1766497440
საქართველო ერთ-ერთი იშვიათი მაგალითია გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ერთდროულადაა მაღალი ეკონომიკა და დაბალი ინფლაცია - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენცია 2025-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში – „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში“.
პანელური დისკუსიის ფარგლებში, ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატების ჩართულობას, რისთვისაც სების პრეზიდენტმა მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ცენტრალურ ბანკებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. მისივე თქმით, გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა მოითხოვს უკეთეს თანამშრომლობას საფინანსო სექტორებს შორის და ამ მხრივ, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ახალი ფინანსური პროდუქტების დანერგვის კუთხით.
დისკუსიის ფარგლებში ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში მაღალი მდგრადობა აჩვენა გლობალური შოკებისა და გაურკვევლობის პირობებში, რასაც ადასტურებს ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიზნობრივ დონეზე დაბალი მაჩვენებელი, ფასების სტაბილურობა და ფინანსური სექტორის ჯანსაღი მდგომარეობა.
„მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი ძალიან იშვიათი მაგალითია გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ერთდროულადაა მაღალი ეკონომიკა და დაბალი ინფლაცია. ეს ძალიან იშვიათი შეხამებაა. ჩვენთან მაღალი ზრდაა და დაბალი ინფლაციაა იმის გამო, რომ პროდუქტიული დარგები ვითარდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ინფლაციის კონტროლი და მონეტარული პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით დადებით შეფასებებშიც აისახა და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ საერთაშორისო ნდობას აძლიერებს.
ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათი მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ეკონომიკური შოკების მიმართ ქვეყნის მდგრადობას ზრდის და საინვესტიციო გარემოს დამატებით ამყარებს.
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველო მედეგია, ეკონომიკამ გაუძლო შოკებს და ზოგადად პოტენციურადაც გაუძლებს შოკებს და იჩენს მედეგობას მიუხედავად გეოპოლიტიკური ვითარებისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები. ეს არის ჩვენი ბუფერი, რომლითაც ჩვენ ვპასუხობთ გამოწვევებს“, – დასძინა ნათია თურნავამ.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.










