1780555563
გივი მიქანაძე პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
მინისტრს უმასპინძლეს და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს უნივერსიტეტის პარტიის მდივანმა ტუნგ ჭუძუენმა და ვიცე პრეზიდენტმა ჩენ ძიანგფენგმა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და წარმატებულ ურთიერთობებზე.
საუბარი შეეხო პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ პეკინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, განსაკუთრებით ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის მიმართულებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების მზაობა გამოთქვეს.












