ბიზნესლედი, რომელიც ახლა სარდაფში ცხოვრობს – „მიწას ვამძიმებ, ზეცამდე აღწევს ჩემი ცოდვები“

თამაში

როცა ამ ისტორიას ვისმენდი, ვფიქრობდი, რა უნდა დამეწერა ჩემს ჟურნალისტურ სიტყვად. ეს ის შემთხვევაა, როცა ასოთა თანწყობა ზედმეტია და უბრალოდ გასაოცარია, ერთი ადამიანისთვის ამდენი ტრაგედიის გადატანის შემდეგ, ცხოვრების ისევ თავიდან დაწყებისათვის ძალების პოვნა საკუთარ თავში.

ეს ის შემთხვევაა, როცა აუხსნელია, რა შესაძლებლობები აქვს ადამიანს და რას ნიშნავს ნამდვილი მიზანი. მიზანი, რომელსაც სასწაულებრივი ძალა აქვს…

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ლუდომანი, ახალგაზრდა ქალბატონია. მისი ცხოვრება ზღაპარს გავდა, ჰქონდა ყველაფერი რაზეც უოცნებია, გახდა დედა და როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო, სწორედ მაშინ გაება აზარტის მახეში.

საბედისწეროდ გაება აზარტულ თამაშებში და ყველა და ყველაფერი დაკარგა… ახლა, დანაკარგს აღარ დარდობს, აშენებს ერთადერთი შვილისთვის, დათუჩას იმპერიას… ქალბატონის თხოვნით სტატიაში სახელსა და გვარს არ ვწერთ. არა იმიტომ, რომ თავს უფრთხილდება და საზოგადოების დაპირისპირებას გაურბის, ამ გზით, იცავს შვილს…

ი. მ: „ჩემი სახელის და გვარის თქმა არ მინდა. აღარც კი ვიცი, ვინ ვარ, რისთვის დავიბადე და რატომ ვარ ცოცხალი. 23 წლის ასაკში დროში დავიკარგე. მხოლოდ იმას ვხვდები, რომ მიწას ვამძიმებ, ზეცამდე აღწევს ჩემი ცოდვები და წუთიერი სიხარულის უფლებასაც კი არ მიტოვებს. ვერც შვილად ვივარგე, ვერც მეუღლედ და ვერც დედად…

ყველაზე მძიმე ჩემს ცხოვრებაში უპასუხო კითხვაა: ვინ ვარ მე? გვარ-სახელს მნიშვნელობა არ აქვს, მე ამ ნიშნებით უბრალოდ დავიბადე, მაგრამ ვეღარ მოვკვდები, აღარ ვარ ის, აღარ ვარ ისეთი. დრო არც არაფერს კურნავს და ვერც მაგუებს მოცემულობას, გამოუსწორებელი სიტუაციაც არსებობს და ამ ხალხურ სიბრძნეს სიბრძნე აკლია ჩემი წარმოდგენით…

როცა შენს გამო, ერთი ადამიანი ტრაგიკულად ამთავრებს სიცოცხლეს, ამას როგორ გამოვასწორებ?! მორწმუნეები მეუბნებიან მონანიებითო, ათეისტები – სხვებზე ზრუნვითო… იმ ერთ კონკრეტულ ადამიანს როგორ გავაცოცხლებ? კოშმარია ცხოვრება, როცა იცი რომ მკვლელი ხარ, როცა ყველა ნაცნობი თუ ერთ დროს ახლობელი მოურიდებლად, პირდაპირ კივილით გტოვებს და გაძახებს, მკვლელოო… “ – ამბობს ახალგაზრდა ქალი.

