პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩარლზ მენსონი 1934 წლის 12 ნოემბერს ოჰაიოში დაიბადა და დედასთან და მამინაცვალთან ერთად იზრდებოდა. ბიოლოგიურმა მამამ ოჯახი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე მიატოვა. ჩარლზის დედამ, კეტლინ მედოქსმა კი უილიამ მენსონზე იქორწინა.
როდესაც ჩარლზი ოთხი წლის იყო, დედამისი შეიარაღებული ძარცვისთვის გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ის ხუთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის, ცხრა წლის ჩარლზი უკვე ჩადიოდა დანაშაულებს. ხშირად ქურდობდა და სკოლასაც აცდენდა. 1949 წელს მენსონი ინდიანას ვაჟთა სკოლაში ჩადენილი სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს და არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად, ის დაწესებულებაშიც აგრძელებდა სექსუალური ხასიათის დანაშაულების ჩადენას, რის გამოც, 1952 წელს ჩარლზი ოჰაიოს ფედერალურ რეფორმატორიაში იქნა გადაყვანილი.
1954 წელს, 19 წლის მენსონი ციხიდან გამოვიდა და დასავლეთ ვირჯინიაში დეიდასთან დასახლდა. მოგვიანებით მან იქორწინა და ცოლთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად მძიმე გამოცდილებისა, ჩარლზმა კვლავ განაგრძო დანაშაულების ჩადენა და საბოლოოდ 1957 წელს ლოს-ანჯელესის ციხეში აღმოჩნდა, რა დროსაც, მისმა მეუღლემ განქორწინება მოითხოვა. ქორწინებაში ყოფნის დროს წყვილს ვაჟი შეეძინა.
1957-1967 წლები მან პირობითი სასჯელის პირობებში გაატარა. პარალელურად, ის გახდა სუტენიორი, დაქორწინდა სექს-მუშაკზე და მეორე ვაჟიც ეყოლა, თუმცა წყვილი 1963 წელს განქორწინდა. ამ პერიოდში მენსონმა ჰოლივუდში წარმატების მისაღწევად გზების ძიება დაიწყო. მან ისწავლა გიტარაზე დაკვრა, წერდა სიმღერებს და ცდილობდა ცნობილ ადამიანებთან კავშირის დამყარებას. ამავდროულად მენსონმა კარგად შეისწავლა რელიგია, როგორც კონტროლისა და მანიპულაციის მთავარი იარაღი. მეგობარი კრიმინალებისგან ისწავლა სხვა ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდები და მათი იძულების ტექნიკა.
1967 წელს 32 წლის მენსონი სან-ფრანცისკოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მოგვიანებით საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სექტა ჩამოაყალიბა. მან მალევე გაიცნო თავისი პირველი მიმდევარი, 23 წლის მერი ბრუნერი, რომელიც კალიფორნიაში ბიბლიოთეკაში სამუშაოდ იყო ჩასული. ჩარლზმა ის მისი სახლისა და შემოსავლის გამო აირჩია და მანიპულირების გზით მასთან ერთად წვრილმანი დანაშაულების ჩადენა დააწყებინა.
60-იანი წლების ჰიპური საზოგადოება ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს. მათ პროტესტს ხშირად გენდერული ნორმები წარმოადგენდა, რის გამოც მათი დიდი ნაწილი ხშირად სექსუალური ძალადობის დაუცველი სამიზნე ხვდებოდა. ამის ნათელი მაგალითი მენსონის ყველაზე უმცროსი მიმდევარი - დაიან ლეიკია. მშობლები ლეიკს ნარკოტიკების მიღებისა და სექსუალური ცხოვრების ქონაში ხელს არ უშლიდნენ. გოგონამ მენსონი 14 წლის ასაკში გაიცნო, მშობლების თანხმობით შეუერთდა ჩარლზ მენსონის სექტას და მასთან სექსუალური ურთიერთობაც დაიწყო.
მენსონი სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესში ახალგაზრდა გოგონებს იცნობდა, მათთან საუბარში თავს რელიგიურ ფიგურად ასაღებდა და მათ მის "ოჯახში" გაერთიანებას სთავაზობდა. 1967 წლის შემოდგომისთვის მისი "ოჯახის" წევრების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა და ისინი ლოს-ანჯელესში გადავიდნენ საცხოვრებლად.
ჩარლზმა ჰოლივუდში გადასვლის შემდეგ, მუსიკალურ ინდუსტრიაში კონტაქტების ძიება დაიწყო. მენსონი საკმაოდ დაუახლოვდა "Beach Boys-ს" წევრ დენის უილსონს, რომელმაც ჩარლზს და მის სექტას თავის სახლში ცხოვრების უფლება მისცა. მან მენსონს მუსიკალური ალბომის ჩასაწერად ასობით ათასი დოლარი ასესხა, სანაცვლოდ კი სექტის ქალი მიმდევრებისგან სექსუალურ ურთიერთობას იღებდა. ვილსონის მენეჯერმა სექტა 1968 წლის აგვისტოში გამოასახლა. ისინი ფილმების გადასაღებ მოედანზე დასახლდნენ, სანაცვლოდ კი "მენსონის ოჯახის" ქალბატონები მიწის პატრონს სექსუალურად აკმაყოფილებდნენ.
