1728589908
ლაშა ხუციშვილი: ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ოთხმა ქვეყანამ, ესაა ძალიან დიდი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რეგიონისა და მათ შორის ევროკავშირისთვის, რათა ენერგოდამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს
პირველ რიგში, ვიტყვი, რომ დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ოთხმა ქვეყანამ, ესაა ძალიან დიდი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რეგიონისა და მათ შორის, ევროკავშირისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ამ ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონში ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
მისივე თქმით, საქართველო გახდება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ენერგეტიკული ჰაბიც რეგიონისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციის შემტანი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხში.
„აღნიშნული პროექტის ინიციატორი არის სახელმწიფო, ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყო საქართველოს მთავრობამ ამ პროექტზე მუშაობა, ჩვენ უკვე დაფინანსებული გვაქვს წინასწარი ე.წ. Feasibility Study, წინასწარი შესწავლა პროექტისა, რომლის საწყის ეტაპზე წინასწარმა მონაცემებმა აჩვენა, რომ პროექტი ძალიან წარმატებული შეიძლება იყოს ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ინვესტიციებს უკვე ვახორციელებთ. გარდა აღნიშნული სამუშაოებისა ჩვენ ფაქტობრივად შეთანხმებულები ვართ უკვე, რომ გეოლოგიურ კვლევებს, რომელიც შავ ზღვაში უნდა ჩატარდეს საქართველო დააფინანსებს 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით და პარალელურად ვფიქრობთ, რომ როდესაც დასრულდება საბოლოო ვერსია გაანგარიშების და შესწავლის პროცესის, უახლოეს პერიოდში დაიწყება მისი იმპლემენტაცია. ამ კუთხით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ენერგეტიკული ჰაბიც რეგიონისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, კონტრიბუციის შემტანი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.