ცხვირის წვეთები, რომელიც თავის ტვინის ყველაზე აგრესიულ კიბოს ებრძვის - ახალი კვლევა

თავის ტვინი

მკვლევრებმა შექმნეს ცხვირის წვეთები, რომლებიც ცხვირში არსებულ ნერვებს ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე მიუყვება, რათა ებრძოლოს თავის ტვინის ყველაზე მომაკვდინებელ კიბოს.

პირველადი ცდის შედეგები აჩვენებს, რომ პრეპარატმა უსაფრთხოდ მიაღწია სამიზნეს და თაგვები სასიკვდილო სიმსივნეებისგან დაიცვა.

„ეს მიდგომა აჩენს გლიობლასტომის უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების იმედს და წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს კლინიკური გამოყენებისკენ. ის ხელახლა განსაზღვრავს, თუ როგორ შეიძლება კიბოს იმუნოთერაპიის მიღწევა სხვაგვარად ძნელად მისადგომი სიმსივნეების შემთხვევაში“, — ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეიროქირურგი ალექსანდერ სტეგი.

გლიობლასტომა სიმსივნეები ძალიან აგრესიულია, ძნელია მათი ადრეული დაფიქსირება და თიშავს ჩვენი სხეულის ტიპურ იმუნურ რეაგირებას, რის გამოც რთულია კიბოს ტრადიციული თერაპიებით მათი მიზანში ამოღება.

ეს სიმსივნეები მიწვდომადაც ძალიან რთულია, რადგან წარმოიქმნება თავის ტვინში ან ცენტრალური ნერვული სისტემის გასწვრივ, ნებისმიერ ადგილას.

ეს კიბო აზიანებს თავის ტვინის ფუნქციას, რადგან იწვევს მიმდებარე ჯანმრთელი ქსოვილების შეშუპებას, შეკუმშვას და სისხლის მიწოდების შეზღუდვას.

წარსულში, მკვლევრებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც თაგვების იმუნურ სისტემას ატყობინებს ფარული კიბოს არსებობის შესახებ; ამისათვის მიმართეს კიბოს უჯრედებში ინტერფერონის გენების სტიმულირებას (STING). როგორც წესი, ინტერფერონის გენები სხეულს ვირუსული ინფექციების შესახებ ატყობინებს.

სამწუხაროდ, პრეპარატები, რომლებმაც ამას მიაღწიეს, სხეულში სწრაფად იშლება და საჭიროებს მრავალჯერად ინვაზიურ შეყვანას, რათა მიაღწიოს პირდაპირ კიბოს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა აკანკშა მაჰაჯანმა და მისმა კოლეგებმა ნანოტექნოლოგიის გამოყენებით შეიმუშავეს უფრო მარტივი გზა პრეპარატების საჭირო ადგილამდე მისაღწევად.

„ნამდვილად გვსურდა, რომ ეს პროცესი მინიმუმამდე შეგვემსუბუქებინა პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე ისედაც ავად არიან; ვიფიქრე, რომ ამ პრეპარატების არაინვაზიური გზით მიწოდებისთვის შეგვეძლო სფერული ნუკლეინის მჟავის პლატფორმების გამოყენება“, — განმარტავს მაჰაჯანი.

მათ STING-ის გამააქტიურებელი მოლეკულები სფერულ გენეტიკურ მასალად გარდაქმნეს, რათა უფრო დიდხანს შეენარჩუნებინათ სტაბილურობა. ამის მისაღწევად, მკვლევრებმა გენეტიკური მასალა ოქროს ნანონაწილაკის ბირთვს შემოახვიეს.

ამის შემდეგ, ეს პრეპარატი მკვლევრებმა გლიობლასტომის მქონე თაგვებზე დატესტეს. ასე დადგინდა, რომ ოქროზე შემოხვეულმა გენეტიკურმა ინსტრუქციებმა წარმატებით გაააქტიურა STING გზა, რათა დაებლოკა სიმსივნის ზრდა.

„ამ კვლევით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ზუსტად დაპროექტებული ნანოსტრუქტურები, სახელად სფერული ნუკლეინის მჟავები, უსაფრთხოდ და ეფექტიანად ააქტიურებენ მძლავრ იმუნურ გზას თავის ტვინში“, — ამბობს სთეგი.

მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, ვიდრე ადამიანებზე ჩატარდება კლინიკური ცდები და საჭიროა, რომ ამ ტაქტიკას ზურგს უმაგრებდეს თავდასხმის სხვა მეთოდები, რადგან კიბოს უჯრედებს შეუძლიათ, „ჭკუით აჯობონ“ STING გზას.

თუმცა, როცა ცხვირის წვეთებთან ერთად გამოიყენეს იმუნური სისტემის გამაძლიერებელი სხვა პრეპარატებიც, მკვლევრებმა თაგვებში შეძლეს გლიობლასტომის წინააღმდეგ ხანგრძლივი იმუნიტეტის გამომუშავება.

გლიობლასტომა თავის ტვინის ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. პაციენტთა მხოლოდ 6,9 პროცენტია ცოცხალი დიაგნოზიდან ხუთი წლის შემდეგ.

„როდესაც ბებიაჩემს ბოლო სტადიის ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემდეგ განუვითარდა თავის ტვინის მეტასტაზური სიმსივნე, გამოვცადე, თუ რა სასტიკი გავლენა მოახდინა ამ დაავადებამ მასზე და ყველა გარშემომყოფზე. მისმა ბრძოლამ შთამაგონა ამ ვერაგ სენთან ბრძოლა; ამის საშუალება განათლებამ და წვრთნამ მომცა, თავის ტვინის კიბოს გენეტიკის უკეთესად შესწავლამ“, — ამბობს სტეგი.

კვლევა PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია siteman.wustl.edu-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა