გივი მიქანაძე: საქართველო უერთდება მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სწავლის ყველა საფეხური უფასოა

გივი მიქანაძე

ეს არის ისტორიული შედეგი და გადაწყვეტილება. მმართველი გუნდის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც, ფაქტობრივად, სექტემბრიდან, როცა სასწავლო პროცესი დაიწყება, საქართველო უერთდება მსოფლიოს იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სწავლის ყველა საფეხური სახელმწიფოს მხრიდან მთლიანად უფასოდ არის უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, სკოლამდელი განათლება ასევე არის მთლიანად უფასო, თუმცა 2013 წლამდე ფასიანი იყო.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა როცა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საბავშვო ბაღები უფასო გამხდარიყო, 30 პროცენტით გაიზარდა ბავშვების რეგისტრაცია. ანუ 2013 წლამდე ყოველი მესამე ბავშვი უბრალოდ ბაღში არ მიჰყავდათ, რადგან გადახდისუუნარო იყო ოჯახები. სკოლა უფასოა და საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები 2014 წლიდან ასევე ურიგდებათ უფასოდ. პროფესიულ სწავლებას, როგორც სახელმწიფო კოლეჯებში, ასევე კერძო კოლეჯებში სახელმწიფო ვაუჩერული სისტემით აფინანსებს და ახლა უკვე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება ხდება მთლიანად უფასო, რაც ნიშნავს, რომ უკვე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია, რომ სწავლის ყველა საფეხური მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ადამიანს თუ აქვს სურვილი, მიზანი, მოტივაცია, ჩვენ მაქსიმალურად ვუმაღლებთ ამით მოტივაციას. რეალურად, სტატისტიკამაც ეს წარმოაჩინა“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრის განმარტებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი  დარეგისტრირდა და 79 პროცენტზე მეტ შემთხვევაში პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზეა გაკეთებული.

„ოთხჯერ მეტი პირველადი არჩევანი არის სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, მაშინ როცა, შეგახსენებთ, 64 უმაღლესი სასწავლებლიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. 79 პროცენტზე მეტმა გააკეთა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და 20 პროცენტზე ოდნავ მეტმა გააკეთა პირველადი არჩევანი კერძო უნივერსიტეტებზე. საზოგადოების განწყობა, მზაობა და დამოკიდებულება, როგორც ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართ, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებით, აშკარად გამოხატულია ამ ტენდენციით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ამასთან, გივი მიქანაძის თქმით, წელს პირველად აბიტურიენტს ჰქონდა შესაძლებლობა, უმაღლესი სასწავლებლის შესაბამის მიმართულებასთან ერთად, ეროვნული გამოცდების კონტექსტში აერჩია პროფესიული მიმართულებაც და 6 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ეს არჩევანი გააკეთა.

„საკმაოდ მზარდია ეს მიმართულება. თუკი შევადარებთ ჩვენ სტანდარტულ რეგისტრაციის პროცესს პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც, მაგალითად, სტანდარტულ კონტექსტში 5 000-ზე მეტი დარეგისტრირდა –  წელიწადში ჩვენ გვაქვს ორი მიღება, საშემოდგომო და საგაზაფხულო. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ პირველად შემოვიღეთ, რომ აბიტურიენტს შესაძლებლობა ჰქონდა, უმაღლესი სასწავლებლის შესაბამის მიმართულებასთან ერთად, ეროვნული გამოცდების  კონტექსტში აერჩია პროფესიული მიმართულებაც, სულ მცირე, სამი მიმართულება. 6 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ეს არჩევანი გააკეთა.

შესაბამისად, აქაც გვაქვს მზარდი სტატისტიკა. ჩვენ თუ 21 600 ადგილი უფასო სწავლებისთვის განვსაზღვრეთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, პარალელურად, პროფესიულის მიმართულებით ვინც კი ჩაირიცხება, ამ შემთხვევაში საუბარია ახალგაზრდებზე, რომლებიც მინიმალურ ბარიერს გადალახავენ ეროვნულ გამოცდებზე, მაგრამ საკმარის ქულებს ვერ დააგროვებენ, რათა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხონ, ისინი ავტომატურად, დამატებითი გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ არჩეულ ერთ-ერთ პროფესიულ მიმართულებაზე, სადაც სახელმწიფო ასი პროცენტით უზრუნველყოფს დაფინანსებას. იქნება ეს კერძო კოლეჯში სწავლის გაგრძელება, თუ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში, აქაც სახელმწიფო მთლიანად უზრუნველყოფს მათ დაფინანსებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.