ნახეთ ვინ იყო პირველი ქართველი ქრისტიანი, რომელიც დოკუმენტურად არის დადასტურებული

პირველი ქრისტიანი

საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებას უშუალოდ ქრისტეს მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს მიაწერენ, რომელიც ტრაპიზონიდან შემოსულა და ჯერ დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი აწყურის მიდამოებში უქადაგია ქრისტიანობა.

არის მოსაზრებები, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადრექრისტიანული თემები არსებობდა, რომელშიც, სავარაუდოდ, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული და მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ანდრია პირველწოდებულის ქადაგება ამ ფენას არ გასცდენია.

საქართველოს გაქრისტიანება კი მეორე მქადაგებელს, წმინდა ნინოს უკავშირდება, რომელიც საქართველოში IV საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა.

მაგრამ რა ვიცით უფრო ადრეულ ქართველ ქრისტიანებზე, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდნენ?

მეცნიერები ასახელებენ გაიოს იბერს, როგორც დოკუმენტურად დადასტურებულ პირველ ქართველ ქრისტიანს. ამის საფუძველს კი მათ ცენტრალურ საბერძნეთში, პლატეასთან აღმოჩენილი ბრინჯაოს ფილა აძლევთ, რომელზედაც მამაკაცის 40 სახელი წერია. სახელთა უმრავლესობა ბერძნულია, მცირე ნაწილი – ბერძნულ-რომაული.

ფილაზე ორი პიროვნების სახელს სპეციალური ეთნიკური ინდიკატორი ახლავს – გაიოს იბერი და ათენოდოროს არმენიელი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პლატეაში აღმოჩენილ ბრინჯაოს ფილაზე ადრექრისტიანული თემია წარმოდგენილი. შესაბამისად, გაიოს იბერი ამ თემის წარმომადგენელია და დოკუმენტურად დადასტურებული პირველი ქართველი ქრისტიანია.

პლატეასთან აღმოჩენილი ბრინჯაოს ფილა II-III საუკუნეების მიჯნით თარიღდება. ის ათენის ეროვნულ მუზეუმში ინახება.

წყარო: ჟურნალი „ისტორიანი“

ასევე წაიკითხეთ

„ამ დისკოს მიკვლევით, სრულიად სხვა სურათის წინაშე ვდგავართ... ყველას გილოცავთ!...“- სასწაულმოქმედი ხატის მცველების უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა იერუსალიმში

საკმეველი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ამარცხებს - სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას