დიდი ხანი ვუყურე უფსკრულს თვალებში, გადავიხადე ხარკი... ამას იმ უამრავი ადამიანისთვის ვწერ ვისაც მაგალითი სჭირდება - გუკა რჩეულიშვილი მიმართვას ავრცელებს

guka rcheulishvili

გუკა რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს და მისი გამოჯანმრთელების ქრონიკებზე წერს.

საკმაოდ ემოციურ და ვრცელ წერილში გუკა იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც ცხოვრების თავიდან დაწყება სურთ.

ეს გზავნილი არის მესიჯი, როგორ შეიძლება აღსდგე ფენიქსივით. შეცვალო ცხოვრების წესი, რომელმაც გაგანადგურა...

თუმცა, ზედმეტ შესავალს სჯობს თავად წაიკითხოთ...

„ამჯერად უნდა დავწერო ჩემი გამოჯამრთელების ქრონიკებზე, პირველ რიგში ამას იმ უამრავი ადამიანისთვის ვწერ ვისაც მაგალითი სჭირდება, ასევე თვითდაჯერებისათვისაც.


წელიწადი და ექვსი თვე გავიდა რაც საღად ვაზროვნებ მანამდე კი 27 წელი ლეგენდარულად არაფხიზელი ვიყავი
არაფერია ცხოვრებაში მარტივი განსაკუთრებით მეტამორფოზა.

საკმაოდ რთულია წარსული პატერნების გადაპროგრამირება, ახალ აზროვნებით და ქცევით მოდელებთან ადაპტაცია, წარსული ბილიკების დავიწყება, გამოღვიძება და ილუზიების გარეშე რეალურ სამყაროსთან პირისპირ დარჩენა, რთულია მაგრამ უზომოდ საინტერესო.


საერთოდ ადამიანს ახლის მიღება ყოველთვის უჭირს, ჩვენ ხომ კონფორმისტები ვართ თან თუ დაკვეთას საკუთარი ალტერ-ეგო გვაძლევს დიდი სიხარულით ვემორჩილებით ამ არაცნობიერ იმპერატივს.

სულ მეგონა რომ ნარკოტიკების მიღება ჩემი არჩევანი იყო, მარტივად ვაპრავებდი ამას "თავისუფალი ნების" სახელით, ვაპრავებდი იქამდე სანამ თავისუფლება ბოლომდე არ წამართვა როგორ ფიზიკური, ასევე შინაგანი, მენტალური. დავეცი ბოლომდე მაგრამ როგორც კაზანძაკისი წერს; ღმერთამდე მიღწევა მხოლოდ ლუციფერს ძალუძსო რამეთუ ის უფსკრულიდან აფრინდებაო.

დიდი ხანი ვუყურე ამ უფსკრულს თვალებში, გადავიხადე ხარკი იმ პრივილეგიებისათვის რომელიც ბავშობიდან მხვდა წილად. ეხლა კი გამოვიღვიძე და ნაბიჯ-ნაბიჯ ცხოვრებას ვსწავლობ ახალი წესებით, შემიყვარდა ყოველდღიური რუტინა, დეტალებისგან სიამოვნების მიღება, სამყაროზე დაკვირვება უფილტრო სათვალით. მელანქოლიაც კი მაგრად ასწორებს)).

არა მართლა სიტყვა "რუტინა" ვინმეს რაიმე პოზიტიურ კონტექსტში რომ ეხმარა ჩემთან, ყველაზე ცოტა მაგრად დაიცინებოდა, ახლა კი სათნოებით კატეგორიაში მყავს აყვანილი რუტინული პრაქტიკები, თვითინვენტარიზაცია, მედიტაცია, ვარჯიში, ფეხით სიარული და განრიგში მოქცეული მუშაობა.

მორალისტობა არ მიყვარს, ყველას თავის გზა აქვს, უბრალოდ მარტივი ჭეშმარიტებაა რომ თავისუფლება და სიცოცხლე, ტყვეობას და სიკვდილს ჯობია, ამ სიტყვებს ჰიპოთეტური პათოსით არ ვიძახი ეს სიკვდილი სამწუხაროდ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია.

კანტმა თქვა, ბედნიერი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ის, ვინც იცის რომ ბედნიერების ღირსიაო,
ბედენიერბას ანუ დოპამინის ფეირვერკებს აღარ ვეძებ, რამეთუ მას შემდეგ რაც ცხოვრებამ თავის ბნელ დერეფნებში წლები მატარა სიმშვიდე მოვიპოვე და რაც მთავარი ვიცი რომ ის მეკუთვნის,
საერთოდ ადამიანს რაიმესი თუ გწამს, სულერთია "კაცობრიობა" იქნება ეს, "ღმერთი", "სინგულარობა" თუ "სიყვარული" მაშინ ყველაფერი შესაძლებელია და არასდროს არის გვიან ცვლილებებისათვის, deus ex machina ჩვენი ისტორიების უხილავი ნაწილია, მთავარია შეიცნო თავი შენი და შემდეგ იმოქმედო, გამოსავალი კი მხოლოდ მოქმედებაში არსებობს. 


ერთი სიტყვით ცხოვრება მართლაც რომ მშვენიერია და კრისტალური სიცხადით მასზე დაკვირვება კიდევ უკეთესი“, წერს გუკა რჩეულიშვილი.

გუკას წერილს ემოციური აღწერით ნინო დარასელი აზიარებს:

„ვინც თქვენი თავის,ან თუნდაც საყვარელი ადამიანის კარგად ყოფნის იმედი დაკარგეთ,გუკა იყოს თქვენთვის მაგალითი Guka Sanმა ფენიქსის მითი ჩემს თვალწინ გააცოცხლა“