„ოჯახი ყოველთვის მეორე პლანზეა, ამიტომ მეუღლეც თვითონ უვლის საკუთარ თავს და ბავშვებიც დამოუკიდებლად იზრდებიან“ - როგორები არიან ქალი ზოდიაქოს ნიშნები

ქალი ზოდიაქო

ზოგადი მახასიათებლების მიუხედავად, ერთი ნიშნით დაბადებული ქალბატონები და მამაკაცები მაინც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან ქალები ბევრად ემოციურები და იმპულსურები, კაპრიზულები და მომთხოვნები არიან, ვიდრე მამაკაცები.

ვერძი

ვნებიან და სექსუალურ ვერძს, რომელიც ყველაზე ტემპერამენტულ ზოდიაქოს ნიშნად ითვლება, ძალიან უყვარს ქათინაურები და ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამიტომ მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მამაკაცს ქებაც უნდა ეხერხებოდეს და კომპლიმენტების თქმაც, თუმცა მხოლოდ ღირსეული შეძლებს ვერძთან რომანის გაბმას, რადგან უღირსის გვერდით ყოფნას ისევ მარტოობა ურჩევნია.

სიყვარული ვერძმა ზღვარგადასული იცის და არც საკუთარ თავს ზოგავს, არც პარტნიორს, ამიტომ, ვინც მასთან გარისკავს ურთიერთობის გაბმას წინასწარ უნდა მოემზადოს მუდმივი სკანდალებისა და საქმის გარჩევისთვის, მით უფრო, რომ ვერძისთვის არც პარტნიორის ჩასაფრებაა უცხო, არც უმიზეზოდ ეჭვიანობა. ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონები ყოველთვის მარტივად იკეთებენ კარიერას და ამაყობენ საკუთარი მიღწევებით, თუმცა არ ღირს მათთვის უადგილოდ გზის მოჭრა, რადგან ნებისმიერს ისე გადაუვლიან და უკან არ მოიხედავენ.

კურო

ქალურობისა და სილამაზის მმართველი პლანეტის - ვენერას მფარველობით დაბადებული კურო მეტად ემოციური, მგრძნობიარეა და ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას ხშირად დათმობასა და უკან დახევას ამჯობინებს, თუმცა მისი სისუსტისა და ნაკლის შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საკუთარ თავში ეჭვსა და გაუბედაობას ყოველთვის სიჯიუტით ნიღბავს.

სტაბილურობის მოყვარულ ნიშანი, რომელსაც ძალიან აშინებს ცვლილებები, ნებისმიერ სიახლეს უფრთხის და ხშირად სასარგებლო შეთავაზებაზეც უარს ამბობს, ამიტომ ნაკლებად ებმება სასიყვარულო ავანტიურებში და არასდროს პატიობს პარტნიორს ღალატს, მით უფრო, რომ იდეალური მეუღლეა და ნებისმიერი მამაკაცისგან შეუძლია სუპერგმირის შექმნა. მომჭირნე და ეკონომიური კურო ყოველთვის იდეალურად გეგმავს ოჯახის ბიუჯეტს, თუმცა შვილებზე არასდროს ზოგავს ფინანსებს. მეტიც, სწორედ მათთვის იცლება და იხარჯება ბოლომდე, თუმცა საპასუხოდაც ანალოგიურს მოითხოვს. 

ტყუპები

მოუსვენარი ტყუპები ვერასდროს ჩერდებიან ერთ ადგილას, ძალიან უყვართ ცვლილებები, ახლის შესწავლა და ექსპერიმენტების მოწყობა როგორც საკუთარ თავზე, ისე მეგობრებსა და პარტნიორებზე. უშუალო და კომუნიკაბელური ტყუპები ყველასთან სწრაფად პოულობენ საერთო ენას, მზრურნველობით, ყურადღებით არიან განებივრებული და ძალიან მოსწონთ, როცა მათი უნიკალურობით აღფრთოვანებული მამაკაცები ობიექტურობასთან ერთად გონებასაც კარგავენ.

