დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
„დგება მომენტი, როდესაც ადამიანს უნდა, რომ „გაშიშვლდეს“, თავისი ცოდვები დაიბერტყოს. თან მინდა ამ ცოდვების დაბერტყვა, თან – არა. თქვენ ბევრი რამ მოგიყევით, თუმცა მინდა, რომ ცოტა რამ ჩემთვისაც შემოვიტოვო“ – თქვა ქალბატონმა ნანა ფაჩუაშვილმა.
მან თავის პირად ცხოვრებაზე მართლაც ძალიან გულახდილი და უცნობი ფაქტებით გაჯერებული ინტერვიუ მოგვცა. რუსთაველის თეატრის მსახიობის შემოქმედება ყველამ ვიცით. თამამი ამპლუის მსახიობი „ჯაყოს ხიზნებიდან“, თამამი კოსტიუმით სპექტაკლში „ადამი და ევა“, ემოციური „ბერნარდა ალბა“ და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის მისი ტრაგიკული პირადი ცხოვრების შესახებ.
ორჯერ უყვარდა. ორივეს ცოლად გაჰყვა. პირველ ქორწინებას ტრაგიკული დასასრული ჰქონდა. მერე ძველ სიყვარულს დაუბრუნდა. დღეს, არც ის ჰყავს გვერდით. ჰქონდა გატაცებები, შეცდომები, რომელსაც დღეს აღიარებს და მეორედ ცხოვრების შანსიც მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიეცეს, თუ ამ დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს. მრავალფეროვანმა და ტკივილიანმა ცხოვრებამ ბრძოლის უნარი შესძინა, ბრძოლის უნარმა თავის გატანა.
„ბრძოლის უნარი ყველას არ აქვს, როგორც პირადში, ასევე კარიერაში. თვითდამკვიდრებისთვის და რეალიზებისთვის უნდა იბრძოლო, ოღონდ სუფთა ხერხებით.
ახალგაზრდობაში „ცისფერ როლებს“ მთავაზობდნენ, ვიყავი „მსხვერპლი“, ჩემზე „ძალადობდნენ“. 35 წლის შემდეგ მარტოსული ქალების როლებს ვთამაშობდი. ასეთი ქალების თამაში მიზიდავდა. ეტყობა, გული მიგრძნობდა, რომ მარტო ვრჩებოდი.
ჩემი კარიერის მესამე ეტაპზე კი ძლიერ და შურისმაძიებელ ქალს ვასახიერებდი. მიხეილ თუმანიშვილმა მითხრა: ცხოვრებაში რასაც გამოცდი, ის ყოველთვის წაგადგება სცენაზეო. ეს, ნამდვილად ასეა“.
„ორივეს რაღაც დავაკელი“
– სად თვლით, რომ უფრო წარმატებული ხართ, პირად ცხოვრებაში თუ კარიერაში?
– ჩემთვის ორივე განუყოფელი იყო. ჩემი ოჯახი ჩემი პროფესია გახლდათ. ორივეს რაღაც დავაკელი. ეს, ჩემი ჯანმრთელობის და ნერვების ხარჯზე ხდებოდა. ორივეს შეგრძნება ბოლომდე მინდოდა. ვნანობ, რომ ბევრი შვილი არ გავაჩინე. ეს შემეძლო. მაგრამ ისევ თეატრის გამო. თეატრში არის პერიოდები, რომელიც ხელიდან არ უნდა გაგისხლტეს. თავად უნდა იფიქრო, როდის, როგორ უნდა მოიქცე. ასე თუ ისე ორივე შევაზავე“.
პირველი სიყვარული
„ეს იყო პირველი შეგრძნება, რაც ქალში იბადება. მეშვიდე კლასში ვიყავი, ბევრი თაყვანისმცემლები მყავდა. ახლაც მიკვირს რატომ? ლამაზი არ ვყოფილვარ. მაგრამ ეტყობა ჩემს თვალებში გამომწვევი ნაპერწკალი და ეშმაკები დარბოდნენ და ეს ბიჭებისთვის შესამჩნევი იყო.
