მიხეილ ყაველაშვილი: სულხან თამაზაშვილმა კარგად იცის აჭარის ტკივილიც და სიხარულიც, მოხარული ვართ, რომ სწორედ ის იქნება აჭარის მთავრობის მეთაური

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თორნიკე რიჟვაძეს გაწეული საქმიანობისთვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს წარმატება უსურვა.

„აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს ვულოცავ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას და ვუსურვებ წარმატებას. ის გახლავთ ამ კუთხის შვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა აჭარაში – შესაბამისად, მან კარგად იცის აჭარის ტკივილიც და სიხარულიც. ჩვენ ყველა მოხარული ვართ, რომ სწორედ ის იქნება აჭარის მთავრობის მეთაური. თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით ბატონი სულხან თამაზაშვილის მხარდაჭერისთვის.

ასევე მინდა, აღვნიშნო ბატონი თორნიკე რიჟვაძის დამსახურებები – მას რთულ პერიოდში მოუწია აჭარის მთავრობის მეთაურობა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა რეგიონის განვითარებისთვის. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და აჭარის მუნიციპალიტეტების მერები.