თავქარიანობისა და მუდმივი კეკლუცობის მიუხედავად, ძალიან რთულია ტყუპების პირადი საზღვრების გადალახვა და მათ სამყაროში შეღწევა, რადგან ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონისთვის უმთავრესი მაინც თავისუფლება და დამოუკიდებლობაა, რომელსაც ხშირად კბილებით იცავს. ტყუპების კიდევ ერთ უნიკალურ თავისებურებად ორსახოვნება ითვლება, რომელიც  მუდმივად ცვლილებად ხასიათს და ერთმანეთის გამომრიცხავ თვისებებს - ცინიზმს და უსაზღვრო ემპათიას, ზედაპირულობას და დეტალების შემჩნევის უნარს, გულგრილობას და ზღვარგადასულ ემოციებს აერთიანებს. თუმცა, არ ღირს ნაკლოვანებებზე მითითება, რადგან ტყუპებს ძალიან არ უყვართ შეცდომების აღიარება, ბევრად კომფორტულად გრძნობენ თავს, როცა მრჩევლების გარეშე აანალიზებენ შეცდომებს და თვითონ გამოაქვთ შესაბამისი დასკვნები.

კირჩხიბი

ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს მთვარე მფარველობს, ამიტომ სწორედ ღამის მანათობელი განსაზღვრავს მათ ტემპერამენტს, მოზღვავებულ ემოციებსა და მგრძნობიარობას, რომანტიზმს და სენტიმენტალურობას. კირჩხიბს ჰაერივით სჭირდება ყველაფრის გაზვიადება და დრამატიზება, ემოციების ამოფრქვევა და თუ საჭიროა ყველაფრის ერთი ხელის მოსმით დანგრევა, რადგან ერთფეროვან რუტინულ ცხოვრებას, ისევ ქარის წისქვილებთან ბრძოლა ურჩევნია.

კატეგორიულობით გამოირჩევა ქალბატონი კირჩხიბი პირად ურთიერთობაშიც, რადგან მოულოდნელად შეუძლია მოსთხოვოს პარტნიორს დაქორწინება, რამდენიმე საათში კი, საკუთარი თავის გაიკვირვოს და უკან დაიხიოს. ამ ნიშნით დაბადებულმა ქალბატონმა პირველ რიგში გრძნობების მართვა უნდა ისწავლოს, რათა უკონტროლოდ მიშვებულმა ემოციებმა გაბუტულ და კაპრიზულ სკანდალისტად არ აქციოს, მით უფრო, რომ თანდაყოლილი უნდობლობის გამო კირჩხიბს ძალიან უჭირს გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა და დამეგობრება.

ლომი

ლომის ნიშნით დაბადებულმა ქალბატონებმა, რომლებიც ყოველთვის ძვირფასი ქვებივით ბრწყინავენ, კარგად იციან საკუთარი თავის ფასი, ამიტომ ძალიან რთულია მათი გულის მოგება და კეთილგანწყობის დამსახურება. ქალბატონ ლომს მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებული, ძლიერი მამაკაცები მოსწონს, რომლებიც არა ბანალური და მოცვეთილი ქათინაურებით, არამედ ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებენ.

თავნება და ურჩი ლომი მხოლოდ მაშინაა მზრუნველი და ერთგული მეუღლე, თუ ღირსეული პარტნიორი ჰყავს გვერდით, სხვა შემთხვევაში სინანულის გარეშე დაუსვამს წერტის ურთიერთობას, მით უფრო, რომ არც ეჭვიანობა სჩვევია, არც პარტნიორის ნებისმიერ ფასად შენარჩუნება. ლომის მოთვინიერების მხოლოდ ორი მეთოდი არსებობს - ან სრული თავისუფლება უნდა მისცეს პარტნიორმა, რასაც მოგვიანებით ძალიან ინანებს, ან თვითონ მოიპოვოს დომინანტის პოზიცია, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. 

ქალწული

მართალია, პლანეტა მერკურის მიერ მართული ქალწულები სხარტი აზროვნებითა და გამჭრიახი გონებით, პერფექციონიზმით და პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, მაგრამ საოცრად რბილი ხასიათი აქვთ და განსაკუთრებით გულჩვილები არიან, რასაც საკუთარ ნაკლად მიიჩნევენ, ამიტომ საგულდაგულოდ მალავენ და არავის აჩვენებენ რეალურ სახეს. ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორულ ურთიერთობას, რადგან მარტოც ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, მით უფრო, რომ ბევრი ვერ უძლებს მათ რეჟიმს, რომელიც სავალდებულო რიტუალების ნუსხას უფრო ჰგავს, ვიდრე ნორმალური დღის განრიგს. 

