აგვისტოს ომის ქრონიკები: რა ხდებოდა საქართველოში ზუსტად 14 წლის წინ, 3 აგვისტოს

agvistos omi

14 წლის წინ საქართველოში სროლის ხმა ისმოდა… 14 წლის წინ სამაჩაბლოში ახალი ომის კერა ღვივდებოდა, ისტორიული მტერი ქართულ მიწაზე ქართველების დასაღვრელ სისხლს ითხოვდა…

ადგილობრივები ისტორიული შიდა ქართლიდან და ამჟამად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელით ცნობილი ტერიტორიიდან გაურკვეველ მისამართებზე გადაჰყავდათ.

ხალხი საკუთარ სახლებს ტოვებდა და მათ რუსეთი ლტოლვილის სტატუსს პირდაპირ “საშველად” გამოგზავნილ ავტობუსებში ისე “გულმოწყალედ” ურიგებდა, წლობის ნაშენებ კარმიდამოსთან გამომშვიდობებასაც ვერ ასწრებდნენ…

ეთნიკურ ოსებს მთელი გულწრფელობით სჯეროდათ, რომ “სისხლისმსმელი” ქართველები მათ ამოწყვეტდნენ… ასეთი იყო დე ფაქტო ცხინვალში რუსული პროპაგანდა და სამწუხაროდ, არც ამ პროპაგანდის მსხვერპლი იყო ცოტა…

მეორე მხარეს კი დარჩენილი საქართველო იდგა… “აქეთ” ბიჭები ქართული მიწის დასაცავად ემზადებოდნენ… 14 წლის წინ, სრულიად ახალგაზრდა ქართველები დიდ რუსეთთან საომრად მიდიოდნენ…

მაშინ, თბილისის გასასვლელში გზა გადაიკეტა, თეთრ პიკაპებზე ამხედრებული შავ თავსაბურავიანი მებრძოლები ბრძოლის ველზე მიდიოდნენ… გზაზე გაჩერებული ადამიანები შეძახილებით ამხნევებდნენ, ჯარისკაცები კი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლის პირობას გზა და გზა დებდნენ.

იბრძოდნენ სამშობლოში შემოჭრილი რუსული არმიის წინააღმდეგ, იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თითოეული ჩვენგანის სიცოცხლეს…

შეიარაღებულ ბიჭებს ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დიდი რწმენა ჰქონდათ. ჩვენ, ტელევიზორებთან მსხდომებს კი, ჩვენი მებრძოლების თავდადების გვჯეროდა…

საქართველოს გაერთიანების იმედი დიდი იყო… თუმცა, ახალი ომი სულ სხვა მომავალს გვპირდებოდა და რუკაზე სულ სხვანაირ კონტურებს ავლებდა – ეკლიანი მავთულხლართების სისხლიან, ტკივილიან და გაცრუების ფერ კონტურებს…

სისხლიანი აგვისტოს მოწყობა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა – ჩრდილოელ, იმპერიალისტური ზრახვებით გაჯერებულ მეზობელს პატარა საქართველოს დიდი დასავლური მომავალი უნდა მოესპო…

ქვეყანაში ომი იწყებოდა… მანამდე შიდა ქართლი იბომბებოდა, 3 აგვისტოს კი როკის გვირაბთან დისლოცირებული რუსული არმია ჩვენთან შემოჭრისთვის ემზადებოდა… და მერე იყო სისხლიანი, უმძიმესი 8 აგვისტო…