პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში დღესაც დგას სახლი, რომლის კედლებიც დიდი ტრაგედიის მომსწრეა. ერთ ღამეში ამ ოჯახში 17 ადამიანი მოკლეს.
ტრაგიკულ ამბავს ჯენერი ელაშვილი გვიყვება. ის იმ ღამით შემთხვევით გადარჩენილი ბესო ელაშვილის ვაჟია. ბესო მაშინ 10 წლის იყო და სხვა სოფელში, მამიდას სტუმრობდა. ცოცხალიც ამიტომ გადარჩა.
ტიტიკო (ტიტა) ელაშვილი ობლობაში იყო გაზრდილი. მამა ადრე დაეღუპა და დედამ გერად მიიყვანა მეორე ქმართან. როცა ტიტია წამოიზარდა, ვინმე გულბაათ ქართველიშვილს მიაბარეს შეგირდად, რომელსაც მისთვის ცხვრის ტყავების გამოყვანა,დამუშავება და ტყაპუჭების შეკერვა უსწავლებია.
ტიტა ნიჭიერი შეგირდი აღმოჩნდა და ხელობას ისე მალე დაეუფლა, რომ ცოტა ხანში მთელ ქიზიყში გაითქვა კარგი მეტყავის სახელი. ხელობის გამო მას მეტყავე ტიტა შეარქვეს, ოჯახს კი – მეტყავიანთ ოჯახი.
ტიტა მართაზე დაქორწინდა და 8 შვილი შეეძინათ – 6 ვაჟი და 2 გოგონა. მათი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გახლდათ… ქალიშვილები გაათხოვა, ერთი ვაჟი მოუკვდა. ტიტა 5 ვაჟთან და მათ ოჯახებთან (28 სული) ერთად საკმაოდ დიდი სახლში ცხოვრობდა. შეკრული ოჯახი ჰქონდათ. საქმე განაწილებული იყო. ყველამ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა. თან ერთი დაუწერელი კანონი ჰქონდათ: ოჯახის ყველა შრომისუნარიან წევრს უნდა ეშრომა. მამის სურვილი იყო, რომ შვილები არ დაქსაქსულიყვნენ და ერთად ყოფილიყვნენ. ამიტომ ცხოვრობდნენ ერთად. გაყოფილი არაფერი ჰქონდათ – საერთო დოვლათს ქმნიდნენ. ამიტომაც იყო, რომ საკმაოდ წელგამართულად ცხოვრობდნენ და ელაშვილების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იყო.
1921 წლის თებერვალში საქართველოში რუსული მე-11 არმია შემოვიდა და ქვეყნის გასაბჭოება მოხდა. რუსი სამხედროები თავნებობდნენ, მოსახლეობას ავიწროებდნენ. სწორედ იმის გამო, რომ არავის შეეწუხებინა, ერთ-ერთი რუსი ოფიცერი, ვინმე პეჩინსკი მეტყავიანთ ოჯახმა ნათლიად მოიკიდა.
ერთხელ ახლობლებმა მეტყავიანთ ოჯახს გოჭი აჩუქა. ამათ აბარტყეს და ერთი გოჭი დიდ კოლტად აქციეს.
ერთ კვირა დღეს ბოდბისხევის ბაზარში 300 ღორი გაყიდეს. აღებული ფულით ტომარა გაავსეს, ურემზე შეაგდეს და შინისაკენ გასწიეს. ვინმე მჭედლიშვილს დაუნახავს, ტომარა ფულით რომ გაავსეს.
– სად მიდიხართ და რა მიგაქვთო? – უკითხავს.
ამათაც ალალად უპასუხიათ, – ღორები გავყიდეთ და ფული მიგვაქვსო. შემდეგ ეს კაცი შინ დაპატიჟეს და აქეიფეს კიდეც.
დიდძალი ფულის ხელში ჩაგდების სურვილმა შეიპყრო მჭედლიშვილი. წითელწყაროში, ნაწილში მივიდა და ელაშვილების ოჯახის ნათლიის ძმას მოახსენა, – დიდძალი ფულის შოვნა შემიძლია, მაგრამ ხალხი მჭირდება, რადგან ოჯახში ბევრნი არიან და შესაძლოა, წინააღმდეგობა გაგვიწიონო.