სანამ ლამაზი, ახალგაზრდა გოგონა მშობლის გადაწყვეტილებით გათხოვდებოდა, ოცნებობდა ჰქონოდა კარგი განათლება, პროფესია და კარიერა. მას საკუთარი თავისთვის ცოტა უნდოდა, ოჯახისთვის ძალიან ბევრი. დრომ დრო არ მისცა და გარემოებებმა ჯერ მძევლად აიყვანა, მერე მსხვერპლად აქცია, ბოლოს კი, დამნაშავეცა და მსაჯულიც თავად გახდა…

„საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დავიბადე, ლამაზიც ვიყავი, უდარდელი ცხოვრება მქონდა. საუკეთესო სტუდენტი ვიყავი, მამამ თავისი კომპანიონის შვილზე მალევე გამათხოვა, 19 წლის ასაკში. არც ვგეგმავდი ქორწინებას. მინდოდა, პროფესიას კარგად დავუფლებოდი, კარიერა შემექმნა და მერე გავთხოვილიყავი. არც მიყვარდა ქმარი…

მშობლებმა დაგეგმეს ქორწილის თარიღი, გვიყიდეს საქორწინო ტანსაცმელი და ბეჭდები. მაჩუქეს საუკეთესო მზითვი და გაგვიშვეს საქორწინო მოგზაურობაში. მალევე ფეხმძიმედ დავრჩი. გულს ბავშვის მოვლას ვაყოლებდი. ძიძაც აუყვანეს, მაგრამ თავად ვუვლიდი, ის ქალი უბრალოდ დადიოდა ჩვენს სახლში, არ ვაპროტესტებდი, რადგან მიხაროდა, გაჭირვებულ ადამიანს სარჩო ექნება-მეთქი. ბავშვი სულ რაღაც სამი წლის იყო, როცა ჩემი მამამთილი გარდაიცვალა და ჩემმა ქმარმაც დაიწყო საშინელ წრეში ტრიალი.

წამალსა და თამაშზე დამოკიდებული, შავ-ბნელი წარსულის სამეგობრო გაიჩინა. ნელ-ნელა მამამთილის ბიზნეს წილს ყიდდა და ბოლოს სულ დაკარგა. სანამ მათთან დაიწყებდა ურთიერთობას, ჩვეულებრივი ბიჭი იყო, განათლებული, კეთილი, მაგრამ საშინელი სიმთვრალე ჰქონდა, პათოლოგიურს რომ ეძახიან.

როცა ბიზნესი სრულად დაკარგა, მიადგა, საოჯახო ტექნიკას და დანაზოგი, რაც მქონდა, ისიც გააქრო. შექმნილი ვითარების გამო, ორჯერ ვცადე, წამალდამოკიდებულება გადამეგდებინა და სარეაბილიტაციო ცენტრში დავაწვინე სამკურნალოდ. ცოტა ხანს ჰქონდა შედეგი, მერე ისევ იმავე წრეს უბრუნდებოდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

ექიმი რას გახდებოდა, როცა თავად არ უნდოდა განკურნება და ვერ აღიქვამდა პრობლემას? იძახდა, მაშინ გადავაგდებ ორივეს, როცა მომინდებაო… “ – ამბობს ირმა.

როცა ნარკოტიკებისა და აზარტის წინაშე, ქალი ნადგურდებოდა, დახმარებისათვის მეუღლის დედას მიმართა. იმ შეთხვევაშიც, არ გაუმართლა. რძალი ცილისწამებაში დაადანაშაულა და მოცემულობის მიღება სამომავლოდ გადადო…

„იმის გამო, რომ დედამთილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და თავად ვერ ხედავდა, რა მდგომარეობაში იყო მისი შვილი, ჩემს ნათქვამს არ იჯერებდა. მითხრა, ახლობელს ვთხოვე, ყველა კაზინო შემოიარა და არცერთგან არაა ნამყოფიო. ვერ დავაჯერე, რომ კაზინოში ფიზიკური ყოფნა არაა აუცილებელი, როცა არსებობს ონლაინ თამაშის ვებ-გვერდები…

