ, ამერიკელებისგან დედამ პარაშუტი იყიდა, იმისგან კაბა შემიკერა, ძალიან ლამაზი, ფეხსაცმელიც მათგან მიყიდა. ჩავიცვი ორივე და დავდივარ ამაყად, ვფიქრობ, ნეტავ შემომხედოს ვინმემ ფეხზე რა ლამაზი ფეხსაცმელი მაცვია-მეთქი. წამოვიდა წვიმა. კაბაც ზედ შემომადნა და ფეხსაცმელიც დაიშალა. ერთჯერადი ყოფილა ყველაფერი, მიცვალებულებს აცმევდნენ თურმე ამერიკაში.

 

                            მშობლების გარეშე დარჩენილი მსახიობის ყველაზე დიდი გაჭირვება

 

– რა პროფესიის ხართ?

– ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე, ისტორია-ფილოლოგის განხრით. მსახიობობაზე ვფიქრობდი, მაგრამ ქუთაისიდან თბილისში მარტო არ გამომიშვებდა მამაჩემი. არც მითქვამს.


– პირველი ხელფასი, პირველი სამსახური…
– მშობლები რომ გარდამეცვალა, საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა, მასწავლებლად. მამა რომ დაიღუპა, 17 წლის ვიყავი. მაშინ გორის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. ავარიაში მოვყევით ერთად. ჩემს თვალწინ დაიღუპა… უმძიმესი ტრაგედია იყო ეს ჩემთვის. 19 წლის ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა. დედასთან უფრო ვმეგობრობდი, მისი გარდაცვალება გაცილებით მძიმედ გადავიტანე. ისეთი გაჭირვება ვნახე იმ წლებში, ვნატრობდი, ნეტავ ბაღის ბავშვებს პეჩენია ან კარაქიანი პური დარჩეთ, რომ ბებიას წავუღო-მეთქი. ეს ის ბებიაა, მაღალაშვილის ქალი, ზემოთ რომ გიამბობდით. რომელსაც ისეთი ცხოვრება ჰქონდა ნანახი, ბევრს არც დაესიზმრებოდა და საბავშვო ბაღის ბავშვების იმედადღა დარჩა. ამ დროს ჩემმა ძმამ სასოფლოში ჩააბარა, სწავლობდა თბილისში. რომ დაამთავრა ქუთაისში ჩამოვიდა, ცოლი მოიყვანა. მე თბილისში ჩამოვედი, ბებიაჩემის ერთ-ერთ დასთან. არც სამსახური მქონდა, არც ფული, არც ჩაწერილი ვიყავი თბილისში, მაშინ ეს მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ სამსახური გეშოვნა. ბებიაჩემის და მასწავლებელი იყო და მამაჩემზე უარესი, 8 საათზე სახლში უნდა ვყოფილიყავი. ვამბობდი, ნეტავ სადმე ერთი „პადვალი“ მანახა, რომ შევიდე და მარტომ ვიცხოვრო, რომ არ მესმოდეს ლიზას ლაპარაკი და ჭკუის დარიგება-მეთქი. ერთხელაც, მამაჩემის მეგობარი, ჯონი ჭავჭანიძე შემხვდა, სასოფლოში „სახალხო თეატრი“ ჩამოვაყალიბეთ და წამოდი. ბინასაც გაგიკეთებთ, სამსახურსაც გიშოვნით და ინსტიტუტშიც მოგაწყობთო. მის მერე, სანამ გავთხოვდებოდი, ამ თეატრში ვიყავი.

– მოკლედ, ეს პედაგოგი ქალი, უცებ მსახიობი გახდით?

– უცებ რატომ? მანამდე ქუთაისში მოყვარულთა თეატრი მქონდა, ძალიან ბევრი როლი ვითამაშე. მათ შორის „ქრისტინეც“. ჩემი პარტნიორი იყო რეზო მიშველაძე, იასონს თამაშობდა. რუსეთი გასტროლებით მოვიარეთ.

15 წლით უფროსი ქმარი და 9 წელი შვილის მოლოდინში

– რომ გათხოვდით, რამდენი წლის იყავით?

– უფ, მაგი არ მკითხო, ძალიან დიდი, ორმოც წელს მიტანებული.

– რატომ ასე გვიან?
– სულ თეატრში ვიყავი, გასტროლები, სპექტაკლები… იქ ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა ყველასთან. ზოგჯერ საწოლები რომ არ გვყოფნიდა გასტროლებზე, ასე ერთად, „სილიოტკებივით“ ჩავმწკრივდებოდით-ხოლმე. რომან ჩიჩუა იყო ჩვენთან, თმა არ ჰქონდა თავზე. ერთხელ, გადამეკიდა, შენსა და ვერიკოს შუაში ჩავწვებიო, უარი ვუთხარი, რომ დამეკარგო საწოლში, თმაც არ გაქვს, როგორ ამოგქაჩო-მეთქი, ვუთხარი.

– ასე მგონია, წუნია იქნებოდით…

– არა, არა, არავინ გიჟდებოდა ჩემზე. ლამაზი გოგო კი ვიყავი, მაგრამ ყველასთან ვმეგობრობდი. თაყვანისმცემლები არ მყავდაო, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ქუთაისში ორჯერ რომ გაგევლო ბაღის კიდეზე, მეტი კი არ უნდოდათ ჭორიკანა ხალხს. ვუფრთხილდებოდი ოჯახს.

