„ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა მოვექცეთ ქალაქს“ - რა ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი  სპორტის სასახლის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ „ეს არის მაგალითი, როგორ აღარ უნდა მოვექცეთ ქალაქს“.

„იყო დრო, თბილისის სპორტის სასახლე სიმწვანეში იყო ჩაფლული და კორპუსებით არ იყო მომხვრჩალი.
ჩვენი ურბანული სირცხვილი გახდა აქაურობა და ასევე, ეს არის მაგალითი, როგორ აღარ უნდა მოვექცეთ ქალაქს.

თავად სპორტის სასახლე 1957-61 წლებში შენდებოდა.

შენობა არქიტექტორებმა – იური კასრაძემ და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა დააპროექტეს.

გუმბათის კონსტრუქცია კი, რომლის დიამეტრიც 76 მეტრია, ინჟინერ დავით ქაჯაიას ეკუთვნის.

სპორტის სასახლე 10+2 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

გახსნის დღეს დარბაზი პირველად მაშინ გადაიჭედა. მეორედ კი თვეების შემდეგ, როცა ქართველი გულშემატკივრები თბილისის „დინამოს“ კალათბურთელებს დახვდნენ, რომლებმაც 1962 წლის 29 ივნისს ჟენევაში ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის „რეალი“ 90:83 დაამარცხეს.

მას შემდეგ სპორტის სასახლე არაერთხელ გავსებულა და არაერთი დიდი გამარჯვება მოუტანიათ ჩვენს სასპორტო გუნდებს“, - წერს გოგა ჩანადირი.