ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა იზრდება - G&T ლარში დეპოზიტების ზრდაზე

ლარი

საინვესტიციო ბანკირები ლარის მიმართ დეპოზიტარების გაზრდილ ნდობას, ეროვნული ვალუტის სტაბილურობას და ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებენ.

G&T-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის, ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების გაზრდილი ლარიზაცია პირველ რიგში ლარის დამსახურებაა.

როგორც G&T-ში აცხადებენ, ქვეყნის ეროვნულმა ვალუტამ მოკლევადიანი ვოლატილობის შემდეგ შეძლო დასტაბილურება, რის შენარჩუნებასაც ბაზარი ელის გრძელვადიან პერიოდში.

ამასთან, ევა ბოჭორიშვილი აღნიშნავს გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობასაც, რაც კომპანიების შემოსავლების მატებაზე აისახება. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტორიც განაპირობებს ლარში დენომინირებული ანაბრების ზრდას.

„ეკონომიკის პროდუქტიულობა არსებითად მაღალია, ხარისხობრივი მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. გაზრდილია კონკურენცია, ფირმების რეგისტრაცია. გაუმჯობესებულია ფუნდამენტური ფაქტორები, მათ შორის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი. სავალუტო შემოდინებები სტაბილურია. დამატებულია ახალი ძლიერი წყარო, IT სერვისების ექსპორტიდან სავალუტო ნაკადები. აღნიშნული ფაქტორები განაპირობებს საფინანსო ბაზრის, სავალუტო ბაზრის და გაცვლითი კურსის არსებით სტაბილურობას.

სექტორში მიმდინარე მოთხოვნამდე ვადიან საანაბრე ანგარიშებზე თანხები ივლისში 800 მლნ ლარზე მეტით, 55.7 მილიარდამდეა გაზრდილი. II კვარტალში კი მომატებულია 3 მილიარდით.

საანგარიშო თვეში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი შემცირებულია, 48.5%-მდე. შესაბამისად პორტფელის ლარიზაციამ 51%-ს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დოლარიზაცია 50.8% იყო“, - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.