1746733103
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაციამ ფუდანის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაცია, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქ. შანხაიში მდებარე ფუდანის უნივერსიტეტს ესტუმრა და უნივერსიტეტის პრორექტორთან, ძინ ხაიიენთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობაზე და ამ მხრივ, ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სადიპლომო პროგრამების განვითარებისა და კვლევითი საქმიანობის წარმოების თაობაზე პოლიტიკური მხარდაჭერა დაადასტურა.
უნივერსიტეტის პრორექტორმა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გამოხატა.
დელეგაცია ფუდანის უნივერსტიტეტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათ საგანმანათლებლო საქმიანობას გაეცნო. უნივერსიტეტში ვიზიტის დასასრულს, ქართულმა დელეგაციამ უნივერსიტეტის კამპუსები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.