უილსონი მენსონის მუსიკის პოპულარიზაციას ეწეოდა და თავის ბენდთან ერთად მისი სიმღერაც ჩაწერა. მან ჩარლზს პროდიუსერი ტერი მელჩერიც გააცნო, რომელთანაც ის საკმაოდ ახლოს მეგობრობდა. ამ დროის განმავლობაში ჩარლზი ტერი მელჩერთან ერთად ხშირად სტუმრობდა ჰოლივუდის ვარსკვლავებს. მათ შორის იყო კენდის ბერგენიც.
როგორც ჩანს, მენსონმა თავის მიმდევრებს მკვლელობების ჩადენა იმიტომ დაავალა, რომ ის ცდილობდა მთავრობასა და შავკანიან მოქალაქეებს შორის რასობრივი ომის დაწყებას. მენსონმა ჩამოაყალიბა მოძრაობა, რომელსაც "Helter Skelter" უწოდა და ქადაგებდა, რომ ბითლზის ამავე სახელწოდების სიმღერა, რომელიც რეალურად გასართობ პარკზე დაიწერა, მოახლოებულ ომს ეხებოდა. მენსონი თავის მიმდევრებს ეუბნებოდა, რომ თუ შავკანიანი ამერიკელები არ დაიწყებდნენ ომს, მათ "მენსონის ოჯახი" უნდა დახმარებოდა.
"მენსონის ოჯახის" პირველი მსხვერპლი მათივე მეგობარი, მუსიკოსი გარი ჰინმანი იყო. 1969 წლის ივლისში სექტის წევრები მას ფულის გამოძალვის მიზნით ესტუმრნენ, თუმცა უარის მიღების შემდეგ, ჩარლზის ბრძანებით ის სიცოცხლეს გამოასალმეს.
სექტის წევრები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დანაშაული შავკანიანთა პარტიას დაჰბრალებოდა. მათ მინიშნების დატოვების მიზნით, დანაშაულის ადგილას მსხვერპლის სისხლით პარტიის ლოგოც დახატეს, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან მოგვიანებით პოლიციამ გერი ჰინმანის მკვლელობისთვის "მენსონის ოჯახის" ერთ-ერთი წევრი დააკავა.
1969 წლის 8 აგვისტოს ღამით, მენსონის ოჯახის ოთხი წევრი ჩარლზის დავალებით ცნობილი რეჟისორის - რომან პოლანსკის სახლს ეწვია. მენსონმა მათ დაავალა, რომ სახლში მყოფი ყველა ადამიანი მოეკლათ. კრიმინალებს სახლში პოლანსკის შეყვარებული, შერონ ტეიტი და მისი მეგობრები დახვდათ. ტეიტი ამ დროს რვა თვის ფეხმძიმე იყო. სექტის წევრებმა მეთაურის დავალება ზედმიწევნით შეასრულეს და ორსული შერონი და მისი მეგობრები მოკლეს.
მეორე ღამით, მენსონის ოჯახის წევრები (სუზან, ტექს უოტსონი, პატრიცია კრენვინკელი, ლინდა კასაბიანი, ლესლი ვან ჰაუტენი და თავად ჩარლზ მენსონი) სასურთათო მაღაზიაში შეიპარნენ და ლენო ლაბიანკა და მისი მეუღლე მოკლეს.
სექტის უკანასკნელი მსხვერპლი დონალდ ში იყო, რომელსაც რამდენჯერმე მენსონთან შელაპარაკება მოუვიდა. ჩარლი დარწმუნებული იყო, რომ ში პოლიციას სექტასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიდა, რის გამოც "ოჯახს" მისი მკვლელობა უბრძანა. 1969 წლის 28 აგვისტოს ის სასტიკად სცემეს და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ჩარლზ მენსონის სექტას დაახლოებით 30 წევრი და ასობით მიმდევარი ჰყავდა. მათ დაახლოებით 13 ადამიანი მოკლეს. სექტის მთავარი გეგმა ჰოლივუდის ვარსკვლავების მკვლელობა იყო. როგორც გაირკვა, "მენსონის ოჯახი" ელიზაბეტ ტეილორის, ფრენკ სინატრას, რიჩარდ ბარტონის, ტომ ჯონსის და სტივ მაქქვინის მკვლელობას გეგმავდნენ.
თავდაპირველად "მენსონის ოჯახი" ვანდალიზმში ეჭვმიტანილების სახით დააკავეს, თუმცა მათი ერთ-ერთი წევრის ჩვენებით გაირკვა, რომ ისინი გაცილებით მძიმე დანაშაულებს ჩადიოდნენ. სასამართლო პროცესი 1970 წელს დაიწყო. მკვლელობებში დამნაშავეებს სიკვდილით დასჯა მიესაჯათ, თუმცა საბოლოოდ, მათი სასჯელი უვადო პატიმრობით შეიცვალა.
ჩარლზ მენსონი 2017 წლის 19 ნოემბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაიცვალა. მისი "ოჯახის" წევრების დიდი ნაწილი დღემდე იხდის სასჯელს.
სუზან ატკინსი, პატრისია კრენუინკელი და ლესლი ვანჰოუტენი კალიფორნიის ქალთა ციხეში არიან. ატკინსმა დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი ”child of satan, child of god”, ორჯერ გათხოვდა. 2008 წელს ცნობილი გახდა რომ მას კიბო აქვს და ნახევარ წელზე მეტს ვერ იცოცხლებს. 2009 წლის 24 სექტემბერს ის გარდაიცვალა. დანარჩენი ორი ითხოვენ შეწყალებას, თუმცა უშედეგოდ.