ჩხუბი და გინება ბელიაშვილის ქუჩაზე - „წიხლი კი არა, ქვას ჩავარტყამდი, ვერ მოვასწარი...“

ჩხუბი ბელიაშვილზე

ცხოველთა უფლებადამცველები ძაღლზე ძალადობის მორიგ ვიდეოს ავრცელებენ, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ახალგაზრდა კაცი ჯერ უწყინარ ცხოველზე, შემდეგ კი თავად ცხოველთა უფლებადამცველზე, რომელიც მას დანაშაულზე მიუთითებს.

გავრცელებულ ვიდეოში მოძალადე მამაკაცი თავად ადასტურებს, რომ ძაღლს წიხლი ჩაარტყა. ვიდეოს ავტორთან შელაპარაკების დროს კი მასზე ხელით იწევს და აგინებს. შემთხვევა გუშინ, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ვიდეოში ასევე ნათლად ჩანს, რომ ძაღლი მომხდარის ადგილას მშვიდად დგას და მისი მხრიდან არავითარი აგრესია არ გამოვლენილა.

„წიხლს კი არა, ახლა ქვას ჩავარტყამ, წამოდი უნდა ვაკბენინო ამ ცოფიანს. ძაღლს კი არა, ახლა ამ ქვას შენ ჩაგარტყამ ისე, რომ იმის დედა ვატირე“. – ისმის მოძალადის სიტყვები ვიდეოში.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელში, მიუსაფარ ძაღლებზე ძალადობის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.

მეტიც, გასულ კვირას ვაზისუბანში მოქალაქემ მიუსაფარი ცხოველი იარაღით რამდენიმე გასროლით მოკლა. ასევე, მსგავსი შემთხვევა მოხდა წალკის რაიონში, სადაც ადგილობრივმა ძაღლი ყეფის გამო, სანადირო იარაღით მოკლა.