ინტელექტუალი ქალწულისთვის კარიერაა პრიორიტეტული, ამიტომ ყოველთვის მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს, შემოსავალს კი, დაუფიქრებლად, ზედმეტად ხელგაშლილად ხარჯავს საკუთარ თავსა და ხანმოკლე რომანებზე, რომლებიც გულის გადასაყოლებლად უფრო სჭირდება, ვიდრე სერიოზული ურთიერთობისთვის.

სასწორი

სასწორის ნიშნით დაბადებული ქალბატონები სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობით, ნებისმიერ სიტუაციაში წონასწორობის შენარჩუნების უნარით და მანიაკალური სიჯიუტით ხასიათდებიან. უმეტესობას ბრწყინვალე იუმორის გრძნობა და დახვეწილი გემოვნება აქვს. მართალია, ხშირად ეცვლებათ განწყობა, იპყრობთ უიმედობა და დეპრესია, მაგრამ არავის აწუხებენ საკუთარი უგუნებობით, ამიტომ ყოველთვის ბევრი მეგობარი ჰყავთ, რომლებიც სწორედ მათ მიმართავენ დახმარებისთვის.

ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონები, რომელთაც მეტწილად თხელი აღნაგობა აქვთ, გრაციითა და მოხდენილობით გამოირჩევიან, ყოველთვის ელეგანტურად იმოსებიან და პარტნიორსაც იმავეს აიძულებენ. წარმოუდგენელია სასწორის ნახვა სპორტულ ან საშინაო ტანსაცმელში, რადგან სახლშიც ძვირადღირებული სამოსით დაფუსფუსებენ. გარეგნული სილაღისა და სიმსუბუქის მიუხედავად, ძალიან სახიფათოა ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონთან ურთიერთობის გაბმა, რადგან ცვალებადი ხასიათის გამო წარმოუდგენელია მისი განწყობის პროგნოზირება. სასწორს ერთნაირი შემართებით შეუძლია ჯერ ყველაფრის დამტვრევა რაც ხელში მოხვდება, მერე საყვარელი სიმღერის წაღიღინება, ისე თითქოს არაფერი მომხდარა.

მორიელი

მართალია, ქალბატონი მორიელი ხშირად ამჟღავნებს სისუსტეს და ითხოვს დახმარებას, მაგრამ სინამდვილეში, ყველაზე მტკიცე ხასიათი აქვს ზოდიაქოს ნიშნებს შორის, მოჩვენებითი სისუსტე კი, მხოლოდ თვალის ასახვევად სჭირდება. მორიელს, რომელიც საკუთარ თავსაც წამლავს და სხვასაც უწამლავს ცხოვრებას, ყველაფერი საუკეთესო უნდა და ყველგან სრულყოფილებას ეძებს, ამიტომ ძალიან რთულია მისი სტანდარტების დაკმაყოფილება. მეტად იმპულსური ზოდიაქოს ნიშნისთვის მხოლოდ ორი უკიდურესობა არსებობს - ან გონის დაკარგვამდე უყვარს, ან საშინლად სძულს და შურისძიებით ემუქრება მტრად ქცეულ პარტნიორს, რაც ძალიან აბნევს მამაკაცებს, რადგან არასდროს იციან რა უფრო სახიფათოა, გაქცევა თუ მის გვერდით დარჩენა და ყველა დარტყმის მორჩილად მიღება.

საყვარელი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით შვილებისთვის მორიელს თავის გაწირვაც შეუძლია, თუმცა ძალიან უჭირს დაჯერება, რომ ადრე თუ გვიან ბავშვები იზრდებიან და მეტ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას ითხოვენ, ამიტომ ზოგჯერ მის ზღვარგადასულ სიყვარულს და მზრუნველობას ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ლაღ და თავისუფალ მშვილდოსანს კოლოსალური ნებისყოფა და შინაგანი ძალა აქვს. ყოველთვის ერთი დღით, ინსტინქტებით, იმპულსებით ცხოვრობს და ნაკლებად უსმენს გონებას, თუმცა მეტწილად მაინც უმართლებს, ამიტომ არასდროს ფიქრობს მომავალსა და ცხოვრების წესის შეცვლაზე. მართალია, მშვილდოსანთან ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა ურთიერთობა, მაგრამ ძალიან რთულია ოჯახის შექმნა, რადგან არაფრით ეთმობა ერთხელ მოპოვებული თავისუფლება. ამასთანავე, სულ სადღაც გარბის, ჩქარობს და პარტნიორსაც თან ექაჩება.

