„გარდაუვალ სიკვდილს სასწაულმა გადაარჩინა...“ - დადიანების ტაძარში აღდგომას მომხდარი ამბავი

ლოცვა

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მომხდარა საქართველოში, დადიანების სალხინოს რეზიდენციის ტაძარში და მასზე სალხინოს დადიანების კარის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის დეკანოზს, სერაფიმეს (დანელია) მოუყოლია:

დიდი შაბათის საღამოს ცხრა საათისთვის, მრევლი ეკლესიაში უფლის ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად რომ იკრიბებოდა, საკურთხეველში სადღესასწაულო მსახურებისთვის სამზადისში მყოფ მამა სერაფიმეს გარედან ჩოჩქოლი შემოესმა: მოხუცებული ქალი ხევში გადავარდნილაო! ტაძრამდე მისასვლელად თურმე პატარა ღელეზე გადებული ხიდი იყო გადასავლელი, რის შემდეგაც ცხრა მეტრი სიღრმის ხევის პარალელურად უნდა გევლო. სწორედ ამ ხევში ჩავარდნილა ამ ტაძრის მრევლი, იმხანად 78 წლის ვერა ბებო.

სასწრაფოდ გაუშვიათ მანქანა ექიმის მოსაყვანად, ვერა ბებო კი ამოუყვანიათ და ხელში ატატებული შეუყვანიათ ტაძარში. დანახვისთანავე, მოხუც ქალბატონს მამა სერაფიმესთვის მომხდარით და არა - ფიზიკური ტკივილის გამო გამწარებულს უთქვამს: - ეს რა გიქენი, მამა სერაფიმე, ჩაგიშალე აღდგომის დღესასწაულიო?!

დეკანოზის თქმით, ვერა ბებო მრევლში ყველაზე ხანდაზმული, მაგრამ ყველაზე მხნე ყოფილა: - რომ იტყვიან, ,,კლდის ნატეხი", იშვიათი იუმორის გრძნობითა და ადვოკატის სიტყვა-პასუხით.

მთელი ცხოვრება სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და ქვრივობაში გამოზარდა ოთხი შვილი... მოხუცი, თურმე, წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძრისკენ მიმავალი აღმართის დასაწყისში ცხოვრობდა. მისი ნამოწაფრებს ახსოვთ, ვერა მასწავლებელს რამდენჯერ დაუსჯია და დაუცინია მათთვის აღდგომას კვერცხის საღებავით დასვრილი ხელებისა და ეკლესიაში სიარულის გამო. თუმცა, ერთ კონკრეტულ დღეს, მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვლილა: ახლობელს ეკამათებოდა და უცებ, თვალწინ ეკლესია წარმოდგომია, თანაც ისეთ ადგილას "დაუნახავს", სადაც ტაძარი არასდროს მდგარა. - ეკლესიას აქ რა უნდაო?! - გაჰკვირვებია, პირჯვარი გადაუწერია და თავი დაუხრია. სწორედ იმწამს გადაუქროლია თავს ზემოთ მასთან გააფთრებული მოდავის ნასროლ საკმაოდ მოზრდილ ქვას.

ვერა ბებო მიმხვდარა, რომ გარდაუვალ სიკვდილს ღვთის სასწაულმა გადაარჩინა. მეორე დღესვე ეკლესიაში მისულა და უთხოვია: უვარგისი ვიყავი აქამდე, არა ვარ ღირსი აქ ვიდგე, მაგრამ ეკლესიამ გადამარჩინა და თუ მიმიღებთ, ყოველთვის ვივლიო. ასე დაწყებულა მისი ახალი - ეკლესიური ცხოვრება.

იმ აღდგომა ღამეს, ხევში რომ გადავარდა, მშრალ ადგილას თავით დაცემულა და არაფერი დაშავებია. სანახავად მისულ მეზობლებს უთქვამთ, - არც ახლა მოეშვები ეკლესიაში სიარულსო? ვერა ბებოს უპასუხია: - პირიქით, ახლა სულაც იქ უნდა დავრჩე... წადით და ნახეთ, საიდან გადავვარდი, თუ შეიძლება იქიდან გადავარდნილ კაცს არაფერი სჭირდეს? ცოცხალი რომ დამტოვა ღმერთმა, ვივლი კი არა, ყოველდღე იქ ვიქნებიო...