არჩევანი პარალელურ კლასელზე, საჩვენებელ, ფრიადოსანზე გავაკეთე. კალათბურთს თამაშობდა. მის გამო მეც, ჩემი სიმაღლის გოგომ, კალათბურთის თამაში დავიწყე. პირველი წერილი მე მივწერე – რომ მომწონდა და მასზე ვფიქრობდი.
საკმაოდ თამამი ვიყავი. ქალი ევაა. ბადრი კობახიძემ და მიხეილ თუმანიშვილმა შემამჩნიეს, რომ ბუნებით ევა ვარ და რუსთაველის თეატრში ჩემი სადებიუტო როლიც სწორედ ევა იყო. ამ წერილის შემდეგ ჩვენ შეყვარებულები გავხდით. ის მათემატიკაში იყო ძლიერი და მეხმარებოდა.
პედაგოგი მის ხელწერას ცნობდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. სკოლის დამთავრების მერე თეატრალურში ჩაბარება რომ გადავწყვიტე, ეს არ მოეწონა. ქართველი „ჯიგიტის“ შეხედულებებმა იმძლავრა მასში.
არ მომწონს და იქ არ ჩააბარებო, მითხრა. ვნახოთ, თუ არ ჩავაბარებ-მეთქი. ასე დავშორდით და დაიშალა ბავშვური რომანტიზმი“.
პირველი შეხვედრა ტრისტან ყველაიძესთან
„პირველ კურსზე ვიყავი, თეატრალურ ინსტიტუტში ცეკვის დიდი აუდიტორიიდან ფორტეპიანოს ხმა რომ მომესმა. ბედისწერამ მიმიყვანა. გამოვაღე მძიმე კარი. დავინახე, ფორტეპიანოსთან ტრისტან ყველაიძე იჯდა.
მუსიკალური ათწლედი ჰქონდა დამთავრებული და სადაც კი ინსტრუმენტს დაინახავდა, უკრავდა ხოლმე. ძალიან სიმპათიური და ჭკვიანი იყო. ვინც კი მას იცნობდა, იცის, რომ ტრისტანი თავისი ჭკუით ფასობდა. მომეწონასავით. მერე ბუფეტში შევხვდით ერთმანეთს.
არ ვიცნობდი და შორიდან ხელით შეხვეულ ყელზე მანიშნა, მტკივაო, თან ცხელ რძეს სვამდა. მეორე დღეს მოკითხვის მიზეზი მქონდა, ყელი როგორ გაქვს-მეთქი. მოკლედ, ერთმანეთი ვიპოვეთ. ორი წელი დავდიოდით. თეატრალურში ისედაც რომანტიკული გარემოა.
დავდიოდით კინოთეატრში, ალექსანდროვის ბაღში, რუსთაველზე, კაფეში ვსხდებოდით. ეს ყველაფერი აქტიური და მჩქეფარე იყო. ერთ ზაფხულს დავემშვიდობე და მშობლებთან ერთად ბორჯომში, სასტუმროში ვისვენებდი. მოწყენილი ვიყავი, დღეებს ვითვლიდი, როდის დასრულდებოდა ზაფხული და როდის ვნახავდი ტრისტანს“.
თამაზ აფხაიძე – ნანას ბედისწერა და ტრაგედია
ერთხელაც, ტრისტანზე რომ ვფიქრობდი, ძალიან ლამაზი, მაღალი, არაორდინარული ბიჭი დავინახე – თამაზ აფხაიძე. ქალებს ხომ გვაქვს იმის უნარი ვიღაც დავინახოთ, შევაფასოთ, თვალს წყალი დავალევინოთ?! გავიფიქრე – რა საინტერესო და ლამაზი ახალგაზრდაა-მეთქი. მეორე დღეს, ბაღში „გაფუჭებული ტელეფონის“ თამაში დავიწყე.