20 დეკემბერს, ორღობეში ჯუგაანელი ილა დოლაშვილი გამოჩნდა, რომელიც შინისაკენ მიიჩქაროდა. ყაჩაღებმა ილა გააჩერეს და უთხრეს:
– მეტყავიანთას მიდი და გააფრთხილე, რომ თუ რამე იარაღი აქვთ, გადამალონ, თორემ ბოლშევიკები მიდიან შემოწმებაზე და თუ იარაღს აღმოუჩენენ, გააციმბირებენო.
ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ წინააღმდეგობა ვერ გაეწიათ ელაშვილებს.
ილა დოლაშვილი მეტყავიანთას მივიდა და დანაბარები სოსიასა და ნიკოს გადასცა. იმათაც მოაგროვეს, თუ რამ იარაღი ჰქონდათ და ამბარში ჩაყრილ ხორბალში გადამალეს.
ამასობაში თავდამსხმელებიც მოვიდნენ და ოჯახის ყველა წევრი, დიდი თუ პატარა, ერთ ოთახში მოამწყვდიეს.
ყაჩაღებმა პირველ რიგში ფული და ძვირფასი ნივთები მოითხოვეს. ქალებს სამკაულები მოახსნევინეს და ფულის ძებნა დაიწყეს. ალბათ იფიქრეს, რომ ტომრით მოტანილ ფულს ბალიშებში გადამალავდნენ და მათ დაჭრა-დახევას მიჰყვეს ხელი. სწორედ ამ დროს, ოჯახის უფროსმა დიასალისმა, მართა ბებიამ (ტიტას ცოლი) საუბედუროდ მძარცველთა შორის ნათლიის ძმა ამოიცნო და დაანამუსა, – რატომ არა გრცხვენია, ჩვენი ნათლიის ძმა არა ხარ? რატომ გვძარცვავო?
პეჩინსკის შეეშინდა და გასცა განკარგულება, – ერთიანად თუ არ ამოვხოცეთ, ციხეში ჩაგვყრიანო. არყით შეზარხოშებულ კავალერისტებს ბრძანების გამეორება არ დასჭირვებიათ…
დილით ჯუგაანში საშინელი ამბავი გავრცელდა მეტყავიანთ ამოხოცილი ოჯახის შესახებ. მთელი სოფელი მიაწყდა მათ სახლს. ვინც შიგნით შეღწევა მოახერხა, შეძრწუნებული გამოდიოდა. სახლის ორივე სართულზე, ოთახებში სისხლის გუბეები იდგა და იატაკზე მიმოყრილი იყო ტყვიით დახოცილთა და ხმლებით აჩეხილთა გვამები. იმ ღამით 17 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.
ამ არადაამიანურ ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა სოსიას ვაჟიშვილი – გოგია, რომელიც ბუხარში დაიმალა; 6 თვის თამარი, რომელიც აკვანში იწვა; აკვანი გადაბრუნებულიყო და მომხდურებს შეუმჩნეველი დარჩათ; ანდრიას გოგონა – ელო და მეტყავიანთ ოჯახში აღსაზრდელად აყვანილი ობოლი ელენე, რომლებიც ანდრიას მეუღლემ, ანამ კაბის კალთის ქვეშ დამალა და სიკვდილს ასე გადაარჩინა. თუმცა, მათ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს და რამდენიმე ხნის შემდეგ საშინელი ტანჯვით დაიღუპნენ. ასევე ცოცხალი გადარჩა თვითონ ტიტა, რომელიც იმ დროს უკვე ღრმად მოხუცი იყო, უსინათლო გახლდათ და არც სიარული შეეძლო. ის ქვედა სართულზე იწვა და არც გაუგონია, მის ოჯახში რა ხდებოდა. 28-სულიანი ოჯახიდან მხოლოდ 11 დარჩა ცოცხალი. ისინიც იმიტომ, რომ ამ დროს შინ არ იყვნენ.
