საქსტატი: 2024 წელს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 150 მლრდ ლარი შეადგინა

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2024 წლის ბოლოსთვის 150.7 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 5.1 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით.

საქსტატის ცნობით, 2024 წლისთვის მთლიან აქტივებში ფინანსური აქტივების მოცულობა 33.1 მილიარდი ლარი იყო.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 6.6 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი – 56.0.

2024 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 82.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 22.6 მილიარდ ლარს. 2024 წლის ბოლოსთვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან 17.3 მილიარდი ლარი წარმოადგენდა ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი, იგივე საგარეო ვალი 12.0 მილიარდ ლარს შეადგენდა. კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2024 წლის ბოლოსათვის 68.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2024 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 3.2 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო მთლიანი შემოსავლები – 20.6 მილიარდ ლარს.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 12.8 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით 2.0 მილიარდი ლარი იყო. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებისგან მიღებული სესხების მიხედვით – 164.5 მილიონ ლარს, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით 959.8 მილიონ ლარს შეადგენდა.