1735251416
„როდესაც მთელი მირონი ბამბით შეაგროვეს, ყველას თვალწინ ჯვარცმა კვლავ მირონით დაიფარა“ - მაცხოვრის ხატის სასწაული
1994 წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ავსტრალიაში მაცხოვრის ჯვარცმამ (რომლის სიმაღლე, დაახლოებით, 4 მეტრია) მირონდენა იწყო. წვეთებმა სხეულზე, ხელებსა და მკერდზე გამოჟონა, უფრო მსხვილი ნაკადი კი ფეხებსა და ფეხის თითებზე შეიმჩნეოდა. მირონი იატაკზეც საკმაოდ დაიღვენთა. ტაძრის ერთ-ერთმა მსახურმა, ანატოლი კამპოსმა სასწაული შეამჩნია თუ არა, მღვდელს შეატყობინა. გადაწყვიტეს, მმართველი მღვდელმთავრის, ავსტრალიის მთავარეპისკოპოსის, გიბრონისათვის (ანტიოქიის საპატრიარქო) შეეტყობინებინათ. მღვდელმთავარმა განკარგულება გასცა, არაფერს შეხებოდნენ და არც აღსრულებული სასწაულის შესახებ ესაუბრათ, მაგრამ მომსვლელებმა თავი ვერ შეიკავეს და ახლობლებს ყოველივე ამცნეს.
მეორე დღეს მთავარეპისკოპოსმა იატაკიდან და ჯვრიდან ბამბაზე სითხე შეაგროვა და ბრძანა, ლაბორატორიაში გამოეკვლიათ.
ლაბორატორიამ კვლევა ინფრაწითელი სპექტროსკოპით განახორციელა და მიღებული შედეგი არსებულ ეტალონებს შეადარა. შედეგად, ამ სითხის შედგენილობა ზეითუნის ზეთისას ემთხვეოდა, თუმცა ლაბორატორია ვერ ამტკიცებდა, რომ იგი სწორედ ზეითუნის ზეთი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ მირონს რთული შემადგენლობა აქვს, მცენარეული ზეთისგან მზადდება და მცენარეთა კეთილსურნელება ემატება.
მთავარეპისკოპოსმა მირონი საკვლევად ახალი ჩრდილო უელსის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტსაც გაუგზავნა, სადაც ლაბორატორიის გამოკვლევა დადასტურდა, ამასთან, მთავარეპისკოპოსმა ქიმიის ფაკულტეტს სთხოვა, დაედგინა, შესაძლებელი იყო თუ არა სითხის გაჩენა ხატზე ხის, საღებავის, ლაქის კონცენტრაციის ან რაიმე მსგავსი გზით, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. ერთ-ერთმა სწავლულმა ქიმიკოსმა კი დაადასტურა, რომ ამ ყველაფრის პასუხი მხოლოდ უფალმა უწყის.
უნდა აღინიშნოს, რომ ლაბორატორიამ ხსენებული ქიმიური გამოკვლევის ჩატარების ანაზღაურებასა და ანგარიშის წარდგენაზე უარი განაცხადა და სანაცვლოდ მხოლოდ მათთვის ლოცვა ითხოვა.
როდესაც მთელი მირონი ბამბით შეაგროვეს, ყველას თვალწინ ჯვარცმა კვლავ მირონით დაიფარა, მას მორწმუნეთ სცხებდნენ და ასობით ადამიანი იკურნებოდა, მირონში დასველებულ ბამბის ფთილებს კი შინ ავადმყოფებისთვის ატანდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, მირონი არ მცირდებოდა და, პირიქით, მატულობდა, ამის მოწმე მრავალი ადამიანი კი სინანულში ვარდებოდა და მოიქცეოდა.
მირონდენის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ მღვდელმონაზონი ბენიამინი ტაძარში ერთ მრევლთაგანთან ერთად მოვიდა. აი, რას მოგვითხრობს იგი:
"ტაძარში რომ შევედი, სითხის წვეთები დავინახე, რომელნიც ჯვარცმაზე ძალზე ნელა მოედინებოდა. უამრავი მსხვილი წვეთი გადმოდინდებოდა მაცხოვრის სხეულის ზემო ნაწილზე... ზეთის არანაირი წყარო არ ჩანდა, იგი, უბრალოდ, ჯვარცმის ზედაპირზე ჩამოდიოდა და ამის ლოგიკური და მატერიალური ახსნა შეუძლებელია, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის გახლავთ, რომ ეს სასწაული და ღვთის წყალობაა...."
ავსტრალიის მთავარეპისკოპოსმა აღსრულებული სასწაულის შესახებ "არაბეთის ახალ ამბებში" განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ძველი სტილით მოხდა (იმ დროს ბევრს აწუხებდა კითხვა, გადადიოდა თუ არა მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკეთა და პროტესტანტთა მსგავსად, ახალ სტილზე).
რამდენიმე წლის წინ მირონი ხატიდან გამუდმებით მოედინებოდა და, დაახლოებით, ორლიტრიანი მინის ჭურჭელი შეავსო. როგორც ამბობენ, მირონდენა მაშინ ძლიერდება, თუ მართლმადიდებელნი გულითადად ლოცულობენ.
მირონმდინარე ჯვარცმა საბერძნეთში, ერთ-ერთ დედათა მონასტერშია დაწერილი.წყარო
ასევე ნახეთ:
ნახეთ ვინ იყო პირველი ქართველი ქრისტიანი, რომელიც დოკუმენტურად არის დადასტურებული