პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება.
მასწავლებელი და ტრენერი ნონა არევაძე-კოტორაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო რჩევებს აქვეყნებს და დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლებს მიმართავს.
,,ორიოდე სიტყვით დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლებისთვის, სანამ სწავლა დაიწყება.
თუ თქვენი შვილი სკოლის დაწყებით საფეხურზე სწავლობს, დაიმახსოვრეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი:
1. პირველ კლასში ბავშვებს საშინაო დავალებები არ ეძლევათ.
ამიტომ, თუ თქვენს შვილს სკოლიდან ბევრი სამეცადინო მოჰყვება (აქ არ იგულისხმება ამ ტიპის უმარტივესი და სახალისო აქტივობები: - გააფერადე, დახატე, გამოძერწე...), ჰკითხეთ მასწავლებელს - რა მიზანი აქვს ამ დავალებებს. შესაძლოა, თქვენ არ იცოდეთ ამ საფეხურზე სწავლების სპეციფიკა, მაგრამ თუ მასწავლებელს მოუსმენთ, აუცილებლად მიხვდებით, რამდენად მიზნობრივია ეს დავალებები. ყურადღება მიაქციეთ, მასწავლებლის მხრიდან ამგვარი ახსნა:
- ბავშვი აქედანვე უნდა მიეჩვიოს მეცადინეობას...
- კლასში ყველაფერს ვერ ვასწრებთ და დანარჩენი სახლში უნდა დაწეროს...
- მე ასეთი მეთოდი მაქვს და ასე ვმუშაობდი ყოველთვის...
- პირველ კლასშიც ვაძლევ დავალებებს, მეორეშიც და მესამეშიც, აბა, როგორ?...
- რაა, დავალებები თქვენ არ გქონდათ სკოლაში?...
არანაირ ინფორმაციას არ გაძლევთ თქვენი შვილის სწავლის შესახებ. საპირისპიროდ მასწავლებელს ჰკითხეთ: - დღეს ქართულის/მათემატიკის გაკვეთლზე რა გააკეთა ჩემმა შვილმა? ყურადღებიანი მასწავლებელი მაშინვე გეტყვით, რა დავალებები შეასრულა ბავშვმა კლასთან ერთად, რა სავარჯიშოებზე/საკითხავზე იმუშავა წყვილში ან ჯგუფურად და დავალებების რა ნაწილი შეასრულა დამოუკიდებლად. მასწავლებელს ეს აუცილებლად ეცოდინება, რადგან მას მთელი ეს პროცესი წინასწარ ექნება დაგეგმილ-მომზადებული. შესაბამისად, შესაძლოა თქვენი შვილის მიერ შესრულებული ნამუშევრები გაჩვენოთ კიდეც.
ასეთ შემთხვევაში, ბავშვს სახლში აღარ სჭირდება ბევრი დავალების შესრულება და „სამეცადინო“, რადგან ის საკლასო ოთახში აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს.
2. მომდევნო კლასებში ბავშვს არ უნდა ეძლეოდეს დავალება, რომლის შესრულებასაც დიდი დრო სჭირდება. ასევე, არ უნდა ჰქონდეს ისეთი დავალება, რომელსაც დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე ვერ ართმევს თავს. მეტიც, რაც ბავშვმა საშინაოდ უნდა გააკეთოს, მისი მსგავსი უკვე შესრულებული უნდა ჰქონდეს კლასში დამოუკიდებლად (დაიმახსოვრეთ - დამოუკიდებლად!). ამ პროცესს მასწავლებლები აკვირდებიან, რათა შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ - უჭირს დამოუკიდებლად მუშაობა? მაშასადამე საჭიროა დადგენა - რა იწვევს ამ სირთულეს. სხვა შემთხვევაში მარტივ ლოგიკას რომ მივმართოთ - თუ მასწავლებელმა არ იცის, ბავშვი დამოუკიდებლად შეძლებს თუ არა სახლში დავალების შესრულებას, მაშ, რა აზრი აქვს ასეთი დავალების მიცემას? მაშ, ის როგორ გაიგებს, დავალება ბავშვმა შეასრულა თუ მშობელმა (ან რეპეტიტორმა)?
3. დაწყებით კლასებში ბავშვის მომზადება რეპეტიტორთან ნიშნავს შემდეგს: - თქვენ უკვე აღიარეთ, რომ - ა) თქვენი შვილის მასწავლებელი მას არ ასწავლის საკმარის და საჭირო მასალას, ბ) ბავშვი იმდენად ჩამორჩება სასწავლო პროგრამას, რომ აღდგენას დახმარების გარეშე ვერ უმკლავდება, გ) გგონიათ, რომ ამით ბავშვს კლასში საუკეთესო მოსწავლედ აქცევთ.
სინამდვილეში, მიიღებთ ერთ ძალიან მოსალოდნელ შედეგს - დაუსრულებელი სასწავლო პროცესის შედეგად ბავშვს დაეკარგება სწავლის მოტივაცია; გაუქრება რწმენა, რომ მას თავად შეუძლია სასწავლო მასალის დაძლევა; გახდება მუდამ სხვაზე დამოკიდებული.
ნუ გამოსცდით საკუთარ შვილზე ამ ჭეშმარიტებას. როცა თავადაც დარწმუნდებით, რომ მართალს გეუბნებით, შესაძლოა უკვე გვიან იყოს. დანარჩენი მკითხეთ, გიპასუხებთ", - წერს ნონა არევაძე-კოტორაშვილი სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
„... ჩვენ მთლიანობას ვპოულობთ" - ყველაფერი, რაც მარხვის შესახებ უნდა ვიცოდეთ
VIDEO: შემზარავი კადრები თბილისის ქუჩებიდან - „სიკვდილს უვარდებიან ხელებში“