„ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი​“ – შინდისის გმირი ნათლია-ნათულის ამბავი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს

shindisis gmirebi

იმ დღეს, შინდისი იერუსალიმი გახდა… მაშინ, იორდანეს ნაცვლად, ნათლია-ნათლულთან ერთად სხვა შინდისელი გმირების სისხლი მდინარეებად დაიღვარა… იმ დღეს, ნათლიამ დიდი აიაზმა (წყლის კურთხევის მსახურება) ყუმბარით შეასრულა… თუ ახალი აღთქმისეულად, სწორედ ნათლისღების დღესასწაულზე გაცხადდა პირველად წმინდა სამება და ციდან მამა ღმერთის ხმა გაისმა, შინდისელის ნაამბობისეულად კი, ნათლიამ ნათლულ მებრძოლთან და დანარჩენ ჯარისკაცებთან ერთად მიწიდან ცამდე, ლოცვა შენდობისთვის გაგზავნა…

ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმა “მამაო ჩვენო”… ლოცვა სრულდება, მცირე დუმილის შემდეგ, უცებ ყველაფერი წამებში ხდება… აფეთქებამ ანგელოზის ხმაც ჩაახშო და ისინიც, ვინც ლოცულობდნენ. აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ თავი ედო.

ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლული, კიდევ ერთი ღირსეული ვაჟკაცი, რომან ზოიძე. ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო, – არა, – კბილებში გამოცრა თურმე გმირმა. ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა.

მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი, – ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, “ლიმონკა” მაქვს და თავს ავიფეთქებთ, ეს თვითმკვლელობა არ იქნებაო, ამბობდა ნათლია… ასე გალობითა და ლოცვით გადავიდნენ გმირები იმიერ სამყოფელში, გაუტეხავად, ტყვედ ჩაუვარდნელად, საქართველოსთვის, მათთვის, ჩემთვის, თქვენთვის და რა თქმა უნდა, რწმენისთვის…

როცა, 2008 წელს, აგვისტოს ომში, საქართველოსთვის შინდისელი გმირები იღუპებოდნენ, იმ წამიდანვე, ნათლია-ნათლულის თავდადებული სიყვარულის და თანგანწირვის ისტორია იბადებოდა. სწორედ ამიტომ, გმირების ისტორიის გახსენების გარეშე, ალბათ შეუძლებელია ნათლისღებაზე წერაც და ამ დღესასწაულის აღნიშვნაც…

მაშინ, ალეკო ონიანი 27 წლის იყო, მისი ნათლული, რომან ზოიძე მხოლოდ 20 წლის…