ეს ყმაწვილი ჩემს გვერდით აღმოჩნდა და ყურში ჩამჩურჩულა. მერე ისე მოხდა, რომ მას, თამაშის წესის მიხედვით, ჩემთვის უნდა ეკოცნა. რომ მაკოცა, რაღაც ავწრიალდი. ტრისტანზეც ნაკლებად დავიწყე ფიქრი. მოღალატე არ ვიყავი, მაგრამ მისმა არაჩვეულებრივმა გარეგნობამ მომხიბლა.
პატარა ვიყავი, 18 წლის. მან კი ძალიან იაქტიურა. თბილისში რომ ჩამოვედი, ღამით ტელეფონით საუბრები გვქონდა, ღამეებს ვათენებდით და გარიჟრაჟზე ჩამეძინებოდა-ხოლმე. ტრისტანს რომ შევხვდი, ის უკვე მიხვდა, რომ შეცვლილი ვიყავი, თავს ვარიდებდი.
თვითონ არ მქონდა ჯერ გათვითცნობიერებული რას ვიზამდი. ტრისტანმა გაუცხოება შემატყო. მიხვდა, თავმოყვარე იყო და ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე თავი შორს დაიჭირა.
პასიური გახდა, აღარ მეძალებოდა. ჩვენ ნელ-ნელა ვშორდებოდით ერთმანეთს. ერთხელ შევხვდით და „ტაიმ-აუტი ავიღოთო“, – მითხრა. კარგი იქნება-მეთქი, ვუპასუხე და ასე იუმორით დავშორდით.
მერე საერთო მეგობრებისგან შეიტყო, რომ მე ხელი თამაზთან მოვაწერე. ეს მართლა ბედისწერა იყო. თამაზმა ძალიან დამაჩქარა. ოთხ თვეში ხელი მოვაწერეთ. აღმოსავლეთ ენებზე სწავლობდა და როგორც წარჩინებულს ირანში გზავნიდნენ.
ცოლი თუ ეყოლებოდა, უფრო მალე გაუშვებდნენ. მოკლედ, ერთი წლის მერე წასვლას ვაპირებდით. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთხელ თამაზი ტახტზე იჯდა, წიგნს კითხულობდა და გავიფიქრე – ღმერთო, მე ხომ არ ვარ ისეთი ლამაზი და რითი მოვხიბლე ეს ზეციური სილამაზის, საინტერესო, თანამედროვე და ღრმა ადამიანი-მეთქი? ულამაზესი გოგონები იყვნენ თამაზით მოხიბლულები და მან მე ამირჩია.
მაგრამ ესეც ბედისწერა იყო, რომ ის ჩემთან ერთად ბაქოში წამოსულიყო და იქ ტრაგიკულად დაღუპულიყო. მე ფილმის „სადა ხარ, ახმეტ“ მთავარ – ჯეირანის როლზე დამამტკიცეს. თამაზი თავის მეგობრებთან და ძმასთან ერთად წამოვიდა.
წამოიღო ბაბინებიანი მაგნიტოფონი. მე რომ გადაღებებზე ვიყავი, ის ამ მაგნიტოფონის მეშვეობით ირანულს სწავლობდა. ჩემს მშობლებს არ უნდოდათ ამხელა გზაზე ეს უმძიმესი მაგნიტოფონი რომ წამოეღო.
ვარჯიშობდა, ერთ ხელში მიკროფონი ეჭირა, მაღალი დენი იყო და ამ დროს წრედი შეიკრა. თამაზი, ჩვენს თვალწინ, ადგილზე გათავდა. არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ მე ვიწექი, საღამურით წამოვვარდი და ქუჩაში სასწრაფოსთვის გავვარდი. ვერაფერი ვუშველეთ.
ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია, დარტყმა იყო. ერთად ოთხ თვე-ნახევარი ვიცხოვრეთ მხოლოდ. ბაქოში არასდროს ჩავალ-მეთქი ნათქვამი მქონდა.
ექვსი წლის წინ ბაქოში გასტროლებზე ჩასვლა გავბედე და იმ ქუჩებში გავიარე, სადაც იმ ტრაგედიის ღამეს, ფეხშიშველი, პერანგით, შეშლილი დავრბოდი. ეს სიზმარი იყო, რომლის გახსენებაც არ მინდოდა. იმ ტრაგედიის დროს გავიგე, რომ ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი.
