ნახევარი მილიონი, ალბათ, ნებისმიერი ფედერაციისთვის დიდი დანაკარგია - ლევან სალუქვაძე სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების საქმეზე

ლევან სალუქვაძე

სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ფაქტზე დაკავებულია ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი. საქართველოს პროკურატურამ ის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე აიყვანა.

კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 2019-21 წლებში, ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, ამ გაერთიანების ფული საბანკო ანგარიშებიდან ბანკომატების გამოყენებით გამოიტანა და მიისაკუთრა.

საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ლევან სალუქვაძემ.

"ჩვენთვის ყველა დეტალი უცნობია. როდესაც ჩვენ მოვედით ფედერაციაში ჩვენი გუნდით, ვახტანგ მეიფარიანი როდესაც აირჩიეს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, შემოვიყვანეთ აუდიტი, მერე კერძოს მოყვა სახელმწიფო აუდიტი, შემდეგ სპორტის სამინისტროს სპეციალური აუდიტი და მათი საბუთების საფუძველზე დაინტერესდა პროკურატურა, აღიძრა საქმე, იყვნენ მოსული შესაბამისი ორგანოებიდან ფედერაციაში, გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვეს და წაიღეს. ნახევარი მილიონი, ალბათ, ნებისმიერი ფედერაციისთვის დიდი დანაკარგია. იმ პერიოდის, დაახლოებით, 40-50%", - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.