ახალი სახელფასო ფორმულა მასწავლებლებისთვის - დეტალები

მასწავლებელი

განვლილი ნაწარმოებების განხილვა, საყვარელი პერსონაჟების აღმოჩენა, ემოციების გაზიარება და საზაფხულო არდადეგებზე წასაკითხი წიგნების შერჩევა - ამ ყველაფერს 131-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ერთად აკეთებენ. ინგა რუსია მოსწავლეებს მშობლიურ ენას ასწავლის, თუმცა არა მხოლოდ ენას - ასწავლის მეგობრობას, გუნდურობას, თანაგრძნობასა და ყველა იმ თვისება, რომელიც ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.

გულის კარნახს, უკვე 20 წელზე მეტია, მიჰყვება და ყველაზე მეტ დროს საკლასო ოთახში, ბავშვებთან ერთად ატარებს. ასწავლის თაობებს და სწავლობს თავადაც. ინგა რუსია წამყვანი მასწავლებელია და მასაც, 52 ათასზე მეტ პედაგოგთან ერთად, ხელფასი გაეზარდა.

საზაფხულო არდადეგების გამო, ცარიელ საკლასო ოთახში მარტო დარჩენილი პედაგოგი ნათია ბოჭორიშვილია. 21 წელია, ბავშვებს სახვით ხელოვნებას ასწავლის, არის მენტორი მასწავლებელი და ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ხელფასი 200 ლარით მოემატა.

ხელფასი საჯარო სკოლის 52 ათასზე მეტ მასწავლებელს გაეზარდა. თუ რამდენით, - ამას პედაგოგის მიერ ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობა, სტაჟი, აკადემიურ ხარისხი და სტატუსი განსაზღვრავს. თუ მასწავლებლის საბაზო ხელფასი აქამდე 405 ლარი იყო, ახლა 18 საათის ანაზღაურება 1790 ლარამდე გაიზარდა.

ხელფასები ახალი ფორმულით დაუანგარიშდათ იმ მასწავლებლებსაც, რომლებიც კონკრეტულ საგნებს ასწავლიან, თუმცა ამ საგნებში კომპეტენცია ჯერ არ დაუდასტურებიათ, ამისთვის კი მათ მომდევნო 2 წელი ექნებათ. ახალი სახელფასო სისტემის ახალ ფორმულას ჰყავს კრიტიკოსებიც, მათ შორის - ინგლისურის მასწავლებელი თამარ ცანავა.

ახალი რეფორმა სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდის გარანტია განათლების მინისტრისთვის. გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ საბაზო ხელფასის გაზრდა თავად პედაგოგების მოთხოვნა იყო. ამბობს იმასაც, რომ პრობლემა არც საათების გადანაწილებაზე შეიქმნება.

მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა და ხელფასი საქართველოს 2000-ზე მეტი საჯარო სკოლის 52 ათასზე მეტ სტატუსიან მასწავლებელს მოემატა.