1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში კვარაცხელიების გვარზე წერს:
იმ პატარა ქალაქში, სადაც გავიზარდე, ეზოს მეზობლად კვარაცხელიები მყვანან. უცნაური გვარია კვარაცხელია. ბავშვობაში დავაკვირდი და ასე გამოდის, რომ თითო ასოს დაკლებისას, რაღაც აზრს მაინც ინარჩუნებს. აი, ნახეთ: ვა, რა ცხელია! ა, რა ცხელია?! რა ცხელია! ა, ცხელია?! ცხელია. ხელია. ელია. ლია. ია. ა.
ეს დიადი აღმოჩენა მათაც გავანდე და ძალიან გაუხარდათ. დიდწილად ხომ კვარაცხელიების მიდამოში ვთამაშობდი ოდესღაც ალბათ სახლის ასაშენებლად დაყრილ ქვიშის უზარმაზარ გორაზე - ისინი ოთხი, მე კი დედისერთა. შესაბამისად, უმეტესწილად ეს გვარი მესმოდა. ძნელად თუ ვიფიქრებდი, რომ ბავშვობისგან წლებით და თავგადასავლებით ასე გაქცეული, ფიქრებით და განცდით ზურგით მდგარი, ისევ ამ გვარს გავიმეორებდი ყველაზე ხშირად. ამიტომაც მგონია, რომ ოდისევსი უზუსტესი და მარად განმეორებული გმირია გარდაუვალი ადამიანური გეზით - წასვლის და დაბრუნების ძალიან დედამიწური მითით. აი, ახლაც, ვზივარ ეკრანთან და ისე ვიმეორებ, როგორც ოცდაათი წლის წინ - კვარაცხელია, ვა, რა ცხელია? ა, რა ცხელია! და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.