პირდაპირი და სამართლიანი მშვილდოსანი, არასდროს ცრუობს, არ პირფერობს და არ ღალატობს საყვარელ მამაკაცს, პირიქით, საკუთარი ნებისყოფის ხარჯზე შთააგონებს და ნებისმიერს საოცარ ძალას, თვითრწმენას მატებს. თუმცა, ვერასდროს დაიჩემებს სამაგალითო დედობას, რადგან ძალიან არ უყვარს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, მისი სპონტანური ცხოვრების წესი კი, არასდროს ერგება ბავშვის აღზრდასა და მის მოთხოვნილებებს.

თხის რქა

დისციპლინირებულ და შრომისმოყვარე თხის რქას მთელი ცხოვრება წინასწარ აქვს გაწერილი, პრაქტიკულად დაბადებისთანავე ერთ გზას ირჩევს და მთელი ცხოვრება ისე მიუყვება, არც გვერდზე იხედება, არც ეჭვი უჩნდება, იქნებ გაჩერება და კურსის შეცვლა სჯობს. კარიერისტი თხის რქისთვის, რომელიც სწრაფად მოიპოვებს ხელმძღვანელობის ნდობას და მარტივად აღწევს წარმატებას, ოჯახი ყოველთვის მეორე პლანზეა, ამიტომ მეუღლეც თვითონ უვლის საკუთარ თავს და ბავშვებიც დამოუკიდებლად იზრდებიან, დედის გამოჩენა სახლში კი, ნამდვილ დღესასწაულს ემსგავსება.

ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან არ უყვარს კრიტიკა, რადგან ვერ წარმოუდგენია ოდესმე ცდებოდეს, ამიტომ არ ღირს „ყოველთვის მართალი“ თხის რქის გაღიზიანება, მით უფრო, რომ არც შინაურებს ინდობს, არც უცხოებს და ყველას ერთნაირად ემუქრება სასტიკი ანგარიშსწორებით.

მერწყული

პლანეტა ურანისგან, რომელიც მერწყულის ნიშნით დაბადებულებს მფარველობს, ქალბატონებმა ემოციურობა და იმპულსურობა, სიურპრიზების სიყვარული და უმიზეზოდ ბუნტის მოწყობის დაუოკებელი სურვილი მიიღეს მემკვიდრეობად. მართალია, ერთი შეხედვით მერწყული მსუბუქი და თავქარიანი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში მოზღვავებული ამბიციები ახრჩობს, რომელთაც ყოველთვის ვერ იკმაყოფილებს და თვითონ დამძიმებული სხვასაც საშინლად ამძიმებს.

ბუნებით მერწყული მარტოხელაა, ამიტომ არც ოჯახს ცნობს, არც სერიოზულ ურთიერთობას, მისთვის პრიორიტეტული ხანმოკლე რომანი ან მსუბუქი ფლირტია პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გარეშე. რთულია ამ ნიშნის ქალბატონებთან საქმიანი ურთიერთობის გაბმაც, რადგან არც ჭორებს და ინტრიგებს, არც შანტაჟსა და მუქარას ერიდება სასურველი მიზნის მისაღწევად.

თევზები

მართალია, თევზები წყლის სტიქიას მიეკუთნებიან, მაგრამ ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს ძალიან უყვართ ღრუბლებში ფრენა, რადგან ზედმეტად სენტიმენტალურებს, მგრძნობიარესა და ემოციურებს რეალობასთან შეგუება უჭირთ. თევზებს მშვიდი და სტაბილური ცხოვრება მოსწონთ კონფლიქტებისა და უსიამოვნებების გარეშე, მაშინ, როცა ცხოვრება მუდმივად მახეს უგებს და ხიფათში ცდილობს მის გაბმას.

სწორედ ამიტომ ეძებს ამ ნიშნის ქალბატონი ძლიერ პარტნიორს, რომელიც მისი დამცველიც იქნება და ცხოვრების მეგზურიც, საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას, მას კი, ღრუბლებში თავისუფლად ფრენის უფლებას მისცემს. მართალია, ყოველთვის სასიამოვნოა თევზებთან ურთიერთობა, რადგან მოსმენაც შეუძლიათ, თანაგრძნობაც და სხვისი ტკივილის გაზიარებაც, მაგრამ არ ღირს პრაქტიკული რჩევის ან დახმარებისთვის მიმართვა, რადგან იქაც მოახერხებენ საქმის გააფუჭებს, სადაც შეუძლებელი იყო გაფუჭება.