1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, მართლმადიდებელთა რწმენით, უდიდესი საიდუმლოა, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.
წმინდა ცეცხლი, რომელიც იერუსალიმში მაცხოვრის ტაძრის კუვუკლიიდან გამოაქვთ, სიმბოლურად გამოსახავს საფლავიდან გადმოსულ „ნათელ ჭეშმარიტს“- იესო ქრისტეს აღდგომას.
გადმოცემის თანახმად, ზეციური ცეცხლის რიტუალი, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, III საუკუნიდან სრულდება.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. მათ შორის, მომლოცველები საქართველოდანაც.
მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან, წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე მესამეს გამოაქვს.
იერუსალიმის პატრიარქი დიოდორე I (1923-2000) ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ:
„როდესაც ცეცხლი ქრება (საუბარია უწინ ანთებულ კანდლებზე), მე ვიხრები და საფლავის შიგნით შევდივარ. იქიდან წყვდიადში გზას ვიკვლევ ქვაბულის შიგნით შესასვლელში, იქ, სადაც იესოს ცხედარი ესვენა. მუხლს ვიყრი უფლის შიშით და...
წარმოვთქვამ გარკვეულ ლოცვებს, რომლებმაც ასწლეულების გავლენით მოაღწია ჩვენამდე, და ველოდები. ზოგჯერ ლოდინი რამდენიმე წუთია საჭირო, თუმცა ჩვეულებრივ, სასწაული აღსრულდება ხოლმე ლოცვების დასრულებისთანავე.
ქვის წიაღიდან, რაზედაც ქრისტეს ცხედარი ესვენა, მოედინება შეუდარებელი ნათელი. როგორც წესი, მას ცისფერი დაჰკრავს, თუმცა შეიძლება, ფერი იცვალოს და განსხვავებული შეფერილობები შეიძინოს.
ამ მოვლენის აღწერა შეუძლებელია. შუქი ქვიდან ჩნდება, რომელიც ტბას ემსგავსება. საფლავის ქვას თითქოს ნოტიო ღრუბელი ფარავს, თუმცა ეს შუქია. ყოველ წელს ის განსხვავებულად გვევლინება. ზოგჯერ მთელ კუვუკლიას ანათებს ისე, რომ გარეთ მყოფი ადამიანებიც კი, თუ მათ საშუალება აქვთ შემოიხედონ, ამჩნევენ, რომ შიგნითა სივრცე შუქით ივსება.
ეს ცეცხლი არ წვავს. მას სხვა ბუნება აქვს, არა ფიზიკური, არა ისეთი, როგორიც კანდელშია. გარკვეულ ალაგს ის მაღლა იზიდება და სვეტს ქმნის, ამ ალს სხვა ბუნება აქვს, ასე რომ, მე შემიძლია, მოვუკიდო ჩემს სანთლებს.
ვიღებ და გამოვდივარ, თავდაპირველად ცეცხლს სომეხთა პატრიარქს გადავცემ, შემდეგ კოპტს. ბოლოს მე ვურიგებ ცეცხლს ტაძარში მყოფთ...
ჩვენს ეკლესიებში ჩვენ ვაწყდებით მრავალ სასწაულს, სასწაული ჩვენთვის არ არის რაიმე უცნაური... თუმცა ვერც ერთი სასწაული თავისი სიმბოლურობითა და ძალით ვერ შეედრება წმინდა ცეცხლის სასწაულს.
ეს სასწაული - ღვთაებრივი საიდუმლოა. ის ქრისტეს აღდგომას იმდენად აცოცხლებს ჩვენთვის, რომ თითქოს სულ რამდენიმე წლის წინ აღსრულდა ეს ყოველივე.
მე იერუსალიმში 1939 წლიდან ვცხოვრობ, ქალაქში 15 წლის ასაკში ჩამოვედი, მას შემდეგ ვესწრები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ღვთისმსახურებას, სასწაულის მოწმე 61-ჯერ ვიყავი. ჩემთვის არ არსებობს შეკითხვა, მწამს თუ არა სასწაულის უტყუარობა...“