5 კიბეს ახტებოდა და ბოლომდე იძახოდა გამიშვით, ბავშვებო, მასწავლებელი ვარო - ადვოკატი მიწისძვრის შესახებ სახალისო ისტორიას იხსენებს

მიწისძვრა

საქართველოში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დმანისი იყო. ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.

მიწისძვრას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადვოკატი ნათია ჩხეტიანი 90-იან წლებში, მიწისძვრის დროს მომხდარ ერთ-ერთ სახალისო ისტორიას იხსენებს.

„ძალიან ძლიერი მიწისძვრა ყოფილა თბილისში, აქ არ გვიგრძვნია არაფერი. 90-იანებში მახსოვს როგორი პანიკა იყო. ვათენებდით ეზოში.

სკოლაში მერხები რომ დაიწყებდა რწევას, თან ძირს ცვიოდა ჩანთები და წიგნები იწყებოდა სრული ქაოსი.

ერთ დღესაც ვზივართ ისტორიის გაკვეთილზე, გელა კეთილაძე გვასწავლიდა ისტორიას, ჩემი რვეული, წიგნი გადავარდა ძირს, დაიწყო რწევა მერხმა, ჩამოვარდა დაფა, მივარდა მასწავლებელი კარებს, ჩაიკეტა კარი, ეჯაჯგურება მთელი ძალით.

ძალიან მაღალი კაცი იყო, მივცვივდით ყველანი კართან, გაიღო თუ გამოვგლიჯეთ აღარ მახსოვს. ეკვეხება ყველა კარებში, მასწავლებელი ყველაზე მეტად, არ ვუშვებთ არ გვიშვებს…

ბავშვებო არ გრცხვენიათ? გამიშვით მასწავლებელი ვარო და ლამის კარი გაანგრია, ისე გავარდა გადაგვასწრო ყველას, 5 კიბეს ახტებოდა და ბოლომდე იძახოდა გამიშვით ბავშვებო მასწავლებელი ვარო“,- წერს ნათია ჩხეტიანი.