ქმარი იმას კი ხვდებოდა, რომ კაიფში არავის უნდა დანახვებოდა და არც კაზინოში არ უნდა დაფიქსირებულიყო, რათა მამის გავლენით მოპოვებული ნდობა ახლობლებში არ დაეკარგა, ყველგან ვალს იღებდა. ხალხს ეუბნებოდა, ბიზნესს პრობლემა აქვს და მჭირდება კრიზისის დასაძლევადო. ისინიც აძლევდნენ, შვილების, და-ძმების დასაქმებას სთხოვდნენ და ესეც პირდებოდა…

სინამდვილეში საკმაოდ სოლიდური თანხები, ნარკოტიკებსა და ონლაინ კაზინოებში იფლანგებოდა. მასთან გაშორება გადავწყვიტე. მამაჩემი წინააღმდეგი იყო, მითხრა, ქმარია და ბოლომდე უნდა ზიდო ეგ ჯვარიო.

მე მაშინ გამოვიჩინე უდიდესი სისუსტე, ვერ გავრისკე, მომეკიდა ჩემი შვილისთვის ხელი და თუნდაც, ქუჩაში მეცხოვრა, უბრალოდ მშვიდ ქუჩაში… ბედს შევეგუე. რამდენიმე თვეში ბინაში აღმასრულებელი მოგვადგა და სახლი დავკარგეთ.

შვილთან და მეუღლესთან ერთად მივადექი მამაჩემს, სხვა გზა უბრალოდ არ გვქონდა… როცა მამა ფაქტის წინაშე დადგა, გულის ინფარქტით გარდაიცვალა. როგორც მისმა ერთადერთმა მემკვიდრემ, მივიღე მისი ქონება.

იმის გამო, რომ არც მე და არც დედას მუშაობის გამოცდილება არ გვქონდა, მართვა ჩემმა მულმა აიღო თავის თავზე. ის მამას თანამშრომელი იყო საკმაოდ დიდხანს. ჩემი ქმარი აგრძელებდა თავის „საქმიანობას“. ისევ უდიდესი კრიზისის წინაშე დავდექი, უბრალოდ უკვე ჩემს ნათესაობასთან.

თითოეული მათგანის ვალი დაიდო. იძულებული გავხდი, ბინა გამეყიდა და შედარებით პატარა სახლში გადავსულიყავი პერიფერიაში. ბიზნესს არ ვეხებოდი, შვილისთვის ვუფრთხილდებოდი. გადამალული მქონდა ძვირფასეულობაც მხოლოდ მისთვის… ქმარს კი მივუკეტე კარი და გავაგდე. მეგონა, ამოვისუნთქეთ… მერე მე ავიღე კომპანიის მართვა საკუთარ თავზე და ნელ-ნელა ვსწავლობდი…

ერთი წელი ასე ვიცხოვრეთ. მოულოდნელად ჩემი სახლის კარს მული და დედამთილი მოადგნენ. საზღვარგარეთ პრობლემები შეგვექმნა და ცოტა ხანს შენთან ვიცხოვრებთო. უარი ვერ ვუთხარი.

ერთ საღამოს ნათესავი მესტუმრა და საშინელი ამბავი მითხრა, შენს ქმარს ბინა ბანკში ჩავუდე და ვკარგავო… წესით, განქორწინებული ქმრის მორიგი შეცდომის გამოსწორებაზე მე აღარ უნდა მეზრუნა, მაგრამ ხუთი შვილის დედა შემეცოდა, თან ნათესაურ კავშირს ვერ გავწყვეტდი… თეთრად გავათენე ღამე, ერთადერთი რაც მქონდა, ჩემს სახელზე ბიზნესი იყო, ბინა დედაზე გადავაფორმე ყიდვისთანავე.

მაშინ მივიღე საბედისწერო გადაწყვეტილება. ვიფიქრე, მათემატიკა კარგად თავს არაფერი არ დამაკარგვინებს – მეთქი და ვითამაშე… პირველმა მცდელობამ გამიმართლა, 300 დოლარით 5000 დოლარი მოვიგე. მაშინვე მოვხსენი ანგარიშიდან თანხა და ნათესავს მივურბენინე გახარებულმა.