ბავშვი უნდა დამეტოვებინა! თამაზის გვარის გამგრძელებელი და ის აუცილებლად ბიჭი იქნებოდა. 31 დეკემბერს მართლაც დაიბადა ბიჭი და მისი სახელი დავარქვი. დაბადება უდიდესი მოვლენა იყო, საყვარელი ადამიანისგან, პირმშო გაჩნდა, მაგრამ დიდი მწუხარებაც გახლდათ. მას მამა არ ჰყავდა.
მაინც მარტო ვიყავი. ქალი მამაკაცის სიყვარულით აჩენს შვილს. ეს დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. ჩემი შვილი, თამაზ აფხაიძე, მამამისივით ლამაზი არ არის, მაგრამ მისივე ხმა და მანერები აქვს“.
„ცდუნებას ვერ ვაჯობე და, ფლირტი დავიწყე“
აი, ამ ტრაგედიის დროს შესთავაზეს ევას როლი. ნანამ ითამაშა – კახი კავსაძესთან (ადამი), ეროსი მანჯგალაძესთან (ღმერთი), გოგი გეგეჭკორთან (ეშმაკი), კარლო საკანდელიძესთან და ბორია წიფურიასთან (ანგელოზები) ერთად.
ამ როლმა მწვანე შუქი აუნთო კარიერაშიც და ტრაგედიის გადატანაშიც დაეხმარა. მერე სულ აქტიურად აკავებდნენ სპექტაკლებში.
„თეატრში ფეხზე დავდექი. თამაზი წამოიჩიტა და ტრისტანიც კვლავ გამოჩნდა. თეატრში ერთად ვიყავით, ვხვდებოდით, მაგრამ მის თვალებში ყოველთვის ვხედავდი ნაღველს.
მთიელი იყო და მთიელები სუფთა და მართალი ხალხია. ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა და მითხრა – რა მოხდება შენი ბიჭი რომ მაჩვენოო. ჯერ პატარაა და რა სანახავია-მეთქი. თუ წინააღმდეგი არ იქნები, მოვალ და ვნახავო. ცოტა დავიზაფრე. საღამოს სტუმრად მართლაც მოვიდა. პატარა თამაზს დახედა, მოეწონა. მისმა ამ ჟესტმა ჩამაფიქრა.
მას შემდეგ თბილად ვესალმებოდი. მერე თვითონ გააქტიურდა. თამაზი სამი წლის რომ გახდა, მინდა დაგელაპარაკოო, მითხრა ტრისტანმა. ვიფიქრე, სპორტული ინტერესით ძველი ჟინის მოკვლა უნდა-მეთქი. და ტრისტანთან შეხვედრას ვიცდენდი. მაგრამ ამ ცდუნებას ბოლოს მაინც ვერ ვაჯობე და, ფლირტი დავიწყე.
იმ ტრაგედიის მერე ეს ნაადრევი იყო. მაგრამ ახალგაზრდა რომ ხარ და იცი, ცხოვრება გრძელდება, დასაყრდენი გინდა. ამან ოჯახზე ფიქრი დამაწყებინა. გნებავთ გამკიცხეთ, მაგრამ მე ტრისტანმა ის დიდი სიყვარული და ტრაგედია დამავიწყა.
მეც ახალი ცხოვრება მომინდა. რომ დავინახე, რომ ტრისტანი ამაზე მოდიოდა, დავთანხმდი. მასშიც ამ ყველაფრის გადასალახად არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ მოხდა – წყენა და გულისტკივილი უნდა დაევიწყებინა. ერთხელ მე და თამაზმა რუსთაველზე ჩავიარეთ.
ტრისტანი ინსტიტუტთან იდგა. მერე, როცა დავქორწინდით, ტრისტანმა მითხრა, იცი მაშინ რა ვიფიქრე? ნანა უნდა გათხოვილიყო, იმიტომ, რომ ეს ბიჭი ჩემზე უკეთესია. მეც ასე მოვიქცეოდი, შენზე კარგ გოგოს რომ შევხვედროდიო. თუ გინდათ ღალატი დაარქვით, ჩვენ დავქორწინდით და შეგვეძინა ხათუნა. თამაზი ტრისტანმა გაზარდა.
