"უფრო მეტსაც გეტყვით, საზოგადოებამ რომ იცოდეს, ამერიკული ინვესტიცია კერძო სექტორში არ არსებობს ასეთი ფენომენი, მაგრამ მილიარდობით ფული ჩაასხეს - ასე იყო ენჯეო სექტორი, აი, უსამშობლოები რომ დარბიან დღეს" - ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

უსამართლო და გაუგებარი - ასე აფასებენ "ქართულ ოცნებაში" სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი იმედგაცრუებას გამოთქვამს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო, ანაკლიის პორტის განვითარების უფლება ჩინურ კომპანიას გადასცეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს.

სენატორი შაჰინი ამბობს, რომ საქართველომ პორტის განვითარების კონტრაქტი დასავლურ კომპანიებთან გაწყვიტა. პასუხად სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშილმა დაწერა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითია. ამ პროექტზე ღია საერთაშორისო ტენდერი ერთი წლის წინ ჩატარდა, თუმცა არცერთ ამერიკულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სენატორი შაჰინი ცდილობს, ისეთი განცხადებები აკეთოს საქართველოს მიმართ, რომ ქვეყანა შეურაცხყოფილი რჩება.

"მოკლედ ეს შაჰინი, ქალბატონი სენატორი არ გვანებებს თავს, მაინც ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს, ან რაღაც ისეთი თქვას, რომ ჩვენ შეურაცხყოფილები ვრჩებით მერე.

ქალბატონო შაჰინ, კიდევ ერთხელ გიხსნით, თქვენ და თქვენს ქვეყანას, თქვენს ლიდერს ბატონ ბაიდენს და მანამდე კიდევ ვინც იყავით, დიდი დრო გქონდათ, რომ ინვესტიცია განგეხორციელებინათ, ვინ დაგიშავათ. პირიქით, ჩვენ ველოდებოდით, რომ რაღაც ინტერესს მაინც გამოხატავდით, არც ტენდერში მიგიღიათ მონაწილეობა და ახლა რაღაც პრეტენზიები გაქვთ.

უფრო მეტსაც გეტყვით, საზოგადოებამ რომ იცოდეს, ამერიკული ინვესტიცია კერძო სექტორში არ არსებობს ასეთი ფენომენი, მაგრამ მილიარდობით ფული ჩაასხეს - ასე იყო ენჯეო სექტორი, აი უსამშობლოები რომ დარბიან დღეს. ჯერ რომ უცხო ქვეყნის დროშას ფიცულობენ და შემდეგ უკვე პრიორიტეტია საქართველო და ქართული ინტერესები, ესენი გამოზარდეს. აქ კი, ამაში ვეთანხმები, დანარჩენი ვინ დაგიშალათ?“ - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.