შევპირდი, ერთი თვე მადროვე და სრულად დავფარავ ჩემი ყოფილი ქმრის ვალს – მეთქი. კიდევ 40 000 მქონდა საშოვნელი. ამ თანხის მოგების იმედით ყველაფერი წავაგე, რაც მქონდა. თურმე, ეს კაზინოს პრინციპია.

პირველ ცდაზე, უმრავლესობას მოაგებინებენ და მერე ასმაგს მიატანინებენ. ისე დავკარგე თავი ინტერნეტ სამყაროში, ვცხოვრობდი ფულის შოვნიდან წაგებამდე და წაგებიდან ისევ შოვნამდე.

დედა ისე იყო მამის გლოვასა და ჩემი ოჯახის დანგრევით გაოგნებული რომ თავიდან ვერაფერს ვერ ამჩნევდა. ვეღარც ბავშვს ვუვლიდი, ჩემს დეპრესიას ბრალდებოდა ყველაფერი… გამოვიტანე დედამთილ – მამამთილისა და ჩემი მშობლების ნაჩუქარი საკმაოდ ძვირფასი სამკაულები, ესეც წავაგე.

გავიდა დათქმულ დროზე მეტიც და ნათესავი უკვე სახლში ისტერიკით მივარდებოდა. დედა მეხვეწებოდა სამკაულები გაყიდე და რასაც მოგცემენ ის მაინც მიეციო. ვერ ვუმხელდი რომ აღარ მქონდა…

დედამთილმაც თავისი ნაჩუქარი ძვირფასეულობის უკან დაბრუნება მთხოვა, როცა აღმოაჩინა რომ ვერაფერს ვეღარ მივცემდი, ნერვიულობით ისიც გარდაიცვალა. დედამ როგორც კი გაიგო, რომ მეც თამაშზე დამოკიდებული გავხდი, ისიც დაიღუპა. ბავშვზე მული ზრუნავდა. ბინაც დავკარგე და ყველაფერი, რაც გამაჩნდა.

მეგობრების გამოწვდილი დახმარების ხელიც დროებითი აღმოჩნდა და პირველი ღამე სკვერში გაათენა. ამ სიმძიმის გაცნობიერებამ ახალგაზრდა ქალი ფსიქიატრიულ კლინიკამდე მიიყვანა…

ცოტა ხანს მეგობრებმა შემიფარეს. ნათესავები არ მიკარებდნენ, მათთვის მე დედამთილის მკვლელი ვიყავი, მტკიოდა ეს ყველაფერი, თუმცა მართალს ამბობდნენ. ერთიდან მეორე მეგობართან გადავდიოდი და ასე. როცა აღარაფერი მქონდა, აღარც არავინ მაძლევდა რამდენიმე თეთრსაც კი, ბავშვი რომ მომენახულებინა, სკვერში აღმოვჩნდი ღამის გასათენებლად. ყველაფერი მაშინ გავაცნობიერე, მოვკალი ადამიანი, ჩემი დედამთილი, დავკარგე დედა.

შვილიც მამიდას შესციცინებდა და ფაქტობრივად ის უწევდა დედობას. არაფერი არ გამაჩნდა, რასაც შვილს დავუტოვებდი, აღარც ბიზნესი და აღარც არაფერი, გარდა ერთი ფუმფულა პატარა სათამაშოსი, რომელიც ერთ-ერთი ნახვისას ჩემს დათუჩას ვუსახსოვრე. ამ რეალობასთან შეჯახებამ გონება საბოლოოდ ამირია. ქუჩიდან ფსიქიატრიულ განყოფილებაში აღმოვჩნდი რამდენიმე თვით…

მას შემდეგ სამი წელი გავიდა. მუშაობა დავიწყე, სარდაფი ვიქირავე სამსახურთან, რომ გზის ფულიც კი არ დამეხარჯა. მიზანი გამიჩნდა, შვილისთვის ფული შევაგროვო და სანამ სკოლას დაამთავრებს.

