„როგორ მიჭირს ამის დაჯერება, მარიამ...“ - ცნობილია, ავარიის დროს დაღუპული მეორე გოგოს ვინაობა
1789391398
დღეს ადამიანების უმრავლესობას, ყოველდღიური ცხოვრების წარმოდგენაც კი გაგვიჭირდებოდა ელექტროენერგიის, წყალგაყვანილობის, მაცივრისა თუ ინტერნეტის გარეშე. თუმცა ირლანდიელმა მარგარეტ გალაჰერმა ამ ყველაფრის გარეშე მთელი თავისი ცხოვრება გაატარა და დღეს, ოთხმოცწლიან ზღვარს გადაცილებული, ამბობს, რომ არაფერი აკლია.
200 წელზე მეტი ხნის ჩალით გადახურული სახლი ფერმანას საგრაფოში, ირლანდიის დასავლეთით, არა მხოლოდ მისი საცხოვრებელი, არამედ მისი ოჯახის ისტორიის ცოცხალი მეხსიერებაა - წერს Meglepetes.
მარგარეტ გალაჰერი 1942 წელს იმავე სამოთახიან სახლში დაიბადა, სადაც დღემდე ცხოვრობს. საოჯახო მამული ბაბუამისმა 1887 წელს იყიდა და მას შემდეგ მან თითქმის უცვლელი სახე შეინარჩუნა. კედლები ადგილობრივი ქვისგან, თიხისა და ტორფიანი მიწისგანაა აშენებული, სახურავს ტრადიციული ჭვავის ჩალა ფარავს, ხოლო თვითონ სახლი დღეს არქიტექტურულ ძეგლად არის გამოცხადებული და სახელმწიფოს მიერ დაცულია.
სახლში არ არის წყალგაყვანილობა, ცენტრალური გათბობა ან ელექტროქსელი. წყალი მას ყოველდღიურად უახლოესი წყაროდან მოაქვს, ხოლო საკვებს ისევ ღია ცეცხლზე ამზადებს.
მარგარეტის დღე განთიადისას იწყება. ცეცხლის დანთება პირველი ამოცანაა, რასაც წყლის მოტანა და ყოველდღიური საქმეების სერია მოსდევს. სახლს ნავთის ლამპები და სანთლები ანათებს, ხოლო სითბოს ცეცხლი უზრუნველყოფს, რომელსაც ტორფით ანთებენ.
თანამედროვე სამყარო, თუმცა, სრულად არ არის ამოღებული მისი ცხოვრებიდან. მას აქვს მობილური ტელეფონი, რომელსაც მზის დამტენით ან, საჭიროების შემთხვევაში, მანქანაში ტენის. თუმცა ტექნოლოგიები მის ცხოვრებაში მხოლოდ იმ დოზითაა, რამდენადაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია.
„მე არასდროს მცოდნია სხვაგვარი ცხოვრება, გარდა ამისა. ადამიანს არ ენატრება ის, რაც მას არასდროს ჰქონია. ეს ჩემი სიმარტოვეა, ეს ჩემი ნუგეშია“, - ამბობს მარგარეტი.
ეს განსაკუთრებული სახლი არა მხოლოდ არქიტექტურული იშვიათობაა, არამედ ოჯახური მეხსიერების ადგილიც. მარგარეტის მამა იმავე სახლში დაიბადა 1888 წელს და იქვე გარდაიცვალა 92 წლის ასაკში. ირლანდიელის ბავშვობამ საოჯახო მეურნეობაში გაიარა, მოგვიანებით კი ის წლების განმავლობაში უვლიდა ავადმყოფ მამას.
მარტო დარჩენის შემდეგ, მან საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა დაიწყო. აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ კულტურულ ცხოვრებაში, დააარსა ისტორიული საზოგადოება და ბევრი რამ გააკეთა მხარის ტრადიციების შესანარჩუნებლად.
მარგარეტი ხშირად ღიმილით ამბობს, რომ ის „ეკო-მეგობრული იყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ეს მოდაში შევიდოდა“. სინამდვილეში, მისი ცხოვრების წესი უამრავ ისეთ ელემენტს შეიცავს, რომლებსაც დღეს მდგრადობის (სტაბილურობის) ნიმუშს უწოდებენ: ის იყენებს ადგილობრივ პროდუქტებს, თითქმის არ წარმოქმნის ნარჩენებს, აგროვებს წვიმის წყალს და ენერგიის მინიმალური მოხმარებით ცხოვრობს.
ბუფეტზე დღესაც ის თეფშები და საოჯახო ნივთები დგას, რომლებითაც ოჯახის რამდენიმე თაობა სარგებლობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას განდეგილად ჩათვლიდა, მარგარეტი სინამდვილეში ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია. ის სიამოვნებით იღებს სტუმრებს და სიხარულით ჰყვება ძველი ირლანდიური სოფლის ცხოვრების ტრადიციებზე.
მისი საქმიანობა გაერთიანებულ სამეფოშიც აღნიშნეს. საზოგადოებრივი და კულტურული მოღვაწეობისთვის მან ჯილდო მიიღო და მას წილად ხვდა პატივი შეხვედროდა დედოფალ ელიზაბეტ II-ს, ასევე მომავალ მეფე ჩარლზ III-ს. ადამიანების უმეტესობისთვის მარგარეტ გალაჰერის ცხოვრება უჩვეულოა, თავად მისთვის კი - ბუნებრივი. ის უბრალოდ კი არ ცხოვრობს ძველ სახლში, არამედ აგრძელებს ცხოვრების წესს, რომელიც ირლანდიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე უკვე დიდი ხანია გაქრა.
„ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც სურს. ის, თუ როგორ ცხოვრობ, აყალიბებს შენს პიროვნებას. ეს ცხოვრება მაძლევს ჩემს იდენტობას“, - აღნიშნა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.
მიუხედავად იმისა, რომ იგი აღიარებს, რომ ზამთრის თვეები უფრო მძიმედ გადააქვს, ცხოვრების წესის შეცვლას არ გეგმავს. სანამ ჯანმრთელობა და ღონე უწყობს ხელს, მას სურს კვლავ იმავე ჩალით გადახურულ სახლში იცხოვროს, სადაც ოთხმოც წელზე მეტი ხნის წინ დაიბადა.
ციფრული ეპოქის შუაგულში მარგარეტ გალაჰერის ისტორია გვახსენებს, რომ კომფორტი და ბედნიერება აუცილებლად ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. ზოგიერთი სიმშვიდეს უახლეს ტექნოლოგიებში პოულობს, ზოგი კი — ტორფით გამთბარი, ასწლოვანი სახლის შეთეთრებულ კედლებს შორის.