ერთ დღეს, სიკო რამდენიმე მილიციელთან ერთად წითელწყაროში წავიდა. სამოქალაქო ფორმაში გადაცმულები იმ რესტორანში შევიდნენ, სადაც წითელარმიელები იკრიბებოდნენ ხოლმე. რამდენიმე კავალერისტი მაგიდას მისჯდომოდა და ლაპარაკობდა. სიკო და მისი თანმხლებნი კი გვერდითა მაგიდას მიუსხდნენ და ყური მიუგდეს.
ეჭვმიტანილებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ უცხო ადამიანები და მაგიდასთან მიიწვიეს, რომ მათი ვინაობა გაეგოთ, მაგრამ სიკომ და მისმა თანამესუფრეებმა ქართულად უპასუხეს, – რუსული არ ვიცით და რას გვეუბნებით, ვერ გაგვიგიაო.
კავალერისტები დამშვიდდნენ და თამამად ალაპარაკდნენ. ერთმა თქვა, – ტყუილად ამოვხოცეთ იმდენი ადამიანი, ფული ვერ წამოვიღეთო.
ზურიაშვილისთვის ეს საკმარისი მტკიცებულება იყო. ზემდგომ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე, იქვე დააპატიმრა კავალერისტები და სასწრაფოდ სიღნაღში წამოიყვანა.
როცა სამხედრო ნაწილში ჯარისკაცების დაპატიმრების შესახებ გაიგეს, ყველაფერი უკვე გვიანი იყო. დამნაშავეებს ჩადენილი დანაშაული ნაღიარები ჰქონდათ და დანარჩენი მონაწილეების გვარებიც – დასახელებული.
სიკო ზურიაშვილი თვითნებობისთვის დასაჯეს – ორგანოდან დაითხოვეს და კარგა ხანს უმუშევრად დატოვეს. უფრო მკაცრი სასჯელი ვერ გამოუტანეს, რადგან ბოროტმოქმედებაში მხილებული კავალერისტების საქმე დამთავრებული იყო.
თუმცა, საბჭოთა სასამართლო დამნაშავეთა დასჯას აჭიანურებდა და გახსნილი საქმე კიდევ დიდხანს იდო უმაღლეს სასამართლოში.
როცა მეტყავიანთ ოჯახში ცოცხლად დარჩენილ ძმებს მოთმინების ფიალა აევსოთ, თბილისში ჩავიდნენ და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიაკითხეს.
ერთ-ერთმა მას მაგიდაზე დაღუპულ ოჯახის წევრთა კუბოების ფოტოსურათი და კავალერისტის მიერ, ძმის მოჩეხილი მტევანი დაუდო, რომელიც შენახული ჰქონია და ქიზიყური პირდაპირობით შეეკითხა: – თქვე გამჩენძაღლებო, ამის გამკეთებლებს ხელს რატომ აფარებთო?
სასამართლოს თავმჯდომარემ მიხაკოს პირდაპირობა ჯერ შეურაცხყოფად მიიღო და გაიფიქრა, – ჭკუას ვასწავლი ამ გაუთლელ ქიზიყელებსო, მაგრამ ამდენი გარდაცვლილის ჭირისუფალს ვეღარაფერი გაუბედა და დაჰპირდა, – დამნაშავეებს მალე დავსჯითო.
მეტყავიანთ ოჯახის მხეცური ხოცვა-ჟლეტის მონაწილეთა სასამართლო პროცესი 2 წლის შემდეგ, სიღნაღში შედგა და 3 დღეს გრძელდებოდა. უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის განაჩენით, დახვრეტა მიესაჯა პეჩინსკის და ექვს წითელარმიელს. მჭედლიშვილს (ვინც „ნაკოლი“ მისცა კავალერისტებს) და დოლაშვილს (ყაჩაღების მიერ გაგზავნილი კაცი, რომელმაც იარაღი გადაამალვინა) 10-10 წლით პატიმრობა აკმარეს. სამი წითელარმიელი კი მეთაურთა დახმარებით რუსეთში გაიქცა და სასჯელს თავი აარიდა.
სიკვდილმისჯილები 2 დღის შემდეგ, სიღნაღის გალავანთან, სახალხოდ დახვრიტეს. როგორც ამბობენ, დახვრეტას მეტყავიანთ ოჯახის წევრები და ჯუგაანის მცხოვრებნი ესწრებოდნენ.