თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა - თურქეთის თავდაცვის სამინისტრო
1762871838
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში აკადემიაში ოფიციალურად გაიხსნა მუზეუმი — სივრცე, რომელიც ასახავს საქართველოს მეცნიერების განვითარების ისტორიას და წარმოადგენს უნიკალურ ცოდნის ცენტრს მომავალი თაობებისთვის.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე და აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი.
როინ მეტრეველმა აღნიშნა, რომ ქართული მეცნიერების ფესვები საუკუნეების სიღრმეში მიდის:
„აქ არის მოცემული ძველი საწყისები ქართული მეცნიერებისა, კერძოდ ის, რომ ჩვენ მეოთხე საუკუნეში გვქონდა ფაზისის აკადემია, მე-12 საუკუნეში — გელათის აკადემია და უნივერსიტეტი. ამ აკადემიამ უწინარა ევროპულ უნივერსიტეტებს, ევროპაში უნივერსიტეტი მეცამეტე საუკუნეში შეიქმნა. ამდენად, ეს რენესანსი ჩვენთან უფრო ადრე იყო და ამ გზით წავედით ჩვენ — შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც შექმნა საფუძველი, დაარსებულიყო აკადემია,“ — განაცხადა მეტრეველმა.
განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მნიშვნელოვან ისტორიულ როლს ასრულებს ქვეყნის განვითარების საქმეში:
„გამორჩეულია ეს დღე, რადგან მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიხსნა მუზეუმი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აკადემიის დამფუძნებლებისა და განვითარების ისტორიის შესახებ. პატივს ვცემთ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და მადლიერი ვართ ბატონი როინ მეტრეველის თაოსნობით, რომ ამ ფორმატში შეიქმნა ასეთი სტრუქტურული ერთეული, რომელიც მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანი იქნება,“ — აღნიშნა მინისტრმა.
მისი განცხადებით, საქართველო ემზადება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად:
„სამთავრობო დონეზე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც მე და ბატონი როინი თანათავმჯდომარეობით ვხელმძღვანელობთ. 2025 წლის ბოლოდან 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რაც კიდევ ერთხელ იქნება პატივისცემა მეცნიერებისა და მეცნიერების მოღვაწეთა მიმართ,“ — დასძინა მიქანაძემ.
აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა კი აღნიშნა, რომ მუზეუმის ექსპოზიციის კონცეფცია ეფუძნება აკადემიის ისტორიის მთავარ ეტაპებს და მოიცავს როგორც სამეცნიერო, ისე კულტურულ მემკვიდრეობას.
„მე არ ვარ მუზეუმის სპეციალისტი, მაგრამ მოხდა ისე, რომ კონცეფცია სწორად ჩამოვაყალიბე და სწორი გზით წავედი. ვიცით, რომ მეოთხე საუკუნიდან არაჩვეულებრივი განმანათლებლები გვყავდა, რომლებიც სხვადასხვა მონასტრებში მოღვაწეობდნენ. აქ წარმოდგენილია ფაზისის, იყალთოს და გელათის აკადემიაზე დაფუძნებული ექსპოზიციები. მოვიპოვეთ მასალები წელიწადნახევრის განმავლობაში და შევქმენით არქეოლოგიური, ქართველოლოგიური და გეოლოგიური გამოფენები,“ — აღნიშნა მელიქიშვილმა.
მუზეუმში წარმოდგენილია აკადემიის სისტემაში შემავალი სამეცნიერო ინსტიტუტები, საორგანიზაციო ერთეულები, სამეცნიერო ცენტრები და საზოგადოების მნიშვნელოვანი წარმომადგენლების შესახებ ცნობები.
გამოფენა მოიცავს ფონდის მასალებს, ცნობილი მეცნიერების ნაშრომებს, იშვიათ ფოტოებსა და უნიკალურ დოკუმენტებს.
აკადემიაში გამოიფინა აქვე საბჭოთა, მე–19 საუკუნის ბოლოსა და მე–20 საუკუნის დასაწყისის მეცნიერთა მემკვიდრეობა, აგრეთვე აკადემიის დამფუძნებლების, პრეზიდენტების, ვიცე–პრეზიდენტების, აკადემიური სტრუქტურის ხელმძღვანელების, უცხოელი და ქართველი მეცნიერების კოლექციები. ასევე, იხილავთ ფაზისის, იყალთოს და გელათის საინფორმაციო ბანერებს.
მეცნიერების მსოფლიო დღე
მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის 2001 წელს დაარსდა „იუნესკოს“ ინიციატივით და ყოველწლიურად აღინიშნება 10 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით. ეს თარიღი ემსახურება მეცნიერების როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში.
1999 წელს ბუდაპეშტში, „იუნესკოს“ ეგიდით გამართულ მსოფლიო სამეცნიერო კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მეცნიერების მსოფლიო დღე დღეს გლობალური თანამშრომლობის სიმბოლოდ იქცა. მისი პარტნიორები არიან „იუნესკოს“ ეროვნული კომისიები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციები და კვლევითი ცენტრები.
2023 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2024–2033 წლები გამოაცხადა მდგრადი განვითარების მეცნიერებათა საერთაშორისო ათწლედად, რომლის მიზანია სამეცნიერო ცოდნის გამოყენება მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.
მიმდინარე წელს, მეცნიერების მსოფლიო დღე ეძღვნება თემას — „ნდობა, ტრანსფორმაცია და ხვალინდელი დღე: მეცნიერება, რომელიც 2050 წლისთვის გვჭირდება.“
იუნესკოს მოწოდებით, მეცნიერების მსოფლიო დღე ხელს უწყობს დიალოგს გლობალური გამოწვევების — კლიმატის ცვლილების, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის — მიმართულებით და ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელობას მშვიდობიანი და მდგრადი საზოგადოების მშენებლობაში.
მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მუზეუმის გახსნის გარდა, აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიები გადაეცათ გამარჯვებულ მეცნიერებს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდა 42 მეცნიერი.