ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
თუ ახალი საკუთრების შეძენა გვსურს, გვინდა სწავლის საფასური დავფაროთ ან ნებისმიერი მიზეზით თანხა დაგვჭირდა და ამისთვის სესხის აღება გადავწყვიტეთ, აუცილებლად მოგვიწევს გავეცნოთ პირობებს, რომლებსაც სხვადასხვა ბანკი გვთავაზობს.
პირობები კი მრავალნაირია - საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო პროდუქტის ასარჩევად, სესხის ტიპთან, შენატანების მოცულობასთან, ვადასთან, გადახდის გრაფიკთან, საკომისიოებსა და ჯარიმებთან და სხვა ფაქტორებთან ერთად აუცილებლად მოგვიწევს საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინება და იმის ცოდნაც, თუ რა განსხვავებაა ნომინალურ და ეფექტურ განაკვეთებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ სესხის აღებისას და არა მხოლოდ სესხის აღებისას ამ კომპონენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ბევრისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პირველად აქვს ბანკის თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტთან შეხება, დიდია ალბათობა, რომ განაკვეთის ორი ტიპი დამაბნეველი იქნება.
თუმცა, სანამ უშუალოდ მათ შორის განსხვავებებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია, განვმარტოთ, რას ნიშნავს საპროცენტო განაკვეთი.
მარტივად რომ ვთქვათ, საპროცენტო განაკვეთი არის ის ფასი, რასაც ჩვენ ფულის სესხებაში ვიხდით და რაც უფრო მეტია ის, სესხებაც მით უფრო ძვირი გვიჯდება.
ჩვენ სმარტფონებზე ყოველდღიურად უამრავ სარეკლამო შეტყობინებას ვიღებთ, მათ შორის, ბანკებისგანაც. ამ შეტყობინებებში წერია, რომ ახალი აქციის ფარგლებში ბანკი ჩვენ საუკეთესო პირობებით და დაბალ პროცენტში გვასესხებს თანხას. ჩვენ კი, ვისაც ფული გვჭირდება, ამ მიმზიდველი წინადადების განსახილველად ბანკში მისულები აღმოვაჩენთ, რომ სინამდვილეში, საბოლოო განაკვეთი ბევრად უფრო მეტი გამოდის, ვიდრე გვეგონა.
ეს მარკეტინგული ხრიკია მომხმარებლის მოსაზიდად - საფინანსოები ჩვენ ხშირად გვეუბნებიან ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც ხელშეკრულებაშია მითითებული, ასახავს უშუალოდ სესხის/დეპოზიტის თანხაზე დარიცხულ პროცენტს და არ ითვალისწინებს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს.
სესხის აღებას კი ბევრი ფარული ხარჯი ახლავს თან, რომელიც ჩვენ სესხს გვიძვირებს და ამ მასზე ხშირად ღიად არ საუბრობენ. ყველა ამ ხარჯს ასახავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საბოლოო გადასახდელი პროცენტი - ნომინალურ პროცენტს დამატებული ყველა საკომისიო, როგორებიცაა სესხის დამტკიცების, გატანის თუ წინსწრებით დაფარვის საკომისიო, ყოველთვიური სადაზღვევო პრემიები, ბარათიდან თანხის განაღდების საკომისიო და სხვა.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განსხვავებული შეთავაზებების ერთმანეთთან შედარების საუკეთესო საშუალებას იძლევა და როდესაც სესხის აღებისთვის რამდენიმე ბანკის ალტერნატივას განვიხილავთ, სწორედ ეს განაკვეთები უნდა შევადაროთ.
შესაბამისად, ერთი და იმავე ვადიანი სესხის პირობების შედარებისას, ისაა უკეთესი, რომელშიც ნაკლები ეფექტური საპროცენტო განაკვეთია მოცემული. მაგალითად, თუ ერთ ბანკში წლიური ნომინალური განაკვეთი 10%-ია და ეფექტური 15%, მეორე ბანკი კი წლიურად 5%-იან ნომინალურსა და 20%-იან ეფექტურ განაკვეთს გვთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ მეორეში ნომინალური განაკვეთი ნაკლებია, ჩვენ არჩევანი მაინც პირველზე უნდა გავაკეთოთ, სადაც მეორესთან შედარებით ეფექტური განაკვეთია უფრო მცირე.
როგორც წესი, სესხი რაც უფრო რისკიანია, მით უფრო დიდია სხვაობა ნომინალურსა და ეფექტურ განაკვეთებს შორის. მაგალითად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალი იპოთეკურ სესხებზეა, რადგან ამ ტიპის სესხი უფრო ნაკლებად პრობლემური ხდება, ვიდრე სამომხმარებლო ან სხვა სახის კრედიტი.