შეიძლება ყველაფერი მაპატიოს ისე, როგორც მე ვაპატიე მამაჩემს, მშობლობის ხათრით, ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ მამას თავიდანვე რომ გაეღო ჩემთვის და დათუჩასთვის სახლის კარი, განქორწინების ნება რომ დაერთო, ასე არ მოხდებოდა, მაგრამ რაც იყო, იყო…

აზრზე მოსვლისთანავე, მულთან მივედი, დედის დაღუპვის გამო, ბოდიში მოვუხადე, ჩემს შვილზე ზრუნვისათვის კი, მადლობა გადავუხადე. მან მიიღო ორივე. მითხრა, გაუთხოვარი, უშვილო, სხვა ვისზე უნდა ვზრუნავდეო. ჩემმა ძმამ კი წაგართვა ყველაფერიო. აღარ დავუმცირებივარ, აღარ შეუხსენებია, ვინ ვარ მე, მაგრამ მე მახსოვს. ყველა ჩემი ქმრისა და ნათესავის გამომეტყველება მახსოვს, რომლებიც მიკიოდნენ მკვლელოო.

ეს ხმა ვერ მოვიშორე, სულ თან მსდევს და მოსვენების უფლებას არ მაძლევს. ბოლო სამი წელია, ახალ წელს დედამთილის საფლავზე ვხვდები, პატიებას ვთხოვ და ვესაუბრები. მან იცის, რომ კომპიუტერთან, ონლაინ კაზინოსთან მიმიყვანა ყველაფრის შენარჩუნების სურვილმა, სადაც ყველაფერი დავკარგე…

როცა პატარა ბიჭი უკვე დიდი კაცი იქნება, ზუსტად ეცოდინება, რომ დედამ მხოლოდ მისთვის შექმნა ახლიდან ყველაფერი… ეს საჯარო აღსარებაა და აზარტზე გამარჯვებული ერთი ქალის ძლიერი ხმა საზოგადობისთვის…

ახლა როგორ ვცხოვრობ? ჩემს სარდაფში შუქსაც კი არ ვანთებ, ჩუმ-ჩუმად მომდევნო დღის ტანსაცმელს სამსახურში ვიუთოვებ. ვყიდულობ ერთჯერად სუპებს საბითუმო მაღაზიაში, ვჭამ იმდენს, რომ ფეხზე დგომა და შრომა შევძლო. წლებია სალონის კარი არ შემიღია. ვმუშაობ ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერად.

თვეში ერთხელ თურქეთში დავდივარ, დასვენების დღეებში, ფეხით დამაქვს უზარმაზარი ჩანთები და იქიდან ჩამოტანილ ტანსაცმელსა და საოჯახო ნივთებს ვყიდი, საავადმყოფოებში შემაქვს. როცა თავისუფალი დრო მრჩება, ბინებს ვალაგებ დღიურად. გამომუშავებული თანხა ბანკში შემაქვს და იქაც ანაბრის პროცენტი ემატება.

გაგიმხელთ და გეტყვით, რომ მომავალ წელს ჩემს შვილს ბინას ვუყიდი. უბრალოდ მეშინია, ისევ არ გავგიჟდე და კლინიკაში არ მოვხვდე… ერთადერთი რაც ცხოვრებამ ვერ წამართვა ბუნებრივი გარეგნობა და მენეჯერის უნარებია.

ეს ორი კომპონენტი გამომადგა, ცხოვრება ხელახლა დამეწყო. როცა ბინის ყიდვას შევძლებ, შვილის სწავლის ფულის შეგროვებას დავიწყებ.

არც ისე ულმობელია ყველაფერი, როგორც ხანდახან მეჩვენება. ისევ ხომ მომცა განგებამ შანსი დაცემული ავმდგარიყავი? ესეც ხომ სასწაულია. თურმე, ყველაზე ტკბილი, საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული ყოფილა და არა მზამზარეული.