პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტეხასელი ქალი ალტა ჰაისმიტი ადრე დაქორწინდა და 22 წლის ასაკში დედა გახდა. თუმცა, ქმართან ცხოვრება თავიდანვე არ გამოსდიოდა, ამიტომაც ახალშობილი ქალიშვილი, რომელსაც მელისა დაარქვა, სახლიდან წაიყვანა და მეგობართან გადავიდა საცხოვრებლად. მაშინ ქალს ძალიან უჭირდა. მეგობარმა რესტორანში მიმტანად მუშაობა შესთავაზა, სადაც დღეში 20 დოლარს გადაუხდიდნენ.
ბავშვისთვის ძიძას გაზეთებში ეძებდა. განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე ალტას დაურეკა ქალმა, რომელმაც თავი რუთ ჯონსონად გააცნო. ქალმა თქვა, რომ ძიძად 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. აღნიშნა ისიც, რომ საკუთარი შვილებიც ჰყავდა. რუთმა პირობა დადო, რომ ბავშვს დილით 7:30 საათზე მიაკითხავდა და თავის სახლში წაიყვანდა.
რუთის ქცევაში ეჭვი არავის შეუტანია. მას გოგონა უნდა წაეყვანა და განსაზღვრულ დროს, როდესაც მელისას დედა სახლში დაბრუნდებოდა, უკან დაებრუნებინა.
რუთმა ბავშვი სახლში რომ აღარ დააბრუნა და უკვალოდ გაქრა, ჰაისმიტმა მაშინვე პოლიციაში განაცხადა. პოლიციამ დედის ეჭვები მაშინვე უარყო და იქით დასდო ბრალი შვილის გაუჩინარებაში. პირდაპირ განუცხადეს, ალბათ საკუთარი შვილი თავად მოკალი, რადგანაც მისი მოვლა არ შეგეძლოო. ალტა პოლიციის ვერსიას ეწინააღმდეგებოდა და ირწმუნებოდა, რომ მთელი დღე რესტორანში გაატარა და შვილი ძიძასთან ჰყავდა დატოვებული. სასოწარკვეთილი ითხოვდა დახმარებას და მიაღწია იმას, რომ პოლიციამ გამოაქვეყნა ბავშვის ფოტოები, ამოწმებდნენ სატელეფონო ზარებს, დადიოდნენ კარდაკარ, მაგრამ რუთი თითქოს უკვალოდ გაქრა და მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
წლები გავიდა მოლოდინში. ტრაგედიამ ალტა ყოფილ ქმართან დააახლოვა. კვლავ შერიგდნენ და მომდევნო წლებში ქალიშვილი და ვაჟი შეეძინათ. პირველი შვილის ძებნა არასდროს შეუწყვეტიათ. ოჯახი ყოველწლიურად აღნიშნავდა მელისას დაბადების დღეს და ლოცულობდა მისი ჯანმრთელობისთვის.
50 წლის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში სამი სხვადასხვა ქალი მივიდა. ყველა მათგანი ამბობდა, რომ მელისა იყო.
მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მელისა იმავე ქალაქში ცხოვრობდა, სადაც მისი ბიოლოგიური მშობლები. რეალურად რა ერქვა იმ ქალს, რომელმაც მელისა გაიტაცა, არასოდეს გამხდარა ცნობილი. მან გოგონა 500 დოლარად მიჰყიდა სოფია უოლდენს, რომელსაც უთხრა, რომ ბავშვი მისი სტუდენტი ნათესავის უკანონო შვილი იყო და დატოვება არ სურდა. სოფია მაშინ ვაჟს ზრდიდა, მაგრამ ქალიშვილზე ოცნებობდა. ამიტომაც, ქალს 500 დოლარი გადაუხადა, ბავშვი აიყვანა და მელანი დაარქვა.
მელანიმ მრავალი წლის შემდეგ თქვა, რომ სოფიას ძალიან სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, უკრძალავდა სხვა ბავშვებთან თამაშს, სცემდა და გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებდა. ოჯახში ძალადობით დაღლილი მელანი უოლდენი 15 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა და იქ აღარ დაბრუნებულა.
17 წლის ასაკში რამდენჯერმე დააკავეს პროსტიტუციისთვის, მუშაობდა ბენზინგასამართ სადგურზე, შემდეგ დამლაგებლად. სამჯერ იყო დაქორწინებული და სამჯერ გახდა დედა. ყველა ბავშვი მას სოციალურმა მუშაკებმა წაართვეს და მიმღებ ოჯახებში გადაიყვანეს, თავად მელანის კი მშობლობის უფლება ჩამოერთვა. მაგრამ ამავე დროს, ყველა ბავშვი იცნობდა საკუთარ დედას და დროდადრო სტუმრობდა კიდეც.
2006 წელს მელანის ბიოლოგიური მშობლები საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს. მაგრამ, დაკარგული ქალიშვილის ძებნას არ წყვეტდნენ. ალტას ქმარმა დნმ-ის ტესტი გაიკეთა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მას სამი შვილიშვილი ჰყავდა და მათ შესახებ არაფერი იცოდა. მალევე სამივე მათგანი იპოვეს და ბავშვებმა ბებიასა და ბაბუას უთხრეს, რომ მათ დედას მელანი ერქვა. მამამ შვილი სოციალურ ქსელში იპოვა, მისწერა კიდეც, მაგრამ მელანიმ არ დაიჯერა და ჩათვალა, რომ ის თაღლითი იყო. შემდეგ მას ბავშვობის ფოტოები გაუგზავნეს, სადაც ჩანდა, რომ ზურგზე გარკვეული ნიშანი ჰქონდა. მელანისაც მსგავსი ნიშანი აღენიშნებოდა, ამიტომაც დნმ-ის ანალიზი სასწრაფოდ ჩაიტარა.
2022 წლის 26 ნოემბერს მელისას მშობლები გატაცებულ ქალიშვილს შეხვდნენ. მისი დაკარგვიდან 51 წელი იყო გასული და შეხვედრა იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ ცრემლები ვერავინ შეიკავა. მელისამ ბიოლოგიური და-ძმაც გაიცნო. ამ შეხვედრამ მისი სიცოცხლე სამუდამოდ შეცვალა. მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნდა, შეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქცევა, მესამე ქმარზე თავიდან დაქორწინდა და საკურთხეველთან მამამ მიაცილა.