შოთა ბერეკაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 66-ე სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

შოთა ბერეკაშვილი

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 66-ე სხდომაზე, რომელიც ბორჯომში იმართება, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, საქართველო შავიზღვისპირა რეგიონში თანამშრომლობას ეკონომიკური და სტრატეგიული უსაფრთხოების საყრდენ ქვაკუთხედად მიიჩნევს, შავი ზღვა კი მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის და ის ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ღერძს წარმოადგენს, რომელიც ევროპასა და აზიას აერთიანებს.

„დღეს გლობალური ეკონომიკა ახალ ფაზაში შედის, სადაც ხელოვნური ინტელექტი და განვითარებული მონაცემთა ინფრასტრუქტურა ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. Goldman Sachs-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვამ შეიძლება გლობალური მშპ დაახლოებით 7%-ით გაზარდოს, ხოლო McKinsey პროგნოზირებს, რომ 2030 წლისთვის ამ სექტორში ინვესტიციები 7 ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს და მონაცემთა ცენტრებზე გლობალური მოთხოვნა მომდევნო ხუთ წელიწადში 3.5-ჯერ გაიზრდება.

ამგვარი გარდაქმნა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა. ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფები, განახლებადი ენერგიის წარმოების მაღალი წილი, ხელსაყრელი კლიმატი და მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობა იდეალურ პირობებს ქმნის მასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარებისათვის. ამასთან, საჯარო სერვისების სრულად გაციფრებული სისტემა და გამჭვირვალე მონაცემთა მმართველობა საშუალებას გვაძლევს, ეკონომიკური ზრდისათვის ეს ინფრასტრუქტურა ახალ პლატფორმად ვაქციოთ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობა ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას ეროვნულ პრიორიტეტად მიიჩნევს და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი - ქვეყნის ყველაზე დიდი პროექტი ციფრული ეკონომიკის სფეროში, ამ ხედვის ნათელი მაგალითია, რომელიც საერთაშორისო IT სკოლას, 1000-მდე სტუდენტს მოიცავს.

„პროექტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ახორციელებს, რომელმაც უკვე დააფინანსა 500-ზე მეტი სტარტაპი და 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო ინოვაციურ ბიზნესებში. ჩვენი მიზანია, რომ ეს ტექნოლოგიური გარდაქმნა შავი ზღვის რეგიონის საერთო განვითარების სივრცე გახდეს, სადაც ინოვაცია, ენერგეტიკული მდგრადობა და ეკონომიკური თანამშრომლობა ერთმანეთს გააძლიერებს. ამ ხედვის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი შავი ზღვის წყალქვეშა ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელის პროექტია - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული ინიციატივა, რომელიც მიზნად ევროპისა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის ციფრული დაკავშირების გაძლიერებას ისახავს. ეს ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაზრდის მონაცემთა გადაცემის სიჩქარესა და მოცულობას, ამასთან, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთდაკავშირებულ ეკონომიკურ სივრცედ გარდაქმნას.

საქართველო მზად არის აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში - გამოიყენოს თავისი ენერგეტიკული, გეოგრაფიული და ციფრული უპირატესობები, რათა ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრი გახდეს რეგიონში“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.