„ვილი სანიოლიმ საქართველო გააბედნიერა და სიამაყე დაუბრუნა ქართულ ფეხბურთს და ქართულ სპორტს“ - კახა კალაძე

სანიოლი

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვილი სანიოლს საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა. როგორც კახა კალაძემ საპატიო თბილისელების დაჯილდოების საზეიმო ცერემიანიზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სანიოლიმ ქართულ ფეხბურთს სიამაყე დაუბრუნა.

"მე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი საპატიო თბილისელის წოდებაზე, რომელმაც სრულიად საქართველოს შეაყვარა თავი. ის არ არის ქართველი, მაგრამ სულით, გულით, სისხლით, ხორცით, გაგებით არის ქართველი.

ჩვენ წლების განმავლობაში, როდესაც მე წინა ცხოვრებაში სპორტით ვიყავი დაკავებული, მოგვიწია ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობაც, თამაშიც, რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართ ყოველთვის გვქონდა განსაკუთრებული პატივისცემა და განსაკუთრებული სიყვარული, ის დღეს არის ჩვენი თანაგუნდელი, ის ჩვენთან ერთად ტიროდა, რამდენიმე თვის წინ. ეს ცრემლები იყო სიხარულის, სიყვარულის, სიამაყის, ცრემლები იყო, რომელმაც სრულიად საქართველო გააბედნიერა და სიამაყე დაუბრუნა ქართულ ფეხბურთს და ქართულ სპორტს. მინდა საპატიო თბილისელის წოდებაზე წარგიდგინოთ ვინი სანიოლი,"- განაცხადა კახა კალაძემ.