თუ რამე კარგი თვისება აქვს, ტრისტანისგან აქვს აღებული. მშვიდი, გაწონასწორებული, იუმორითა და სიყვარულით აღსავსეა. ხანგრძლივი ცხოვრება გავიარეთ, ტრისტანსაც ჰქონდა შეცდომები და მეც. ქალები გიჟდებოდნენ მასზე. გვქონდა გაბუტვის პერიოდი.
რა გამოვიდა, ჩემ „შეცდომებზეა“ ეს ინტერვიუ? შეცდომების გარეშე ვერ იცხოვრებ, მით უფრო, ჩემნაირი ემოციური და რომანტიკული მსახიობი. მქონდა გატაცებები…
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ მთავარი მაინც ერთია – ორ ადამიანს უყვარდეს ერთმანეთი და გაუგონ. ბოლომდე ერთნი იყვნენ.
„შველას მთხოვდა, მაგრამ ვერ ვუშველე“
„30 წლის იყო ტრისტანს სპექტაკლის მერე გულის შეტევა რომ დაემართა. მამაკაცებში ეს მაშინ სენსაცია იყო. მსახიობებს გამართული ეკონომიკური მდგომარეობა არასდროს აქვთ. ჩვენც ძალიან კრიტიკულ მომენტში ვიყავით. ალბათ, ამანაც ღირსეულად გამაძლებინა.
ტრისტანის პალატასთან სკამებზე მეძინა, საღამოს თემურ ჩხეიძის „ბერნარდა ალბას“ ვთამაშობდი. მინდოდა არავის ჩამოვრჩენოდი. მშიერი და ნანერვიულები ვიყავი, ტრისტანის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ყველაფერი თეატრისადმი ფანატიზმმა გადამატანინა.
ყველაფერი დაგროვდა და წლების მანძილზე ვუძლებდი, თავგადადებული გავხდი. მერე, კარგად რომ არ იყო, მე ფხიზელი ძილი ვიცი და ღამით მასზე ხელი მეკიდა. ასე ხელჩაკიდებული წავიდა ჩემგან… გვერდით ვიყავი, დიდი შეტევა რომ დაემართა და შველას მთხოვდა, ნანაო, დამიძახა, მაგრამ მე ვერ ვუშველე… 55 წლის ხდებოდა.
იმ სახლში ვეღარ ვცხოვრობდი, სადაც მე და ტრისტანმა ვიცხოვრეთ. ყველაფერი მის თავს მახსენებდა. ამიტომ ყველაფერი გავყიდე. მშენებარე ბინაში შევედი და ახალი ავეჯი შევიძინე. ახალი ცხოვრება დავიწყე. გამოსავალი ასე ვიპოვე…
„ყველამ იცის თავისი შეცდომები, მაგრამ არ ტყდებიან“
„რომ მითხრათ, ცხოვრება თავიდან დაიწყეო, არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებ. თუმცა ჩემს შეცდომებს კი გამოვასწორებდი. ვნანობ ამ შეცდომებს და ამიტომ. ადამიანს თუ აქვს იმის უნარი, რომ ცოტა გვერდიდან შეხედოს საკუთარ თავს, ბევრად სწორად იცხოვრებს.
მე ვფიქრობ, ყველამ იცის თავისი შეცდომები, მაგრამ არ ტყდებიან. ახლა მინდა მშვიდად ვიცხოვრო. მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქრო. ბევრი ვიმოგზაურო, ბუნებაში გავიდე.
ცურვა რომ არ შემეძლება, ჯოხით ხელში ბაღში გადავალ, სკამზე დავჯდები, რომ ჩიტების ჭიკჭიკს მოვუსმინო. სიბერისთვის ვემზადები. მინდა მშვიდად წავიდე“.
(სტატია მომზადებულია გაზეთ პრაიმტაიმის საარქივო მასალებიდან)
ავტორი: თამარ გონგაძე