პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის შვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
გია ფერაძის, ტრაგიკული ბედის მსახიობის ცხოვრება კინოს ჰგავს. გამოუსწორებელი რამ შეემთხვა; თავისი მშვენიერი მეუღლე, სრულიად ახალგაზრდა, 26 წლის ირინა მიქატაძე მოკლა. ამ ტრაგედიამ დათრგუნა და აალაპარაკა თბილისი.
ერთ-ერთი ვერსიით, ეს უბედური შემთხვევა იყო – გია ფერაძეს შემთხვევით გაუვარდა მინიატურული, კალმის ფორმის იარაღი და ცოლი შემოაკვდა. სხვა ვერსიით კი, მან განზრახ ესროლა ირინას…
შემზარავი იყო ტრაგედიის გაგრძელებაც – ირინას მამამ, ცნობილმა მოქანდაკემ და სახალხო მხატვარმა – ჯუნა მიქატაძემ დაუნდობლად იძია შური სიძეზე – ამ დანაშაულისთვის განკუთვნილი უმაღლესი ზომა მიასჯევინა, ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გააგზავნინა და მერეც მკაცრად აკონტროლებდა, რომ მისთვის რეჟიმი არ შეემსუბუქებინათ.
გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან ორიოდე წელში გარდაიცვალა. ამ ტრაგედიას ჰყავს კიდევ ერთი მსხვერპლი – მარიკუნა, გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი. ის 11 თვის იყო, მამამ დედა რომ მოუკლა. მარიკუნა ბაბუმ და ბებომ – ჯუნა მიქატაძემ და მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.
გამზრდელი ბებია-ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, ღვთის ანაბარა დარჩა და როგორც ის წლების წინ, გაზეთი "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ და სკანდალურ ინტერვიუში ჰყვებოდა, მიატოვეს ნათესავებმა, მეგობრებმა, ყველამ, ვინც ჯუნა მიქატაძის სიცოცხლეში გარს ეხვია…
მარიკუნა მიქატაძე: – მამას არ ვიცნობდი, მხოლოდ ფილმებითა და ტელევიზიით მყავს ნანახი… ახლა უკვე მოვერიე ჩემს თავს, თორემ თავიდან ძალიან დიდი აგრესია მქონდა მამაჩემზე. შემთხვევით იყო, ძალით იყო, თუ რა იყო, მაინც ის არის, რომ მე დედა არ მყავს, გიას გაუთვალისწინებელი ნაბიჯის გამო. ეს ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის, ასეა დღემდე და ალბათ, ასე იქნება მთელი ცხოვრება…
მამამ დედა მომიკლა, შემთხვევით თუ ძალით, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დედა არ მყავს, ამას შეეწირა ბებიაჩემი, ბაბუაჩემი… ახლა ცოტა შეცოდების მომენტიც გამიჩნდა მამაჩემის მიმართ. ალბათ, თვითონაც განიცდიდა, ეს რომ დაემართა, ციხეში იჯდა და ამაზე მეტი საფიქრალი რა ექნებოდა… გული მწყდება, რომ არ ვიცნობდი…
სამი წლის ვიქნებოდი, ფოტოების თვალიერებისას დედაჩემის სურათი რომ ვნახე და ვიკითხე, ეს ვინ არის-მეთქი. ბებიას არ დაუმალავს, რომ დედაჩემი იყო. მითხრა, ეს დედაშენია და საზღვარგარეთაა წასულიო.
6 წლის ვიყავი, ეზოში ბავშვებთან ვთამაშობდი, მშობლებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ერთმა მკითხა: შენი დედა რატომაა ბებერიო, მე ვუთხარი: მე მყავს დედა, რომელიც ახალგაზრდაა და გერმანიაში წასული-მეთქი. ერთმა ბავშვმა მითხრა: დედაშენი გერმანიაში კი არაა, მამამ დედა მოგიკლა და დედაშენი მკვდარიაო. ეს იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი… როგორ უნდა გადამეხარშა ეს 6 წლის ბავშვს?..
ავვარდი სახლში, დავიწყე ტირილი, ისტერიკაში ჩავვარდი, მომიყევით სიმართლე, მანახეთ მამაჩემის სურათი, მამაჩემი მკვლელია-მეთქი. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. ბებიამ, შეძლებისდაგვარად, როგორც შეიძლება 6 წლის ბავშვს აუხსნა, დამიჯდა და ამიხსნა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. მაინც არ უნდოდა, რომ მძიმედ დაეხატა ყველაფერი…
მაგრამ მერე დროთა განმავლობაში, რაც უფრო ვიზრდებოდი, სულ მესმოდა, მამამ დედა მოუკლა, მამამ დედა მოუკლაო…
საერთოდ, მამაჩემის ხსენება არ ყოფილა სახლში. მერე, რომ გავიგე, დედა მომიკლა, და ვიკითხე, სად არის-მეთქი, მითხრეს, რომ ციხეშია. 11 წლის ვიქნებოდი, ციხიდან რომ გამოვიდა, რომ არ ვენახე და არ მომკარებოდა, ყოველდღე ძიძა დამყვებოდა სკოლაში.
ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ „ბატინკებში“, ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი. ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა, თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მივხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მითხრა, მამაშენი იყოო… მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით…
12-13 წლის ვიყავი, შევედი ოთახში, ბებია ტიროდა, ვკითხე, რა გატირებს-მეთქი. მამაშენი გარდაიცვალაო. ძალა უნდა მოიკრიბო, მაინც მამაშენი იყო და უნდა წახვიდე პანაშვიდზეო. ბებიაჩემის დიდსულოვნებას საზღვარი არ ჰქონდა… წაიკითხეთ გაგრძელება
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N26-ის არქივიდან 2009 წ.)