ყველა ბავშვს, ვინც დაბადებულია 1-ელ ოქტომბრამდე, შესაძლებლობა ეძლევა წელს სკოლაში მივიდეს - გიორგი ამილახვარი

სკოლა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა პლენარულ სხდომაზე განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.

„რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწიოთ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი და განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდება 1-ელ ოქტომბრამდე. მოქმედი წესით, ნაცვლად 15 სექტემბრისა, ყველა ბავშვს ვინც დაბადებულია 1-ელ ოქტომბრამდე შესაძლებლობა ეძლევა წელს მივიდნენ სკოლებში. აღნიშნული ცვლილებით შესაძლებლობა ექნება 2500 პირმა მიმართოს სკოლას“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

როგორც დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, განათლების კომიტეტი ორ თემატურ მოკვლევაზე იწყებს მუშაობს.

„განათლების და მეცნიერების კომიტეტი ორ მნიშვნელოვან საკითხებზე იწყებს თემატურ მოკვლევას. ერთი სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასებას ეხება, ხოლო მეორე, ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას.

პირველი მოკვლევის ფარგლებში შევისწავლით სახელმძღვანელოთა გრიფირების პრაქტიკას და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, ხოლო მეორე მოკვლევის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე და სკოლის შემდგომი განათლების მიღებაზე“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა საბაკალავრო პროგრამებში ე. წ. მასწავლებლების მომზადების მაინორ პროგრამების დანერგვის შესახებ.

„აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს, რომ საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეეძლებათ სწავლის განმავლობაში აირჩიონ და გაიარონ მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად ასევე მოიპოვონ მასწავლებლად მუშაობის უფლებაც“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.