– მეუღლე როგორ გაიცანით?

– ექიმთან გავყევი მეგობარს, წითელი პომადა მესვა, წითელი საყურე მეკეთა, მოკლე კაბა მეცვა. შემოვიდა კაცი კაბინეტში, ამხედ-ჩამხედა ბოზური თვალებით. ჩამოვიწიე კაბა, შემრცხვა. მოკლედ, ამ ექიმმა პაციენტისა და მეგობრის წყალობით მოახერხა ჩემი გაცნობა. თავიდან, რომ არ მომწონდა, მიზეზებს ვიგონებდი, სადმე რომ მპატიჟებდნენ, სველი თმა მაქვს, ვერ წამოვალ-მეთქი, ვეუბნებოდი. ხან ფეხს შევიხვევდი, მტკივა-მეთქი. ბოლოს საგზურები მომიტანა, შენ და ჩვენი საერთო მეგობარი, ნუნუ წადით, დაისვენეთო. ვიფიქრე ეს თუ არ წამოვა, წავალ, დავისვენებ-მეთქი. საღამოს გამოგივლით, მატარებელზე მიგაცილებთო. ველოდები და, სად არის… გაცოფებული ვარ, ვინ არის მაგის მოსატყუებელი-მეთქი. დილის რვა საათზე დამადგნენ მანქანით, გადავწყვიტე, მეც წამოვალო. წავედით ბშაბში, სოხუმთან ახლოს. ერთი თვე ვიყავით იქ. იქიდან შეყვარებული წამოვედი. უგანათლებულესი და უკეთილშობილესი აღმოჩნდა. ჩემი ქმარი რომ გარდაიცვალა, 14 წელიწადი ეზოში არ ჩავდიოდი. კაცი ტვინით გატენილი იყო, მოსკოვში ჰქონდა განათლება მიღებული, მაგრამ არასდროს გაგრძნობინებდა, რომ შენ მასზე ნაკლები იცოდი. მეტყოდა, იცი, უბრალოდ აღარ გახსოვსო. 20 წელი ვიყავით ერთად. 9 წელი ველოდებოდით შვილს. ერთი ქალიშვილი მყავს, შორენა და ორი შვილიშვილი. ჩემი ქმარი გარდაიცვალა და ჩემი მზეც ჩაესვენა. მეზობლები და მეგობრები რომ არ მყოლოდა, არ ვიცი რა მეშველებოდა. გავიდა ათი წლი და ჩემი მეგობრები გადამეკიდნენ, უნდა გაგათხოვოთო. მსახიობი, გურამ თავბერიძე შემომიჩნდა განსაკუთრებით. ერთხელ, კარზე კაკუნია. შემოვიდა ვიღაც გამხრადი, ხანშიშესული კაცი, გასაღებს ატრიალებს ხელში. ჩემი ქმრის მეგობარი მგონია (15 წლით იყო ჩემი ქმარი ჩემზე უფროსი), მაცვია გულამოღებული სარაფანი, თან რაღაცას ვკერავ. მომიკითხა, მერე მანქანით გასეირნება შემომთავაზა, ბოლოს მითხრა, მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს, მინდა ჩემი ყვავილობის დედა გახდეთო. რა, ბატონო-მეთქი, გავიოცე, გამიმეორა. გავბრაზდი, კი მაგრამ, მკვდარი სახლიდან გააქვთ და მე სახლში შემოვიყვანო-მეთქი, ასე ვაჯახე უზრდელურად. წამოხტა და გავარდა. გურამ თავბერიძე კინაღამ მოვკალი ამ სიურპრიზის გამო.

– თქვენი გმირი სერიალში ქოთქოთა ქალია, თქვენ როგორი იყავით ქმართან ურთიერთობაში?

– სულ სიხარული გვქონდა, სულ ვხალისობდით, ვმასხრობდით. ქოთქოთა და მოჩხუბარი არასდროს ვყოფილვარ. ვერავინ იტყვის ჩემზე, მაწყენინაო. მეგობრისთვისაც კი არ მითქვამს ხმამაღალი სიტყვა.

– დედამთილი თქვენგან არ გამოვა, ერთი ქალიშვილი გყავთ, სიდედრი როგორ ხართ?

– მე და ჩემს სიძეს ერთმანეთისთვის, ალბათ, სულ 50 სიტყვა გვაქვს ნათქვამი ამ ერთ წელიწადში. ის წყნარი სვანია, მე კიდევ სიძესთან ძალიან მორიდებული. საქმიანი ბიჭია, მშრომელი, აღმერთებს ჩემს შვილს და რა გვაქვს საჩხუბარი?

– დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავთ. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მაგრამ ერთი და მთავარი, რომელსაც ყველაზე მეტად დარდობთ, რომელია?

– ალბათ ის, რომ თეატრალურში არ ჩავაბარე. არ შემიწყვეს ხელი ზოგიერთმა ახლობელმა, თორემ ახლა შეიძლება დამსახურებული მსახიობი ვყოფილიყავი. ახლა ცნობადი ვარ, ყველა მცნობს, ქუჩაში ვერ გამივლია. იცი როგორ მსიამოვნებს… მოკლედ, უკან რომ დავბრუნებულიყავი ქმარს გავაცოცხლებდი და თეატრალურში ჩავაბარებდი.

ნინო მჭედლიშვილი გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ არქივიდან