1732386875
ბავშვთა სახლში გაზრდილმა ბიჭმა 38 წლის შემდეგ, სამსახურში მისი გაშვილების შესახებ დედის განცხადება იპოვა
„პრაიმტაიმი“ ერთი ახალგაზრდა კაცის ისტორიაზე წერს, რომელიც ბავშვთა სახლში დაბადებისთანავე მოხვდა და ოჯახის გარეშე გაზრდილ ახლა უკვე 38 წლის კაცს დედის მიერ დაწერილი განცხადება, სადაც შვილზე უარს ამბობს ორი დღის წინ შემთხვევით მიაგნო...
როცა პატარა ბიჭი დაიბადა, მისი მომავალი მშობლებს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. ის ან უნდა გაეშვილებინათ, ან ბავშვთა სახლში, საბჭოთა „პრიუტში“ უნდა გაზრდილიყო. ბავშვის დედამ არჩევანი მოსკოვის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის მთავარ ექიმს მიანდო...
რამდენიმე დღის დაბადებული ვალერი მოსკოვიდან მშობლიურ საქართველოში, ჩვილ ბავშვთა სახლში, იქიდან კი სენაკის ბავშვთა სახლში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ დედას არ იცნობდა, პატარა ველერი ყოველ დღე დედას ელოდებოდა. იმ იმედით იძინებდა, რომ ერთხელაც გათენდებოდა დღე, როცა ლამაზი ქალი მოაკითხავდა, ჩაიხუტებდა და სახლში წაიყვანდა.
17 წლის იყო როცა თავის ტრავმა მიიღო, მაშინ ექიმები ვალერის გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ, ახლობლების ჩარევით ჩხოროწყუში მცხოვრებმა დეიდამ მოაკითხა. დედა ისე გარდაიცვალა შვილს არასოდეს უნახავს. იცის, რომ ძმა ჰყავს, გიორგი თუმცა, ვალერისთან ურთიერთობა არც მან მოინდომა. იცის, რომ დეიდა ჩხოროწყუში ერთ-ერთი მოსამართლის თანაშემწეა.
ერთხელაც ბავშვთა სახლის კარი ორმა ბიჭმა შეაღო და ვალერი იკითხა. აღმოჩნდა, რომ ისინი მამის მიერ გამოგზავნილები იყვნენ. მამა საპატიმროში სასჯელს იხდიდა. ერთი ახალგაზრდა მისი ძმა იყო, მეორე ბიძაშვილი. ხობში მამისეულ ოჯაში მიიპატიჟეს.
ვალერი დედის გვარს ატარებს, ჩიტაიაა. მამა გვარად ბებურიაა. მერე მისმა ძმამ, აკაკი ბებურიამ ურთიერთობა გაწყვიტა. ვალერის აქვს ეჭვი, რომ ეს ქონების გაყოფის შიშით მოხდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარც მამა გამოჩენილა.
სრულწლოვან ასაკს მიღწეულმა ვალერიმ კანონის შესაბამისად სენაკის ბავშვთა სახლი დატოვა და ქუჩაში აღმოჩნდა. მერე ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია, ბევრი ღამე ქუჩაში გაათია, ბევრჯერ შიმშილთან და სიცივესთან ერთად მარტოდ დარჩენილი თავის ცხოვრებაზე არაერთხელ დაფიქრებულა. კითხვა რატომ, ისევ უპასუხოა. არ იცის, რატომ უარყვეს ყველაზე ახლობლებმა ადამიანებმა და რატომ გაიმეტეს ბავშვთა სახლის მკაცრი პირობებისთვის...
ვალერი ახლაც ჩვილ ბავშვთა სახლთანაა დაკავშირებული. ახლა იქ მუშაობს, დამხმარე მუშაკია. 2 დღის წინ დედის განცხადება შვილის გაშვილების შესახებ სრულიად შემთხვევით ხელში ჩაუვარდა. წაიკითხა და კიდევ ერთხელ გაუცოცხლდა წარსულთან დაკავშირებული კითხვები, კიდევ ერთხელ გაუახლდა ტკივილი და კიდევ ვერ უპასუხა თავის დასმულ შეკითხვას - რატომ?!
„დედა არასოდეს მინახავს, ის ჩხოროწყუდან იყო, მადონა ჩიტაია, ახლა გარდაცვლილია. მისი მხრიდან ძმა მყავს გიორგი, მაგრამ მას ჩემთან კონტაქტი არ უნდა. ერთხელ როცა საავადმყოფოში ვიწექი, ადგილობრივმა ჟურნალისტმა დეიდა, მარინა ჩიტაია მოიყვანა ჩემს სანახავად, ის ახლაც მოსამართლის თანაშემწეა.
მამის მხრიდან სენაკის ბავშვთა სახლში ძმამ და ბიძაშვილმა მომაკითხეს. მაშინ გავიგე, რომ მამა ბებურია მყოლია. ჩემი ძმა აკაკი ბებურიაა, ბიძაშვილი გოგიტა ბებურია, ისინი ხობში ცხოვრობენ, ერთხელ დამპატიჟეს კიდეც. ვეკონტაქტებოდი და მათ ამბებს ვკითხულობდი. მერე ჩემმა ძმამ ჩემთან კონტაქტი აღარ მოისურვა. მაქვს ეჭვი, რომ ქონების გაყოფის შეეშინდა. მამამ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ აღარ მომაკითხა. მე მათგან ქონება კი არა, ოჯახური სითბო მინდოდა, მეტი არაფერი. დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ორ ადგილას ვმუშაობ, თავს კარგად ვუვლი.
2 დღის წინ კი, სრულიად შემთხვევით დედაჩემის განცხადება ხელთ ჩამივარდა, ის სამშობიაროს ექიმს ჩემს გაშვილებას ან ბავშვთა სახლში გადაყვანას სთხოვს. არავის ვუნდივარ, არა და ბავშვობიდან ფანჯარასთან ვიდექი და წლების განმავლობაში დედას ველოდებოდი, მეგონა ლამაზი ქალი მოვიდოდა და სახლში წამიყვანდა, ასე ამ ფიქრებში გავიზარდე, რატომ მოხდა ასე, რა დავაშავე დაბადებისთანავე არ ვიცი, ვერ ვპულობ სიტყვებს“ - ამბობს ვალერი ჩიტაია.
ვალერის დედის წერილიდან ამონარიდში ვკითხულობთ, რომ 16 წლის გოგონამ ქორწინების გარეშე ჯარისკაცისგან შვილი მოსკოვში გააჩინა და სამშობიაროს ექიმს განცხადებით მიმართა.
„მე,ილიას ასული მადონა ჩიტაია, დავიბადე 1961 წლის 10 იანვარს, ვლადიმერ ჩიტაია სემიონოვის ძის ვაჟიშვილი. გთხოვთ ჩემს ვაჟიშვილს მისცეთ სახელმწიფო დახმარება ან გააშვილოთ. ჩემი შვილის გაშვილებასთან, მეურვის აყვანაზე ან სახელმწიფო თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ პრეტენზიას არ გამოვთქვამ. განცხადება დაწერილია ნებაყოფლობით.
ჩემი ასაკი 16 წელია, მაქვს ყავისფერი თმა, ყავისფერი თვალები, განათლება კი, 10 კლასი. ვარ ქართველი გოგონა, ფსიქიატრთან აღრიცხვაზე არ ვარ.
ბავშვის მამის შესახებ - ქართველი, საშუალო სიმაღლის, ყავისფერი თვალებით, შავი თმით, მსახურობდა ჯარში, არის დასაოჯახებელი” - წერს ვალერის დედა.
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1732393264