იცოდით, რომ წითელი პანდის ოჯახის გამრავლება რთული საქმეა, ისინი წელიწადში ერთხელ 24 საათით არიან მზად გამრავლებისთვის

წითელი პანდა

ტყვეობაში მყოფი ცხოველების გამრავლების პროგრამების გლობალური ქსელები ცხოველებს ერთმანეთში ცვლიან და იმედოვნებენ, რომ საფრთხეში მყოფ სახეობებს გაამრავლებენ და გენეტიკურ მრავალფეროვნებას შეუწყობენ ხელს.  წითელი პანდის ოჯახის გამრავლება რთული საქმეა, რადგანაც მდედრებს გამრავლების პერიოდი წლის განმავლობაში ერთხელ, ისიც მხოლოდ 24 საათით აქვთ.

წითელი პანდის ოჯახის წარმომადგენლები მამრი სახელად სუნდარი და მდედრი სახელად ხუსი ახალ ზელანდიაში, უელინგტონის ზოოპარკის წითელი პანდების ჰაბიტატში გააცნეს ერთმანეთს, გამრავლების მიზნით. სუნდარი და ხუსი ერთმანეთს ძალიან კარგად შეეწყვნენ.  2017 წლის ივლისის ერთ დღეს ზოოპარკის პერსონალმა არშიყობის ნიშნები შენიშნა. 17 დეკემბერს ხუსიმ ბელი გააჩინა. მას ნგიმა დაარქვეს, რაც ნეპალურად „ცაში მოკაშკაშე მზეს“ ნიშნავს. ერთ დღეს ნგიმა შესაძლებელია ასევე ჩაერთოს გამრავლების პროგრამაში.

წითელ პანდად, პატარა პანდად ცნობილი Ailurus fulgens-ი ჩინეთში, ინდოეთში, მიანმაში, ბჰუტანსა და ნეპალშია გავრცელებული. ის საცხოვრებლად მთისძირებს, ზომიერი კლიმატის ტყეებსა და ბამბუკის ქვეტყეს არჩევს.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი წითელ პანდას საფრთხეში მყოფად აფასებს. მისი რიცხვი ბუნებაში 2500-დან 10 000-მდეა. მისი ჰაბიტატი ადამიანის საქმიანობის გამო ფრაგმენტირებული და განადგურებულია. მისთვის საფრთხეს საქონლის მიერ გავრცელებული დაავადებებიც წარმოადგენს. 

წყარო: nationalgeographic.ge