აბიტურიენტთა საყურადღებოდ! - 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლდა
1786356322
საქართველოში ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASPs) ბაზარი საქართველოს ეროვნული ბანკის მკაცრი რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ფუნქციონირებს, რაც სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, განაცხადა საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით კიკვიძემ. მისი თქმით, სებ-ის მოქმედი რეგულირების ჩარჩო საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს ეფუძნება და მის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კომპანიებისთვის მკაფიო მოთხოვნებს აწესებს. დავით კიკვიძის განმარტებით, ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები ვალდებული არიან დაიცვან როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო მოთხოვნები, მათ შორის, საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული პრინციპები. „შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ყველა სუბიექტი ზედმიწევნით იცავს არსებული რეგულაციებით დადგენილ მოთხოვნილ, მათ შორის საერთაშორისო სანქციებს და სხვა შესაბამის საკანონმდებლო, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო აქტებს“, - განაცხადა დავით კიკვიძემ. მან ასევე დასძინა, რომ დასანქცირებული კომპანია ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტი არ ყოფილა და ეროვნული ბანკისთვის ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის სტატუსის მისაღებად არ მიუმართავს. „დასანქცირებული კომპანია არ წარმოადგენდა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტს და რეგისტრაციის მისაღებად არ მიუმართავს ეროვნული ბანკისთვის. ასევე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულ კომპანიას უკვე შეუწყდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში“, - განაცხადა მან. მისი შეფასებით, კონკრეტული კომპანიის შემთხვევა არ უნდა განზოგადდეს საქართველოში ვირტუალური აქტივების რეგულირებულ ბაზარზე, რადგან ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტები შესაბამის მარეგულირებელ მოთხოვნებს ექვემდებარებიან. „ამრიგად, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზარი ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ჯანსაღად ვითარდება “, - დასძინა დავით კიკვიძემ.